„იცით როგორი სურათი დამინახავს? განსაკუთრებით იქ, სადაც ძალიან მწვავედ დგას ბავშვის ქცევითი პრობლემები და ბავშვის ქცევა არის უმართავი. მე ამას „ცხელი კარტოფილის ეფექტს“ ვეძახი, როცა ერთი უწყება გადაისვრის ბავშვს მეორეში, მესამეში და საბოლოო ჯამში ბავშვი უფრო რთული მდგომარეობით გამოდის ამ პროცესიდან, ვიდრე იყო დასაწყისში“- ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა. მას „ბათუმელები“ მოზარდების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ესაუბრა.

  • ქალბატონო მაია, ბავშვზე ძალადობა ან მოზარდების მხრიდან ძალადობაზე საუბარი ხშირად მაშინ გვიწევს, როცა უკვე ფაქტის წინაშე ვდგავართ. სახელმწიფო კი, თითქმის არასდროს საუბრობს პრევენციაზე, იმაზე, თუ რა გააკეთა ძალადობის შესამცირებლად. რა უწყობს ხელს ბავშვებსა და მოზარდებში ძალადობის გამოვლინებას და როგორია ამაზე ზრდასრული საზოგადოების პასუხი?

ის, რომ მოზარდთა დანაშაული ქვეყანაში გაზრდილია; ის, რომ არის მოზარდთა რაღაც დაჯგუფებები, რომლებიც ზიანს აყენებენ სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებს ან თავდასხმა ხდება მოქალაქეებზე და ასე შემდეგ,  ახალი არ არის.  ხშირად გვესმოდა ამის შესახებ და პირადად მეც გამიგია პროფესიონალებისგან, რომლებიც ძალიან წუხდნენ – „რა ვუყოთ ამ ბავშვებს?“

ბავშვი, რომელიც მაგალითად მიდის ბაზრობაზე, იპარავს კარაქს და მერე ამ კარაქს აბარებს სადღაც, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ – ასეთ არაერთ ფაქტზე მსმენია უშუალოდ სფეროს წარმომადგენლებისგან, მაგრამ ეს ფაქტები ყოველთვის განიხილებოდა კონტექსტში, რომ აი, კანონი არ გვივარგა, რადგან არ ითვალისწინებს მოზარდების დასჯას.

პოლიციელს უთქვამს ხოლმე, – „რა ვუყო ამ ბავშვს, სად წავიყვანო“ და ხშირად გულწრფელად წუხდა ამაზე. თუმცა ჩემი პასუხი ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთი – ასეთი მზარდი დანაშაული არანაირად არ არის კავშირში იმ ჰუმანურ კანონთან, რომელიც გვქონდა, რადგან უკვე აღარ გვაქვს.

ყოველთვის, მეც და ჩემი კოლეგებიც, როცა შეხება გვქონია რთული ან კრიმინალური ქცევის მქონე ბავშვებთან, ვამბობდით, რომ გამოსაძიებელია, ხომ არ არის ეს ორგანიზებული დანაშაული? ხომ არ სარგებლობს ამ კანონით კრიმინალური სუბკულტურა და იყენებს ბავშვების საწინააღმდეგოდ?!

  • მიგიღიათ პასუხი სახელმწიფოსგან როდისმე?

არასოდეს მომისმენია. ერთადერთი პასუხი, რაც მიმიღია, არის ის, რომ თვითონ არასრულწლოვანები, მაგალითად 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები ითრევენ 14 წლამდე ბავშვებს ამ ტიპის დანაშაულშიო. თუ ეს ასეა, ამასაც სჭირდება კვლევა და ზომების მიღება.

თუმცა, არავითარ შემთხვევაში ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გადავავსოთ ციხეები ბავშვებით. არასწორი იქნება ეს მიდგომა.

გასაგებია, რომ დაზარალებული ადამიანი ბრაზდება, რადგან მას არავინ უნაზღაურებს დანაკარგს და მერე ამბობს, რომ კანონი არ მუშაობს, მაგრამ ამ დროს, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ორგანიზებული დანაშაულისთვის სივრცე არ არსებობდეს ქვეყანაში.

