მთავარი,სიახლეები

რა ამბობს გია ვოლსკი მოსალოდნელ შეწყალებაზე

16.01.2026
რა ამბობს გია ვოლსკი მოსალოდნელ შეწყალებაზე

ნათლისღების დღესასწაულისთვის პატიმრების შეწყალება იგეგმება. შეწყალების აქტს ხელს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოაწერს.

შეწყალებულ პირთა სია, სავარაუდოდ, 19 იანვარს გახდება ცნობილი.

არალეგიტიმური პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკიმ დღეს, 16 იანვარს, საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საბოლო გადაწყვეტილებას თუ ვის შეიწყალებს, ყაველაშვილი მიიღებს, თუმცა კონსულტაციებიც იქნება.

„მე არ მგონია, რომ ვინმე ადამიანს უნდა ჰქონდეს რაიმე დათმობა, მით უმეტეს, თუ ის არც უარყოფს იმას, რომ დანაშაული ჩაიდინა და არანაირი განცდა, არანაირი დარდი, წუხილი არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარ ქვეყანას აზიანებს. თუკი ადამიანებს ასეთი განცდა არ გააჩნია, რასაკვირველია, აქ შეწყალებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

თუკი ვიმსჯელებთ  გარკვეული თემებით, ემოციებით, სწავლებებით, რასაკვირველია, მოწყალება არის ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია. ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ უნდა დაინგრეს და ცეცხლში გაეხვეს საქართველო და ამას არ უარყოფს და არანაირ წუხილს ამასთან დაკავშირებით არ განიცდის, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, ძალიან ძნელია შეწყალებაზე ლაპარაკი.

რასაკვირველია, ყაველაშვილი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება ყველა მიმართულებით. ასე მგონია, რომ ამ კონსულტაციების გარეშე არ უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული,“ – თქვა გია ვოლსკიმ.

დაგეგმილ შეწყალებაზე კომენტარი გააკეთა სადავო პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმაც.

„პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ ჰუმანიტარული მიზნებით შეწყალების აქტი გამოსცეს. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე.

ოპოზიციას, გარდა პოლიტიკური ჭორაობისა, როგორც ვისმენთ ხოლმე, ყავაზე ნამკითხავების გრძელ ისტორიებს, სხვა, რა თქმა უნდა, აზრი არც გააჩნია,“ – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეწყალების აქტის გამოცემა საქართველოს პრეზიდენტისათვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: