მთავარი,სიახლეები

მსახიობი და ფოტოგრაფი დაშორების შემდეგ 

30.05.2012 • 4242
მსახიობი და ფოტოგრაფი დაშორების შემდეგ 

ბათუმში გამორჩეული წყვილის – ირაკლისა და მეგის ქორწინება ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეგობრობით დასრულდა. ისინი ერთი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ჰყავთ წლინახევრის ქალიშვილი – მარიამი. დღეს ამბობენ, რომ თუნდაც შვილის გამო ღირს ოჯახის შენარჩუნება, თუმცა მეგობრობის სურვილი განქორწინების შემდეგ ირაკლის იდეა იყო.

მსახიობი მეგი კობალაძე და ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძე კლასელები არიან. მათი სასიყვარულო ისტორიაც ამ წლებს უკავშირდება. თუმცა, სერიოზული გრძნობა მოგვიანებით მოვიდა.

ირაკლი: „მეგი მცემდა ხოლმე სკოლაში:) ჰოდა, ერთხელაც კლასელების ხელმოწერები შევაგროვე და გავარიცხინე დირექტორს სკოლიდან:) მერე ოთხი წლით პეტებურგში წავედი,  რომ ჩამოვედი, ურთიერთობა ისევ განახლდა, მეგი ყოველთვის მომწონდა და მინდოდა.“

  • მეგი, როგორ ცხოვრობ? რას საქმიანობ?

არაფრით არ ვარ დაკავებული, ვარ მარიამთან, მეგობრებთან ერთად, ვუყურებ ფილმებს. ორი წელია აღარ ვარ თეატრში, ისე მოხდა, რომ არ დამაკავეს როლებით. ახლა უფრო მიჭირს, თავიდან ასე ვერ ვგრძნობდი. დრო რომ გავიდა, ჩემს თავში დავიწყე სხვა სიახლეების ძიება, წერა მიყვარს, ამაზე გადამაქვს ხოლმე ემოციები. ბევრი საინტერესო რამეა, რაშიც შეიძლება გამოსცადო შენი თავი, თავისუფალი დრო მაქვს და დავწერე პიესა, მალე დავასრულებ კიდევ ერთს.
მე და ირაკლი როცა დავშორდით, ბევრს ვფიქრობდი, მერე ვაკვირდებოდი დაშორებულ წყვილებს და თავს ვეკითხებოდი: – რატომ ხდება ასე? – ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, მაგრამ ერთად ვერ არიან და დავწერე 30-წუთიანი პიესა. ახლა ვწერ 60 წლის მამაკაცზე, რომელიც ვერ შედგა, ვერ რეალიზდა, რეალური ისტორიაა. ვიცნობ ადამიანს, რომელიც გახდა ჩემი შთაგონება, ის ახალგაზრდაა, თუმცა სხვა ასაკში წარმოვიდგინე.

  • საჯარო გახდება ეს პიესები და სხვა ნაწერები?

ამაზე არ ვფიქრობ, ირაკლის მამა, კაკო თუ იტყვის, რომ მოეწონა, გავაგრძელებ წერას.

  • და თუ იტყვის, რომ არ მოეწონა?

არ დავანებებ, თუმცა ამბიციაც აღარ მექნება.
ბევრი რამეა, რისი კეთებაც მიყვარს – მარიამთან ერთად თამაში, ცეკვა, სეირნობა, მუსიკა, კითხვა, მეგობრები, მარიამი ბოლომდე მავსებს, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც ეგოს გარეშე მიყვარს, მან დადებითისკენ შემცვალა. რაზეც არ მიფიქრია, ახლა დავიწყე ფიქრი, უფრო დამთმობი, თავშეკავებული გავხდი, იმასაც მივხვდი, რომ ცხოვრება ღირს, ის მყავს და უფლის ნებით კიდევ ბევრი შვილი მეყოლება.

  • სპონტანური გადაწყვეტილებები ხშირად მიგიღია?

დაგეგმილი ცხოვრება არ გამომდის, რაც დავგეგმე, ყველაფერმა კრახი განიცადა, მივყვები დინებას. სულ მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი, რაც არ გამოდიოდა,  ჩემი ბრალი იყო, ახლა აღარ ვარ ასე, გავიზარდე და მიმაჩნია, რომ აზრი არა აქვს იძახო – ჩემი ბრალია. ემოციური კი ყოველთვის დავრჩები. ემოციურობით საკუთარ თავს უფრო ვღლი, ვიდრე სხვას. მომწონს და მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ.