დავუშვათ, პოლიცია ამჩნევს, რომ მოზარდი ჩართულია ასეთი ტიპის საქმიანობაში, ამ ბავშვს სჭირდება გამოკვლევა: სად ცხოვრობს, რა პირობებშია, რა გარემოში, რა რისკის ფაქტორები აქვს, რატომ არ არის, მაგალითად, ეს ბავშვი საღამოს საათებში სახლში, როცა მეორე დღის გაკვეთილებისთვის უნდა ემზადებოდეს…

ბევრი მიუსაფარი ბავშვია სხვათა შორის და ესეც ერთ-ერთი ნიშანია, რაზეც ხმამაღლა არავინ არ ლაპარაკობს. ამ დროს სახელმწიფომ უნდა გააჩინოს პრევენციული სივრცეები, ხომ?!

დანაშაულის პრევენციაში უზარმაზარი როლი აქვთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რადგან  პოლიცია ხომ აკვირდება გარკვეულ რეგიონებს, რომელიც მისი ზედამხედველობის ქვეშაა, ხომ იკვლევს ცხელ წერტილებს, იკვლევს ბავშვებს, რომლებიც ამ ცხელ წერტილებში ხვდებიან, ეს მონაცემები უნდა მიაწოდოს ადგილობრივ თვითმმართველობებს, მაგალითად ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ასე შემდეგ. უნდა არსებობდეს საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც შევლენ მაგალითად განათლების, ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს, კულტურის, სპორტის და ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები და ერთად დაგეგმავენ ისეთი გარემოს მოწყობას, რომელიც დაეხმარება ბავშვს.

ასე განაწილდება საქმე. მაგალითად, ზრუნვის სააგენტო, რომელსაც აქვს უფლებამოსილება შევიდეს ოჯახში, სწავლობს ოჯახს; სკოლა თავის საქმეს გააკეთებს, ოღონდ კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული და ეს არ უნდა გახდეს მთელი ქალაქის სალაპარაკო. ბავშვის უფლებების დაცვის ყველა მექანიზმები უნდა იყოს გათვალისწინებული.

ეს უნდა იყოს ჯგუფი, რომელსაც ექნება უნარი შეაფასოს და გააკეთოს ბავშვის სრული, ბიოფსიქოსოციალური კვლევა. აჩვენოს, რომელი ფაქტორები ახდენენ ბავშვზე გავლენას, გამოკვეთოს რისკები და თითოეულ ბავშვზე შეადგინოს ღონისძიების გეგმა.

შეიძლება რომელიმე ბავშვის მშობელი ღამის ცვლაში მუშაობს ან მარტოხელა მშობელი იყოს და ბავშვი იმ საათებში იყოს მეთვალყურეს გარეშე; შესაძლოა ბავშვი სიღარიბეში იზრდება ან უგულებელყოფილია ოჯახისგან და ამიტომ ატარებს მეტ დროს ქუჩაში… ეს არის მთელი რიგი კომპლექსური საკითხები, რომელიც უნდა შეისწავლოს სახელმწიფომ და ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ბავშვზე მორგებული ინდივიდუალურად.

  • როგორც ვიცით, მანდატურის სამსახურთან არსებობს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, რაზეც სახელმწიფო ხარჯავს ფინანსებს ბიუჯეტიდან და ადრე, როცა ჯერ კიდევ არ იყო სისტემა ბოლომდე ჩაკეტილი, გვქონდა ინფორმაცია, რომ 1000-2000 და მეტი ბავშვი გადიოდა ხოლმე წელიწადში ფსიქოლოგთან კონსულტაციას ამ ცენტრში. გამოდის, რომ ამ ინფორმაციასაც არ ამუშავებს სახელმწიფო დანაშაულის პრევენციისთვის?

ვერ გეტყვით. მანდატურის სამსახურთან, როგორც სუპერვაიზერს, არ მიმუშავია, თუმცა მაქვს ინფორმაცია მათი მუშაობის შესახებაც. იცით როგორი სურათი დამინახავს? განსაკუთრებით იქ, სადაც ძალიან მწვავედ დგას ბავშვის ქცევითი პრობლემები და ბავშვის ქცევა არის უმართავი – მე ამას „ცხელი კარტოფილის ეფექტს“ ვეძახი. როცა ერთი უწყება გადაისვრის ბავშვს მეორეში, მესამეში და საბოლოო ჯამში, ბავშვი უფრო რთული მდგომარეობით გამოდის ამ პროცესიდან, ვიდრე იყო დასაწყისში.

რატომ ხდებოდა ასე? იმიტომ, რომ არ იყო კოორდინირებული მუშაობა და ასეთი რთული შემთხვევის თავის თავზე აღება არავის არ უნდოდა.

  • პასუხისმგებლობებს იცილებდნენ თავიდან?

არიდება ხდებოდა, კი. ამიტომ ვამბობდი, რომ უნდა არსებობდეს ერთი პასუხისმგებელი ჯგუფი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე, რომელიც მოახდენს ბავშვის ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას და განსაზღვრავს, დავუშვათ, ინტერვენციის ფორმებსაც.

ვიღაცას შეიძლება საერთოდ არ სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება; ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყოს გამოსავალი; ვიღაცისთვის გამოსავალი შეიძლება იყოს სპორტულ აქტივობაში ჩართვა, ვიღაცას შესაძლოა სჭირდებოდეს თერაპია.

არსებობს ასეთი ფენომენიც, რომელიც ნაკვლევია კრიმინოლოგიაშიც და ფსიქოლოგიაშიც, რომ მოსვენებულ მდგომარეობაში ბავშვის გულისცემის რიტმი ძალიან დაბალია, რაც მძიმე აღსაქმელია ბავშვისთვის, ვერ ხვდება რაშია საქმე და ხშირად ბავშვები ამას აღწერენ როგორც სიცარიელის განცდას. ძალიან დისკომფორტულია ეს მდგომარეობა.

  • ამიტომ აქტიურობენ?

დიახ. მათ სჭირდებათ რაღაც სტიმულატორი, რომლითაც მათი გულისცემა ჩვეულებრივ ნორმას მიუახლოვდება. კვლევები გვეუბნება, რომ ცალსახად, ეს ბიოლოგიური ფაქტორი არ იწვევს კრიმინალურ ქცევას თუ ოჯახი, გარემო არის ბავშვზე ორიენტირებული, ზრუნავს ბავშვზე, ყურადღებას აქცევს და შესაბამის სპეციალისტთან მიჰყავს; როცა ოჯახი თამაშობს დამცავი ფაქტორის ფუნქციას, მიჰყავს ბავშვი ვთქვათ სპორტზე, სადაც დიდი ადრენალინია საჭირო და ეს ეხმარება ბავშვს ამ ბიოლოგიური პრობლემის დაძლევაში.

მაგრამ, თუ არ ჰყავს ბავშვს გარშემო არავინ, ვინც სწორად დაინახავს მის საჭიროებებს და ბავშვი ამ მდგომარეობის გამო გრძნობს დისკომფორტს, ვერ ხვდება რა სჭირს. დავუშვათ ბრაზობს, რაღაცას ამტვრევს, ასეთ დროს ადრენალინი თავისთავად იმატებს და გულისცემა ნორმას უახლოვდება, ბავშვი კი კარგად გრძნობს თავს. მშობელი და სკოლა კი ხშირად ამის გამო ბავშვს სჯის.

  • ესე იგი, ამ ფაქტორს არ იცნობს მშობელი და არც სკოლა? 

იმიტომ რომ ერთი სტანდარტი გვაქვს ქვეყანაში. ჩვენი სტანდარტია დასაჯო ბავშვი – „მკაცრი ხელი სჭირდება“, „რას ჰქვია ამას ბედავს“ და კიდევ სხვა მაგალითების მოყვანაც შემიძლია. იქ სადაც გულისცემის რიტმი დაბალია, შფოთვა, შიში არ არის. ამიტომ ეს ბავშვები ძალიან იოლად მიდიან სარისკო ქცევაზე.

ხოლო ბავშვისთვის, რომელსაც აქვს მაღალი შფოთვა და არ არის იმპულსური, მაღალი შფოთვა არის დამცავი ფაქტორი, რომ არ ჩაიდინოს კრიმინალური ქცევა. მას შედეგის ეშინია. მაგრამ ბავშვი, რომელსაც მაღალი იმპულსურობა აქვს და შფოთვა – დაბალი, იოლად მიდის რისკზე და რაც არ უნდა დასაჯო, არაფრის არ ეშინია.

აი, ამას, კვლევა უნდა, სპეციალისტი სჭირდება და ჩვენ გვყავს ამ ქვეყანაში სპეციალისტები, რომლებსაც თუკი სახელმწიფო მოინდომებს, შეუძლიათ ასეთი ტიპის ანალიზი გააკეთონ.

  • თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ნიადაგი მოამზადა არა ასეთი სისტემის ასამუშავებლად, არამედ შექმნა კანონები ბავშვების წინააღმდეგ, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის გამოკეტვას ითვალისწინებს 6 და მეტი თვით და არც ის ვიცით, რა სერვისს მიიღებენ აქ გამომწყვდეული ბავშვები. არის კი ეს გამოსავალი?

გამოკეტვა არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. გამოსავალია დღის ცენტრების შექმნა ისეთი ბავშვებისთვის, რომლებიც დღის მეტ ნაწილს ატარებენ ქუჩაში. ოღონდ ისეთი დღის ცენტრების არა, რომელიც დღეს გვაქვს. ისეთი დღის ცენტრების, სადაც ბავშვი რომ მივა სკოლის შემდგომ, ექნება კვება, სადაც იქნება შესაძლებლობა ვიღაცამ ამეცადინოს, სკოლისთვის მოამზადოს, თავისუფალ დროს  დაიტვირთოს სხვადასხვა აქტივობებით.

  • სისტემამ შესაძლოა თქვას, რომ ასეთ გარემოს შევქმნი მათთვის დახურული ტიპის შენობაში…   

ეს გამამართლებელი იქნება ისეთ შემთხვევაში, თუ ბავშვი მიუსაფარია ან აქვს ოჯახში ძალადობის, უგულებელყოფის რისკი და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში სახელმწიფო უნდა ხარჯავდეს ენერგიას, რომ იმუშაოს მშობლებთან. ბავშვის ოჯახიდან მოწყვეტა, მითუმეტეს ამ ასაკში, არის იმდენად გამოუსწორებელი ტრავმა, რაც არ უნდა კარგი ცენტრი დავახვედროთ იქ, ეს შედეგს ვერ მოიტანს.

ხშირად მომყავს ხოლმე ამერიკის ერთ-ერთი შტატის მაგალითი, სადაც რისკების შემცირების მიზნით ერთ-ერთ უბანში, სადაც იმატა კრიმინალის მაჩვენებელმა ღამის საათებში, ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა შექმნეს მოზარდებისთვის.

პოლიციამ შეისწავლა იმ უბნის ბავშვების ისტორიები, გადასცა საკოორდინაციო ჯგუფს და აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვების მშობლები ღამის ცვლაში მუშაობდნენ, ზოგს ჰყავდა მარტოხელა მშობელი ან ოჯახში ჰქონდა ძალიან კონფლიქტური სიტუაცია, რაც აიძულებს ბავშვს, რომ გარეთ გამოვიდეს ღამით. ამიტომ ამ ბავშვებისთვის მოაწყვეს კარგი სათამაშო მოედანი, მოუწყვეს ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი და ჩართეს ეს ბავშვები ამ აქტივობაში. დაახლოებით ერთ წელიწადში 30%-ით შემცირდა ამ უბანში მოზარდების დანაშაული.

აი, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რა უნდა გაკეთდეს ბავშვებისთვის.

დედაენის ბაღია ჩვენთან ერთ-ერთი დიდი თავშეყრის ადგილი ახალგაზრდებისთვის და აქ შეუძლიათ თვითმმართველობის სამსახურებს შექმნან ისეთი გარემო, რაც მოახდენს დანაშაულის პრევენციას და არა ის, რომ ასეთი ადგილები იქცეს ნარკოტიკების გასაღების ან ჯგუფური დანაშაულის ადგილებად.

საქართველოში პირდაპირ ბავშვის სტიგმატიზება ხდება, ჭორაობენ მერე ამ ბავშვებზე და მშობლებიც ეუბნებიან მასწავლებელს, რომ „მოაშორეთ კლასიდან“. არც პედაგოგებმა იციან ხოლმე როგორ დაელაპარაკონ მშობლებს და ისინიც ავტომატურად, თავდაცვის პოზიციაში დგებიან. პედაგოგი მშობელს აბრალებს, მშობელი – პედაგოგს და ბავშვი რჩება გვერდზე.

  • არის შემთხვევები, როცა მოზარდი არც მიუსაფარია და არც კონფლიქტურ გარემოში ცხოვრობს ერთი შეხედვით, მაგრამ მაინც ექცევიან კრიმინალურ ისტორიებში. ამ ბოლო დროს 2 გახმაურებული შემთხვევა იყო, თუმცა მეორე ამბავს მინდა შევეხო, როდესაც მოზარდებს მასწავლებლის მკვლელობა ედებათ ბრალად. აქ რა ტიპის პრობლემას ვაწყდებით?   

რა თქმა უნდა, ეს უკვე ისეთი ქმედებაა, სადაც კანონმა მთელი სიმკაცრით უნდა იმოქმედოს და მერე შესთავაზოს უკვე პატიმრობაში მყოფებს მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც მოზარდს მისცემს საშუალებას გაიაზროს, რა დააშავა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გაიაზროს მოზარდმა ზიანი, რაც სხვა ადამიანს მიაყენა.

თუმცა, ჩვენ საპირისპირო სურათს ვხედავთ. ფაქტობრივად, ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა საერთოდ მინიმალიზება მოახდინა ყველაფრის და თქვა, რომ „ეს უბრალოდ ჩხუბი იყო“. როგორ იყო უბრალოდ ჩხუბი, როდესაც ადამიანი არის გარდაცვლილი და ფაქტებიდან ჩანს, რომ მას სასტიკად გაუსწორდნენ.

  • ხშირად, საზოგადოებისგან ასეთი ფრაზებიც გვესმის, რომ „ბიჭმა ქუჩა უნდა იცოდეს“, „თავის დაცვა უნდა შეძლოს“, ამ ტიპის მიდგომის შედეგია ის, რომ მერე ბავშვები ვთქვათ დანაშაულის პირიპირ აღმოჩნდებიან?

ეს ბევრი რამის შედეგია და ამას მე კი არა, მეცნიერებაც ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რატომაც შეიძლება ბავშვი აღმოჩნდეს ასეთ ჯგუფში, არის ის, რომ მოზარდს აქვს მიკუთვნებულობის მოთხოვნილება. მოზარდობის ასაკში ჯგუფის წევრობა არის გადამწყვეტი, ასეთ დროს მოზარდი ეძებს საკუთარ ადგილს სამყაროში და თუ ვერ პოულობს, ეს ძალიან მატრავმირებელია მისთვის.

ბავშვი, რომელიც თავს გარიყულად გრძნობს ოჯახში ან სკოლაში და არ ჰყავს მხარდამჭერი, ბულინგის მსხვერპლია, ასეთი ბავშვი ეძებს ადგილს, სადაც მას მიიღებენ, დააფასებენ და აღიარებენ. როცა ასეთი ავთენტური გარემო მას არ გააჩნია, ის იძულებულია ეძებოს სხვაგან.

სხვა შემთხვევებში უფრო კულტურული ფაქტორები შემოდის. განსაკუთრებით ბიჭების შემთხვევაში, როცა მშობლები მძიმე ტვირთს კიდებენ ხოლმე და ეუბნებიან, რომ „ყველაზე მაგარი უნდა იყო“, „არავინ დააჩაგვრინო თავი“, „დაგარტყამენ და დაარტყი“ – ეს არის პირდაპირი შეკვეთა.

მინახავს ბავშვი, რომელიც დაჩაგრეს თანატოლებმა და სახლში, მხარდაჭერის ნაცვლად მამა შესაძლოა ფიზიკურად გაუსწორდეს ან დასცინოს – „შენ რა კაცი ხარ“. ეს ხომ ძალიან გავრცელებული ფენომენია, როდესაც ე.წ „ვაჟკაცობად“ აღიქვამენ იმას, თუ კუნთი გიჭრის.

  • ამ კულტურულ ფაქტორებს ალბათ ემატება ის რეპრესიული გარემოც, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, როცა სახელმწიფო თავად ძალადობს ადამიანებს და ამას უყურებენ ბავშვები?

დიახ. ბავშვი ხედავს, რომ მაგალითად, გამეტებით ცემენ თავში ადამიანებს, ურტყამენ სახეში და ეს მოძალადე დაუსჯელია. როცა ე.წ. ტიტუშკები ლანძღავენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ქუჩაში, დაუსჯელები არიან. ბავშვი ხედავს რომ ე.წ „საქმის გარჩევები მოსულა“.

  • პირდაპირ ეთერში ვხედავდით, სპეცრაზმის ყოფილი უფროსი როგორ სცემდა ხელებშეკრულ ადამიანს. ასეთი მაგალითები ახალისებს ძალადობას მოზარდებში?

რა თქმა უნდა. კარს უხსნის ყველა ასეთ ქმედებას. ეს არის მესიჯი ბავშვისთვის, რომ ვინც შენგან განსხვავებულად აზროვნებს, შეგიძლია ასე მოექცე. როცა სამართლებრივი სახელმწიფო გაქვს და პოლიცია თავის ფუნქციას ასრულებს, ადამიანის უფლების ყველა დარღვევას მოჰყვება რეაგირება. მასზე მიმართვას აქვს შედეგი.

  • და როცა პოლიციის ნდობა იკარგება, ამას მოჰყვება ეს ჩრდილოვანი საქმის გარჩევები?

ბულინგის შემთხვევა იყო, როცა ბავშვმა, ნაცვლად იმისა, რომ მანდატურისთვის ან მშობლის ეთქვა, იცით ვის დაურეკა? კრიმინალურ ავტორიტეტს. ამას მოჰყვა მერე ორი გახმაურებული მკვლელობა. ჩვენ ხომ ამის შემთხვევები გვქონდა ამ ქვეყანაში.

ეს ხდება მაშინ, როცა მშობლის ნდობა არ აქვს ბავშვს და არც სახელმწიფოს ენდობა.

  • როცა მშობელი ეუბნება – „შენი პრობლემა შენ უნდა მოაგვარო“?

არა მარტო მშობელი, ზოგჯერ მასწავლებელიც ეუბნება, – „ჩემთან რას მოდიხარ, ხელი არ გაქვს?“, „რას ეჩაგვრინები იმათ“. იცით რამდენი მომისმენია ასეთი ბულინგის შემთხვევების დროს? რამხელა შრომაა ჩადებული იმაში, რომ ბულინგის ცნობადობა გაზრდილიყო, მაგრამ ვხედავთ ამის საპირისპიროს.

ხშირად ბავშვი მიტოვებულია სახელმწიფოსგანაც და ოჯახისგანაც ბედის ანაბარა. ამიტომ პოულობს ალტერნატიულ გზებს, რომ ამას გაუმკლავდეს. შედეგები კი გვაქვს სავალალო. ეს აზარალებს ბავშვსაც და მთლიანად სახელმწიფოს. როცა ასეთი მაგალითები ბევრი გროვდება, ეს უკვე სიმპტომებია, რომელიც ყვირის, რომ ბავშვებს სჭირდებათ შველა, მაგრამ არა იმ გზით, როგორსაც ამას აპირებს სახელმწიფო.

  • დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა ადამიანებს ქუჩაში დგომის გამო იჭერენ. როცა თავად სახელმწიფოა რეპრესიული და მოძალადე, რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ის იზრუნებს ბავშვებზე?

ასეთ სახელმწიფოს მხოლოდ ის შეუძლია, რომ მიიღოს რაც შეიძლება მკაცრი კანონები და ყველა პასუხისმგებლობა მოქალაქეებზე გადაიტანოს. რა თქმა უნდა, ეს სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი არ არის.

ჩვენ შეიძლება მალე აღმოვჩნდეთ იმ რეალობის წინაშე, როგორიც იყო საბჭოთა კავშირში, – როცა გარკვეული კატეგორიის ბავშვებს თავს უყრიდნენ ბავშვთა სახლებში, ან ციხეებში და მათი სრული კრიმინალიზება ხდებოდა.

ის „რეფორმებიც“, რაც განათლების სისტემაში აქვთ დაგეგმილი, ხელს უწყობს იმას, რომ შეიძლება ძალიან მალე აღმოვჩნდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სამართალი არ არსებობს, სადაც განათლებას ფასი არა აქვს, სადაც ადამიანს ფასი არა აქვს.

და თუ ეხლა ის ადამიანები, რომლებსაც შვილები ჰყავთ, ფიქრობენ, რომ აქ გამოსავალი არის „მკაცრ ხელში“, კანონების კიდევ უფრო გამკაცრებაში, ეს ფაქტობრივად ჩაკეტავს და დაღუპავს ამ საზოგადოებას და გაანადგურებს თაობებს, რადგან ყველა ბავშვი ხომ არ არის რაღაც დაჯგუფებაში, ყველა არ იყურება მუშტზე, ძალიან ბევრი განათლებული ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც გააოცებენ საუკეთესო უნივერსიტეტებს, მაგრამ  ეს არ შედის, როგორც ჩანს, იმ ადამიანების პრიორიტეტებში, ვინც დღეს ამ ქვეყანას მართავს.

მათ უნდათ ჩაკეტილი, იოლად მართვადი, მონური საზოგადოება ჩამოყალიბდეს საბოლოო ჯამში.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version