მთავარი,სიახლეები

ბათუმში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

26.04.2026
ბათუმში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

27 აპრილს, ბათუმში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისა და მშობლების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. სოლიდარობის აქცია ბათუმში 17:00 საათზე დაიწყება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ.

სიცოცხლის უფლება ჩვენი კონსტიტუციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ხელშეუხებელი უფლებაა, რომელსაც იცავს კანონი.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციას მართავენ თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის ეზოში.

ასე ათევენ მშობლები ღამეებს კანცელარიის ეზოში, შვილების გადასარჩენად.

მშობლები ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეებს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად წამლის თანხები გამოყოს ბიუჯეტიდან და ბავშვებს მათი სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტები შემოუტანოს უცხოეთიდან, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის.

როგორც მშობლები აცხადებენ, ჯანდაცვის მინისტრთან წამლების შემოტანაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.

მშობლები არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას მანამ, სანამ სახელმწიფო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და არ შემოიტანს ბავშვებისთვის წამალს. კანცელარიის ეზოში შეკრებილ მშობლებს პოლიცია არც კარვის გაშლის უფლებას აძლევს და არც პუფების შეტანის უფლება მისცა.

დღეს, 26 აპრილს, პოლიციას ასევე ჰქონდა მცდელობა, რომ პლედებიც წაერთმია მშობლებისთვის, თუმცა მოგვიანებით, მშობლებმა, კანცელარიის ეზოში პლედები შეტანა მოახერხეს.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომლის მკურნალობა 4 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს. ამერიკასა და ევროპაში ამ დაავადების მკურნალობის რამდენიმე თერაპია უკვე დამტკიცებული, მათ შორის მედიკამენტური. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, საფრთხე ექმნება ბავშვების სიცოცხლეს.

საქართველოში, დაახლოებით ასამდე ბავშვს აქვს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, რამდენიმე ბავშვი უკვე გარდაიცვალა მედიკამენტის არქონის გამო.

________________

მთავარი ფოტო: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები წამალს ითხოვენ.

________________

ამ თემაზე:

„თომას ბედი ჰქონია, რადგან აშშ-ში გაჩნდა“ – როგორ და რითი მკურნალობენ ამერიკაში დიუშენის დისტროფიას

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: