„ქართული ოცნება“ აპირებს, ქართველ ემიგრანტებს არ გაუხსნას საარჩევნო უბნები უცხოეთში და ამით მათ წაართვას საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა.
გარდა საკანონმდებლო რეპრესიებისა, „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მედიებით ცდილობს ემიგრანტების ღირსებისშემლახავი კამპანია აწარმოოს. მათი ეთერიდან ისმის, რომ თურმე „ემიგრანტებს აღარაფერი აკავშირებთ სამშობლოსთან“, რომ „მათ საქართველო მხოლოდ იმიტომ უნდათ, რომ გარდაცვალების შემდეგ აქ დაიკრძალონ“ და რომ მათგან „ამ ქვეყანას რაიმე სიკეთე არ აქვს“.
„ოცნების“ პროპაგანდისტები აღნიშნავენ იმ ფაქტსაც, რომ მოლდოვაში პროდასავლურმა მაია სანდუმ არჩევნები ემიგრანტების ხმებით მოიგო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის მარტის ინფორმაციით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. სწორედ ამდენი მოქალაქისთვის აპირებენ ხმის წართმევას არჩევნებზე.
რას ფიქრობენ თავად ემიგრანტები „ოცნების“ ანტიკონსტიტუციურ ინიციატივაზე და როგორი იქნება მათი პასუხი? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა.
მუსიკოსი ეკა კაჭარავა, იტალიაში ცხოვრობს. ემიგრაციაში წასვლის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა იყო. „რაც უფრო მძიმდება საქართველოში მდგომარეობა, მით უფრო მეტად ვხვდები, თუ როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა“, – გვეუბნება ეკა კაჭარავა.

ეკა კაჭარავა
„აქ იტალიელებისგან გუნდი შევქმენი და მათ ვასწავლი ქართულ სიმღერას. დირიჟორი ვარ. ვაკეთებთ ერთსაათიან კონცერტებს და ამაში შედის საგალობლებიც, ხალხური სიმღერებიც, ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებაც და ისე უყვართ, გიჟდებიან ქართულ სიმღერაზე.
რას ვითხოვ მე ჩემი ქვეყნისგან? – მინდა, რომ ჩემი ქვეყნის მომავალი, ჩემი დისშვილების, ნათესავების მომავალი, არ შებრუნდეს იმ ჯოჯოხეთში, საიდანაც ძლივს დავაღწიეთ თავი.
სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, მეძახიან, რომ მე ვარ „ნაცი“. არადა, საქართველო შევარდნაძის დროს დავტოვე, ჩაბნელებული და გაუბედურებული საქართველო.
სხვას რას ვითხოვ, გარდა იმისა, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს ჩემს ქვეყანას.
აქაც, როცა ქართველები ჩამოდიან, გიდობას ვუწევ და ვაცნობ საოცარ რომს, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს. ეს ურთიერთობები ძალიან მავსებს და ხალხთან ურთიერთობით ვიკლავ სამშობლოს მონატრების შიმშილს“, – ამბობს ეკა კაჭარავა.
ის გვიყვება ემიგრაციის მძიმე წლებზე, თუ როგორ განიცდიდა 25 წლის ასაკში სამშობლოს იძულებით დატოვებას და უცხო ქვეყანაში წასვლას. „თვალზე ცრემლი მდიოდა, როცა სულ მარტოდ ვგრძნობდი თავს სამშობლოსგან შორს. რისთვის წამოვედი? იქ არ დამედგომებოდა, რადგან ცხოვრების პერსპექტივა არ იყო.
აქ უნივერსიტეტშიც ჩავაბარე და მოვახერხე საკუთარი თავის რეალიზება. როგორც მუსიკოსი ვდირიჟორობ კათოლიკური ეკლესიის გუნდს და ძალიან დიდ პატივს მცემენ, რადგან აქ იციან პროფესიონალიზმის დაფასება. ქართული ეკლესიის გახსნა რომ მოინდომეს და სასულიერო პირი გამოუშვეს, მე დავხვდი აქ და ვთხოვდი ხან ერთ ეკლესიას, ხან მეორეს, რომ წირვისთვის ადგილი დაეთმოთ. მერე ნელ-ნელა საელჩოც ჩაერთო და მოგვცეს ეკლესია უსასყიდლოდ რომში.
იმ ეკლესიაში 10 წელი რეგენტი ვიყავი. მერე გავაკეთე ქართული სამრევლო სკოლა, ჩემი შვილისა და სხვისი შვილებისთვისაც, ხომ?! თუმცა, შემდეგ ისე ცუდად მომექცა ამ ეკლესიის მოძღვარი, რომ საერთოდ გამომაგდო ეკლესიიდან მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდოდა დამოუკიდებლად მეკეთებინა რაიმე“, – ამბობს ეკა კაჭარავა.
22 ნოემბერს, როცა გორის ქალთა გუნდი ჩავიდა რომში, კონცერტზე ეკაც მივიდა პატარა პლაკატით, სადაც ეწერა – „ნუ გამრიყავ, მეც ქართველი ვარ“. კონცერტს ესწრებოდა „ოცნების“ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძეც.
„როცა კობახიძე ჩამოვიდა 24 ნოემბერს ვატიკანში, იქაც ვიყავი მისული. როგორც ჩანს, გაფრთხილებული ჰყავდათ დაცვა და უსაფრთხოების სამსახურმა საბუთების შემოწმება დაიწყო. ვატიკანთან კონტრაქტი მაქვს, ვგალობ იმ ტაძარში და ვაჩვენე თანამშრომლის ბარათი, მაგრამ მაინც მოითხოვეს დამატებითი საბუთების წარდგენა. გამომკითხეს ყველაფერი და როცა გაიგეს, თუ როგორი მაღალი დონის საზოგადოებასთან ვთანამშრომლობდი რომში, მითხრეს, რომ დარწმუნებული არიან ჩემს კეთილსინდისიერებაში, მაგრამ მაინც მკითხეს, ხომ არაფერს ვაპროტესტებდი?!
რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ კი. მთელი წელია ვაპროტესტებ, დემონსტრაციებშიც ვმონაწილეობ და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება-მეთქი. მერე გავიგე, რომ თურმე ჩემზე ინფორმაცია მიუწოდებია ვატიკანში საქართველოს ელჩს და ამის გამო იყო ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ მათთვის არასასურველი ემიგრანტების სიაში ვარ შეყვანილი“ – გვეუბნება ეკა კაჭარავა.