  • დაშორების შემდეგ ხშირად გიფიქრია ვინმეს ბრალეულობაზე, საკუთარ შეცდომებზე თუნდაც?

თუ ადამიანს აღარ უყვარხარ, რა სისულელეა ამ კითხვის დასმა, ორივეს შეცდომა იყო ეს, ორივემ დავაშავეთ სადღაც. არც იმას ვამბობ, რომ ეს რომ არა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა,  მეც და ირაკლიმაც დავუშვით შეცდომები. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა იყოს, ახლა ვმეგობრობთ და ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, რომ იმიტომ ვმეგობრობთ, რომ შვილი გვყავს. არა, ირაკლი რომ არ მიყვარდეს, გამორიცხულია ნებისმიერი ურთიერთობა, ის მიყვარს, როგორც ადამიანი, ძალიან ახლობელია ჩემი.

  • როცა დაშორდით, მეგობრობის იდეა ვის გაუჩნდა?

ჩემთვის რომ გეკითხათ, გამორიცხული იყო ეს, იმიტომ, რომ გაგიჟებით მიყვარდა… ირაკლის კი ძალიან უნდოდა მეგობრობა, დედას გეფიცები, დღემდე ვითვალისწინებ ირაკლის აზრს. იმ დროს გაღიზიანებული ვიყავი, მიყვარდა და მისი მეგობრობა ვერ წარმომედგინა, დრო გადის და ეგუები რაღაცებს, თავიდან დაიბადა სხვა გრძნობა.

  • ირაკლი, რას საქმიანობ?

ჩემი საქმე ფოტოგრაფიაა, ფინანსური კუთხითაც მინდა მომგებიანი გავხადო ჩემი პროფესია. ვაპირებ ევროპაში 5-6 თვით სასწავლებლად წავიდე.
როცა პრობლემები მქონია, ხშირად გავსულვარ ქალაქიდან სამოგზაუროდ, მეგისაც რომ დავშორდი, წავედი. ბოლოს მივხვდი, რომ შენ საკუთარ თავს ვერ გაექცევი, საკუთარ თავთან უნდა მოაგვარო რაღაცები, ეს მოგზაურობა კი ბუნებრივია სიახლეს, კავშირებს მაძლევს. მთელი ცხოვრება ვცდილობ, ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება ვისწავლო.
პირველი პერსონალური გამოფენა მქონდა უკრაინაში, 2008 წლის 28 აგვისტოს, ბათუმში ჯერ არ მქონია, იმიტომ, რომ არ მინდა მნახველი მოვიდეს, ნახოს,  შეაფასოს მხოლოდ, ესეც კარგია, მაგრამ,  მინდა, უფრო საინტერესო გამოვიდეს, სანახაობრივი იყოს.

  • იცი, ახლა გისმენ და ასე მგონია, რომ მეგისთან თანაცხოვრების პერიოდშიც კი საკუთარ თავზე ფიქრობდიასე იყო?

კი, მე თვითონ ვარ ასეთი ადამიანი, ვფიქრობ საკუთარ თავზე, ბავშვობიდან ასე ვარ. ყველას უყვარს საკუთარი თავი, თუმცა ეგოისტი არ ვარ, პასუხისმგებლობის გადაბარება არ მომწონს, მე თუ რაღაცას ფოტოგრაფიაში მივაღწევ, იქნება ჩემთვის და ჩემი შვილისთვის.

  • როგორი ქალი უნდა იყოს შენ გვერდით?

სიმართლე გითხრა, მეგის რომ დავშორდი, ბევრი ქალი იყო, რომელთანაც შემეძლო ურთიერთობის დაწყება… მეგისგან ვისწავლე ბევრი, არა მგონია, კიდევ ვინმემ მომაწოდოს ის, რაც მან მომცა. ზოგჯერ მენატრება კიდეც ის ყველაფერი, ამ ეტაპზე ვერ ვნახე ის… არც ვეძებ. იშვიათად მჯერა ქალის და მამაკაცის მეგობრობის, ან ყველაფერი ვნებით მთავრდება, ან დიდი გრძნობით.

  • ერთმანეთს კარგად იცნობდით, მეგობრობის დიდი დრო გაკავშირებდათ, საერთო ინტერესებიც გქონდათ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი..

