მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელი უზენაესში ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

24.12.2025 •
მზია ამაღლობელი უზენაესში ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს.

ადვოკატები ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისათვის გამოტანილი 2-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვეს.

მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და გათავისუფლებაც უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ არ აპირებს რაიმე ფორმის, მათ შორის შეწყალების, თხოვნით მიმართოს სადავო ხელისუფების რომელიმე სტრუქტურას.

შესაბამისად, საკასაციო სარჩელით ადვოკატები ითხოვენ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ 2025 წლის 18 ნოემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ადვოკატები მიმართავენ სასამართლოს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით და მზია ამაღლობელს მისცენ სასამართლო პროცესში მონაწილეობის საშუალება.

„სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა არა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, არამედ კვალიფიკაციის ნაწილშიც პრაქტიკულად ხელუხლებელია. არ უმსჯელია არც ერთ გარემოებაზე, რასაც ჩვენ ვუთითებდით სააპელაციო საჩივარში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერების თვალსაზრისით, კიდევ უფრო უარესია, ვიდრე პირველი ინსტანციის განაჩენი. სამართლებრივად არაღირებული დოკუმენტია სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, იმ ზომით უკანონო და დაუსაბუთებელია.

შემიძლია გითხრათ, რომ მზია ამაღლობელს, ორი ინსტანციის სასამართლოს გავლის შემდეგ, არასოდეს უსარგებლია სამართლიანი პროცესის უფლებით: არც გამოძიების ეტაპზე (იმიტომ, რომ სამართლიანი პროცესი მოიცავს გამოძიების ეტაპსაც), არც ბათუმის საქალაქო სასამართლოში და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მზია ამაღლობელს ქართულმა სასამართლოებმა ჩამოართვეს უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე – რომ დაასაბუთონ გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ,“ – უთხრა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა „ბათუმელებს“.

ადვოკატები საკასაციო საჩივარში უთითებენ, რომ სასამართლომ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

„არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ, ასევე, თავად იკისრა ბრალმდებლის ფუნქცია, მტკიცებულებათა შეფასებისას არც ერთი ეჭვი, არც ერთი წინააღმდეგობა არ გადაწყვიტა მზია ამაღლობელის სასარგებლოდ”.

ადვოკატები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მზია ამაღლობელი არც გამოძიების და არც სასამართლოს ეტაპზე არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი პროცესით.

„სასამართლომ არ იმსჯელა და არ შეაფასა დაცვის მხარის მიერ მითითებული არც ერთი გარემოება და არგუმენტი.

როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის განაჩენი არ ასახავს სასამართლო განხილვის შედეგებს, არ პასუხობს დაცვის მხარის და სააპელაციო საჩივრის არც ერთ არგუმენტს, არ აფასებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ არც ერთ მტკიცებულებას, სახელდებით არ მიუთითებს ბრალდების არც ერთ მტკიცებულებას, არ მიუთითებს რომელიმე მოწმის ჩვენებაში მითითებულ რომელიმე მონაკვეთზე, რასაც დააყრდნო მსჯელობა მზია ამაღლობელის დამნაშავეობის შესახებ;

შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა მზია ამაღლობელის ბრალეულობის თაობაზე არ ეყრდნობა კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომელთან შედავებასაც საგნობრივად შეძლებდა დაცვის მხარე. სასამართლოს ორივე განაჩენი ტოვებს განცდას, რომ სასამართლო გულისხმიერად არ გასცნობია საქმის მასალებს,“ – წერენ ადვოკატები საკასაციო საჩივარში.

ადვოკატები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, განაჩენში არ მიუთითა და არც შეაფასა ის გარემოება, რომ მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას დრამატულად გაუარესდა. სასამართლომ არ მიუთითა, რომ მას მხედველობა აქვს მხოლოდ 1 თვალში, დაახლოებით 10%.

„სასამართლომ დაარღვია განაჩენის მიმართ წაყენებული ყველა საპროცესო მოთხოვნა, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

განაჩენის დადგენისას სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და სსსკ-ით დადგენილი მოთხოვნები.

სასამართლო განაჩენი დაუსაბუთებელია, ვინაიდან ის არ ეყრდნობა სასამართლოში გამოკვლეულ და გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს არც ერთი დასკვნა დასაბუთებული არ არის და განაჩენი არ პასუხობს დაცვის მხარის არც ერთ არგუმენტს, შედავებას და სამართლებრივ პოზიციას,“ – ნათქვამია საკასაციო საჩივარში.

საკასაციო საჩივარში ნათქვამია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან; ტოვებს განცდას, რომ სასამართლო გულისყურით არ გასცნობია საქმის მასალებს; რომ სააპელაციო სასამართლომ არ უპასუხა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის არცერთ არგუმენტს; სასამართლომ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის და დაცვის მხარის პოზიციაზე.

საკასაციო საჩივარში ასევე აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ სასამართლომ არ უპასუხა სააპელაციო საჩივრის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ცრუმოწმე პოლიციელების ჩვენებებს და, ამასთან, სასამართლო არ მსჯელობს მოწმე პოლიციელთა ჩვენებების სანდოობის საკონსტიტუციო სტანდარტზე, ამ სტანდარტის დაცულობაზე განსახილველ საქმეში.

სააპელაციო სასამართლომ არც ბრალდების მოწმეთა ცრუ ჩვენებები შეაფასა შინაარსობრივად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა ქმედების სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭირო მაკვალიფიცირებელი გარემოებები და არ უპასუხა დაცვის არცერთ არგუმენტს იმასთან დაკავშრებით, რომ მზია ამაღლობელის ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება სსკ-ის 353-ე მუხლით.

უზენაეს სასამართლოს 6 თვე აქვს იმისათვის, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი განიხილოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: