სიახლეები

გადახურული ქუჩა ბათუმში

28.07.2012 •
გადახურული ქუჩა ბათუმში

„ქუჩა მსუბუქი კონსტრუქციით გადაიხურება და გაკეთდება იმდაგვარად, რომ ამ ქუჩაზე მცხოვრებლებს მზის სხივი არ მოაკლდეს. სახურავი მსგავსი უნდა იყოს ცის და ღრუბლების, რომ არ შეიქმნას ილუზია, თითქოს ტყვეობაში ხარ. ქუჩას არ დასჭირდება ხელოვნური განათება, მხოლოდ დღის და ღამის ბუნებრივი განათებები იქნება. განიხილება ნოდარ დუმბაძის ქუჩის გადახურვაც, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის “  –  ამბობს მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი, ირაკლი სურმანიძე.

ბათუმის საკრებულომ მერიას ქუჩების გადახურვისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 300 ათასი ლარის გამოყოფაზე თანხმობა უკვე მისცა, თუმცა ირაკლი სურმანიძე აცხადებს, რომ დასრულებული პროექტი ამ დროისთვის არ არსებობს.  „გვაქვს ქართველებისა და უცხოელების მიერ წარმოდგენილი რამდენიმე ესკიზი და როცა რომელიმე შეირჩევა, მერე გახდება ცნობილი შემსრულებლის ვინაობა“ – ამბობს ის. მისივე განმარტებით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არის საორიენტაციო ღირებულებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო თანხა ცალკე იქნება გამოყოფილი: „რადგან ეს არის წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებების საგანი, მანამდე ვერ გავხდით საჯაროს პროექტის დეტალებს და ვერც იმას ვიტყვით, ვინ არიან ავტორები“.

ქუჩების გადახურვის თემა ბათუმში აქტუალური ხუთი წლის წინაც იყო. ამ საკითხზე 2008 წელს ბათუმის მაშინდელმა მთავარმა არქიტექტორმა ზვიად ბურჭულაძემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მემედ აბაშიძის ქუჩის გადახურვას აპირებდნენ: „იქედან გამომდინარე, რომ ბათუმი წვიმის ქალაქია, გაჩნდება ორი გადახურული ქუჩა-პასაჟი. წინასწარი პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი იქნება მემედ აბაშიძის ქუჩა, სადაც პირველ სართულზე მაღაზიები და ბუტიკები იქნება განთავსებული. მეორე ქუჩა რომელი იქნება, ჯერ არ ვიცით… ეს სამწლიანი პროგრამაა“.

მერიის ხუთი წლის წინანდელი „სამწლიანი პროგრამა“ არქიტექტურის  სამსახურმა საკრებულოს სხდომაზე მოუმზადებლად წარმოადგინა, რის გამოც, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ, საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკოლოგი ნოდარ ჩხეიძე, რომელიც ოთხი წლის წინ აჭარის მთავრობის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე იყო, ამბობს, რომ ქუჩის გადახურვის პროექტი ლევან ვარშალომიძეს რამდენიმე წლის წინ პირადად შესთავაზა: „მონახაზი მე და გია ბაღოშვილმა გავაკეთეთ, სულ რაღაც რვაასი ათასი ლარი ჯდებოდა, ახლა კი ორ მილიონს იხდიან. ჩვენ არა მემედ აბაშიძის, არამედ ყოფილი ბლაგოევგრადის ქუჩის გადახურვას მივიჩნევდით გამართლებულად, რადგან პატარა ქუჩაა, მხოლოდ ორსართულიანი სახლები დგას და თანაც პირველ და მეორე სართულებზე ძირითადად მაღაზიები და ოფისებია განთავსებული. მზიან ამინდში სახურავის გადახსნაც იქნებოდა შესაძლებელი“. 

ნოდარ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ქუჩის გადახურვა, სადაც ადამიანები მუდმივად ცხოვრობენ, დაუშვებელია: „გადახურვის შემთხვევაში მოსახლეობა მეორადი სინათლის მიმღები ხდება, რაც ძალიან ცუდია. ასეთ დროს ბიოლოგიური რიტმი დაირღვევა, რადგან ადამიანმა ულტრაიისფერი სხივების პროცენტული რაოდენობა პირდაპირი დასხივებით უნდა მიიღოს. ეს იმ ადამიანების უფლებებს დაარღვევს, ვინც გადახურული ქუჩის ქვეშ მუდმივად იცხოვრებს“.   

„ბათუმელები“ არქიტექტორ გია რამიშვილსაც ესაუბრა. იგი ამბობს, რომ ბათუმში ქუჩების გადახურვის პირველი მცდელობა 80-იან წლებში იყო: „მოსკოვიდანაც ჩამოვიდა არქიტექტორთა ჯგუფი, მაგრამ იდეა მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწუნა. ჩემი პოზიციაც უარყოფითია, რადგან ბათუმში ამის აუცილებლობა არ არის. მაშინ ეს ითვლებოდა ძალიან მაღალ სიტყვად არქიტექტურაში, მაგრამ დღეს ეს არის ჩვეულებრივი პასაჟი და ევროპაშიც ძირითადად იხურება სავაჭრო ქუჩები, ბათუმში კი ამის აუცილებლობა არ არის. ვფიქრობ, გაუაზრებელი იდეაა, გარდა ამისა, ბევრ ტექნიკურ სირთულესთან არის კავშირში, თუნდაც იმ შენობების განიავებასთან,  რომელიც სახურავის ქვეშ დარჩება. ადამიანებს ქუჩას ვერ გადაუხურავ, რადგან მათი ოთახები მეორადი შუქით განათებული გამოვა“. 

გადაბეჭდვის წესი