მეგიმ მონათლა დეიდაჩემი, მერე გაჩნდა ათასი კითხვა, ჩავედით თბილისში საპატრიარქოში, ქორეპისკოპოსთან მივედით, კურთხევა მოგვცა, 22 წლის ასაკში დავქორწინდით. არ ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვით. როცა ადამიანი გიყვარს, გინდა მასთან ყოფნა, თუმცა არ მინდა, რომ  ჩემი შვილი, მარიამი 16 წლის გათხოვდეს. ეს იყო გრძნობების პიკი, შეგვეძლო ერთმანეთისთვის ყველაფერი მიგვეცა.
 მეგი: – არანაირი კომპლექსი არ გვაქვს  და ერთმანეთთან ყველაფერზე ვსაუბრობთ. ირაკლი ის ადამიანია, რომელსაც არასოდეს გავუშვებ და არც ის გამიშვებს. როცა დავშორდით, მეუბნებოდნენ, რომ დაწყნარდები და ა.შ. თავიდან, ბუნებრივია, ბევრი ემოცია მქონდა, დაშორებულები ბევრს ვჩხუბობდით, დათმობებზე მე მივდიოდი.

  • ღალატს აპატიებდი?

ირაკლი:  ვიცოდი, რომ მაპატიებდა, მე კი ვერასოდეს და ყოველთვის ვეჭვიანობდი მეგიზე.
მეგი: რამდენჯერმე დავშორდით და შევრიგდით, თუ ვთქვი, რომ არაუშავს ე.ი. გავატარე, ანუ არასდროს გავიხსენებ, თუ ადამიანი ჩემთან არის, სხვასთანაც რომ მიღალატოს, მაინც ჩემად ვთვლი.
ირაკლი: თუ ვარ ქალთან, ვარ ბოლომდე….
მეგი: ვერ ვიტან ისეთ ქალებს, რომლებსაც საყვარელი მამაკაცი ჰყავთ და მაინც ფლირტაობენ, მხოლოდ  იმიტომ, რომ აეჭვიანონ.
ირაკლი: ქალი შეიძლება ადვილად მომეწონოს, თუმცა მარტივი ხასიათი არ მაქვს, მორიელი ვარ:). უნდა იყო გააზრებული, გაწონასწორებული და კარგია, როცა ფინანსური მხარეც მოწესრიგებული გაქვს.
მეგი: ვიცი, რომ ირაკლის ცოლს პატივს ვცემ და ის მარიამისთვისაც ძალიან ახლობელი ადამიანი იქნება.

  • გული რაზე გწყდებათ?

ირაკლი: გადავიღე ფოტო „ბათუმელები“, გული მწყდება, რომ მეგი არ არის ფოტოზე.

მეგი: ბევრ რამეზე…

  • რაზე ოცნებობთ?

ირაკლი: მინდა სახლი მქონდეს ფლორენციაში, მიყვარს ის ადგილი, ორი სახლი  მინდა მქონდეს, ერთში მეგი და ჩვენი შვილი ცხოვრობდეს…
ერთი ისტორია გამახსენდა,  მეგის პრემირა უნდა ჰქონოდა, 30 დოლარი გვქონდა და 5 დღე უნდა გავჩერებულიყავით თურქეთში, „აიასოფიაში“ ვერ შევედით, 20 ლირა ღირდა ბილეთი, მაშინ ვთქვი, რომ მეგის გარეშე იქ არასდროს შევალ, მას შემდეგ ბევრჯერ ვიყავი თურქეთში, და ვიცი, რომ მეგის გარეშე იქ არასდროს შევალ.
მეგი: ირაკლი იმაზე კარგი ადამიანია, ვიდრე თვითონ ფიქრობს, ძალიან საინტერესო.

ირაკლი:  მეგიმ მასწავლა, რა არის სიყვარული. როცა მეგის მშობიარობას ვესწრებოდი, ვიღებდი ამ ყველაფერს, ის გრძნობა არასდროს დამავიწყდება, ყელში მომაწვა ემოცია.
მეგი: მინდოდა, ჩვენი ურთიერთობა ყოფილიყო საუკეთესო, ასე არ გამოვიდა, მაგრამ მაინც შედგა, იდეალური ურთიერთობა არ არსებობს. ვინმემ რომ მკითხოს, რატომ დავშორდით,  დღემდე არ ვიცი, როცა აზრზე მოვედი, აღარ ვიყავით ერთად, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ აღარ მიყვარდეს.
ირაკლი: გული მწყდება, რომ ერთად არ ვართ.
მეგი:  მეც.

იქნებ, ისევ შერიგდეთ?
მეგი: ახლა ამაზე არ ვფიქრობთ, თუმცა ვინ იცის, არაფერია გამორიცხული, თუ ერთად უნდა ვიყოთ, ისევ ვიქნებით:)

გადაბეჭდვის წესი