სიახლეები

„კამერების დამონტაჟებას წიგნები ეყიდათ სჯობდა“

30.05.2012 • • 1262
„კამერების დამონტაჟებას წიგნები ეყიდათ სჯობდა“

ავტორი: ქეთი ლაბაძე

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საკმარისი რაოდენობით არ არის სახელმძღვანელოები და მათ ქსეროასლების გადაღება უწევთ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბიბლიოთეკაში სტუდენტების შენიშვნებს იზიარებენ და ადასტურებენ, რომ რამდენიმე საჭირო სახელმძღვანელოს მხოლოდ თითო ეგზემპლარი აქვთ. უნივერსიტეტის რექტორი კი წიგნების შესაძენად დაგეგმილ ტენდერსა და ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე საუბრობს.

გიორგი ქარცივაძე საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის მეორე კურსის სტუდენტი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან „ფინანსების თეორიის“ გამოტანა ვერ შეძლო. მისი თქმით, ბიბლიოთეკაში ამ წიგნის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია, ამიტომ გიორგის მისი ქსეროქსზე გადაღება მოუწევს. ერთი გვერდის ქსეროასლის გადაღება ათი თეთრი ღირს, რაც სტუდენტებისათვის საკმაოდ ძვირია. „არანაირი შეღავათი არ გვაქვს სტუდენტებს, – ამბობს გიორგი. – გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს, სილაბუსში მითითებულია ძირითადად ძველი ლიტერატურა, რაც ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ სტუდენტების მოთხოვნის დონეც ძალიან დაბალია. როდესაც ვკითხულობთ, რატომ არაა წიგნები, გვპასუხობენ, რომ შემოვა, თუმცა როდის, არ ვიცი. ფაქტი ის არის, რომ წიგნები არ არის და შესაბამისად სწავლის ხარისხიც დაბალია.“

მენეჯმენტის მეოთხე კურსის სტუდენტი ქეთი სიამაშვილი ამბობს, რომ ხშირად ბიბლიოთეკაში მისულს წიგნი გატანილი დახვედრია: „მაგალითად, დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც სწავლების პროცესში გვჭირდება. თუ ერთი სტუდენტი გაიტანს, დანარჩენი ველოდებით. წიგნი კი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია, ხელიდან ხელში გადასვლითაც ძალიან ზიანდება.”
ქეთის ლაშა მგელაძეც ეთანხმება, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის მეორე კურსის სტუდენტი: „ბიბლიოთეკაში გრეგორი მენქიუს „ეკონომიქსის“ მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარია, მაკონელი ბრიუ კი მხოლოდ ერთია, როდესაც ერთი სტუდენტი მუშაობს ბიბლიოთეკაში ამ წიგნზე, მეორე სტუდენტს აღარ აქვს მუშაობის საშუალება.“

ლელა ცინარიძე ქართულ ენასა და ლიტერატურას სწავლობს და წიგნების დეფიციტი მასაც აწუხებს: „ბიბლიოთეკიდან წიგნის გამოტანა დასწრებაზეა. კეკელიძის სახელმძღვანელო ბიბლიოთეკაში სამუშაოდ ერთი ეგზემპლარია და სამოც სტუდენტს ევალება ამ წიგნის სწავლა, 10 სტუდენტს გატანილი აქვს ეს წიგნი, რამდენიმე სტუდენტს ერთდროულად ადგილზე მუშაობის საშუალებაც არ გვაქვს. ზოგიერთი გამოცემის შესახებ თავად ბიბლიოთეკარებმაც არაფერი იციან. ლიტერატურის თეორიისაა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ჟურნალი „სჯანი” რომ მოვიკითხეთ, გვითხრეს, რომ პირველად ესმოდათ. ისედაც ასე ძვირია სწავლის საფასური, წიგნების პრობლემა კი დამატებით თანხებს უკავშირდება, დღეში მინიმუმ 2 ლარის ქსეროქს ვაკეთებ.”

სტუდენტების შენიშვნებს, უნივერსიტეტში წიგნების დეფიციტის გამო, ბიბლიოთეკაშიც იზიარებენ. ბიბლიოთეკარი ლილი ტიკარაძე გვიდასტურებს სტუდენტების მიერ დასახელებული წიგნების რეალურ რაოდენობას: „კეკელიძის „ძველი ქართული ლიტერატურა“ 10 წიგნია გაცემული, დარბაზში სამუშაოდ დარჩენილია ერთი. არის შემთხვევა, როდესაც სამი სტუდენტი მოდის ერთად და წიგნი გასაცემად მხოლოდ ორს ხვდება, მესამე უკმაყოფილო რჩება. ბიბლიოთეკის ახალი წესებით ორი წიგნი რჩება დარბაზში სამუშაოდ, თუმცა, როგორც ჩანს, ამით ვითარება არ უმჯობესდება.“

ქალბატონი ლილი იმ წიგნებსაც ასახელებს, რომელთა მხოლოდ თითო ეგზემპლარია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში: „მაგალითად კაკაშვილის „დაზღვევა“ ერთი წიგნია. „ფინანსების თეორია“ ერთი ეგზემპლარია, თუმცა ჩვენ ქსეროქსიც გვაქვს გაკეთებული. მენქიუს „ეკონომიქსი“ 360 ბავშვს რომ ეყოს, იმდენი არ არის, თუმცა, საკმაოდ დიდი რაოდენობის წიგნები შემოვიტანეთ ახლა საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტიდან. მაკონელი-ბრიუს „ეკონომიქსი“ პირველი-მეორე თავი ხუთ ეგზემპლარად გაცემულია, თუმცა მესამე-მეოთხე ნამდვილად თითო ეგზემპლარი გვაქვს.“

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი ლელა თურმანიძე ამბობს, რომ ეს პრობლემა მისთვისაც ცნობილია: „მე მესმის სტუდენტების, უპირველეს ყოვლისა, ასოცირებული პროფესორი ვარ, ჩემთვისაა ძნელი მოსასმენი, როცა სტუდენტს წიგნი სჭირდება და უარის თქმა გვიწევს. ბიბლიოთეკამ წიგნების რამდენიმე ეგზემპლარი გადაიღო ქსეროქსზე, რადგან 2-3 წიგნი საკმარისი არ არის. ბიბლიოთეკას არ ჰყავს საკმარისი კადრები იმისთვის, რომ წიგნების სკანირება მოხდეს. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება. ვფიქრობთ, ზაფხულში სტუდენტები ჩავრთოთ ამ პროცესში და მათი დახმარებით შევძლოთ პრობლემის მოგვარება. სტუდენტებზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან მოხალისე ჯგუფები ხშირად გვთავაზობენ დახმარებას, სკანირებით საავტორო უფლებებსაც ვარღვევთ, თუმცა მზად ვართ, ეს გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტუდენტებს მასალები მივაწოდოთ.“

ლელა თურმანიძე ამბობს, რომ წიგნებს ბიბლიოთეკა ვერ შეიძენს, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მხოლოდ შემოსული წიგნების დამუშავება და დროული მიწოდება ევალებათ. ბიბლიოთეკის დირექტორს სახელმძღვანელოების დეფიციტის ერთ-ერთ მიზეზად უნივერსიტეტის წინა წლების ფინანსური კრიზისი მიაჩნია: „საერთოდ ვერ შემოდიოდა წიგნები, სწორედ ამ დროს ქვეყანაში რეფორმები მიმდინარეობდა, შეიცვალა წიგნები. უნივერსიტეტს შემოჰქონდა ახალი სახელმძღვანელოები, თუმცა არსებული მდგომარეობის გამო მხოლოდ 3-4 ეგზემპლარი. წიგნის შეძენასთან დაკავშირებით ერთი პრობლემაა, როგორც წესი, საქართველოში, ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები ცოტაა, როდესაც გამომცემლობა გამოსცემს წიგნებს, გათვლილია მასშტაბებიც. ჩვენი უნივერსიტეტის პროფესურა წიგნს ითხოვს მაშინ, როცა ნახავენ, რომ წიგნი კარგია. ამ დროისათვის კი წიგნი ბაზარზე აღარ არის. კანონით უნივერსიტეტს არა აქვს უფლება, შეიძინოს ხელზე გაყიდული წიგნები, რადგან იურიდიული პირია, საჭიროა ტენდერის ჩატარება. პროფესურამ მოხერხებულად უნდა გააკეთოს სია. უცხოური ლიტერატურის შემოტანა უფრო იოლია, მაგრამ სტუდენტების უმეტესობა ვერ ფლობს უცხო ენებს.“

უნივერსიტეტის რექტორი ალეკო ბაკურიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გასულ წელს წიგნების შესყიდვისთვის გამოყოფილი 300 000 ლარიდან ათვისებულ იქნა 80 ათასი ლარი: „ამჟამადაც ყველა დეპარტამენტმა წარმოადგინა აუცილებელი წიგნების სია, რომელიც სილაბუსით არის გათვალისწინებული და ამ დღეებში გამოცხადდება ტენდერი. ჩვენ ამას ვაკეთებთ ყოველწლიურად. თუ ბიბლიოთეკაში ავტორის ერთი ან ორი წიგნია, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის გაყიდვაში, ამიტომ საავტორო უფლებების დაცვით ვაკეთებთ ქსეროქსებს შიდამოხმარებისთვის. ბიბლიოთეკისთვის დამატებით შევისყიდეთ ასლის გადამღები აპარატი, რომ სტუდენტებს ასლის სახით მიეწოდოთ სახელმძღვანელო.“ რექტორი ამბობს, რომ ამჟამად ელექტრონულ ბიბლიოთეკას აკეთებენ: „გადაწყვეტილი გვაქვს, სალექციო მასალის ჩაწერა დისკებზე და სტუდენტებისათვის მიწოდება იქ, სადაც ქართულ ენაზე არ არის სახელმძღვანელოები.“

წიგნების დეფიციტის ფონზე მიმდინარე წელს ბათუმის უნივერსიტეტმა 64 სათვალთვალო კამერა შეიძინა და დერეფნებსა და დიდ აუდიტორიებში დაამონტაჟა. კამერების შესაძენად 64 ათასი ლარი უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო. კამერების დამონტაჟების ფაქტს უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები დადებითად არ აფასებენ. ლაშა მგელაძე: „ვფიქრობ ბიბლიოთეკის მომარაგება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ვიდეოკამერების დამონტაჟება, თუმცა აქ მეორე კუთხეცაა, ეს ფაქტი ხაზს უსვამს იმას, რომ უნივერსიტეტი ძალიან სუსტია კადრების შერჩევაში და არ ენდობა მათ. რექტორმა შეხვედრისას გაგვიმარტა, რომ კამერები ლექციის გაჯანსაღების მიზნით იქნა დამონტაჟებული, რომ კარგად წარიმართოს ლექცია და ადგილი არ ჰქონდეს პირად საუბრებს, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს პროფესორიდან.“ ლაშას გიორგი ქარცივაძეც ეთანხმება: „კამერების დამონტაჟებას, წიგნები ეყიდათ სჯობდა.“

გადაბეჭდვის წესი