მისი თქმით, „ოცნების“ მტრული პოლიტიკის გამო ემიგრანტები არა მარტო ქვეყანას, არამედ ახლობლებს და მეგობრებსაც კარგავენ საქართველოში.
„გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ჩემი მეგობარია. ძალიან მიყვარს და როცა დაქორწინდა, მაშინაც ჩემთან იყო ჩამოსული მეუღლესთან ერთად. ძალიან ბევრი ბედნიერი და ლამაზი დრო გვაქვს ერთად გატარებული. იმ დღეს, როცა თბილისში სასტიკად დაარბიეს ადამიანები და წაქცეულ ბიჭს სახეში ფეხი ამოარტყეს, თეონა ფეისბუქზე კონცერტს განიხილავდა. მხოლოდ ეს მივწერე, თეონა, რა დროს კონცერტია, ვერ უყურებ რუსთაველზე ხალხს რას უშვრებიან-მეთქი? ამის გამო დამბლოკა და არც შემდეგ შემხმიანებია, როცა შვილების შეძენა მივულოცე“, – ამბობს ეკა.
„ოცნების“ პროპაგანდას, რომ ემიგრანტებისთვის საქართველო დაკარგულია, ეკა კაჭარავა ასე პასუხობს:
„როგორ არის დაკარგული, თუ არც ერთი დღე კი არა და არც ერთი საათი, საქართველოზე ფიქრის გარეშე არ გამიტარებია. საქართველო ჩემშია, ჩემს დარდებში, ჩემს ფიქრებში და ვიცი, რომ საქართველო, აუცილებლად უნდა გადარჩეს“.
ვაჟა გაფრინდაშვილი 16 წელია პოლონეთში ცხოვრობს, თუმცა როგორც ეკა კაჭარავა, ისიც მიიჩნევს, რომ საქართველო, როგორც სამშობლო, მისთვის დაკარგული არ არის.

ვაჟა გაფრინდაშვილი, ემიგრანტი.
„მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო 10 წლის წინ ამეღო ევროკავშირის მოქალაქეობა და მეცხოვრა მშვენივრად და წყნარად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ ამიღია.
რა სარგებელი აქვს საქართველოს ჩვენგან? თუ ასე უნდათ საკითხის დაყენება მაინცდამაინც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს რა სავალუტო რეზერვებიც გააჩნია, ეს სწორედ ემიგრანტების დამსახურებაა. ამიტომ, იმდენს ნუ იზამენ, ის გავაკეთოთ. რაც ერიტრეაში ან ეთიოპიაში გააკეთეს ემიგრანტებმა, როცა უბრალოდ შეწყვიტეს გადარიცხვები.
ჩვენ, ჯერჯერობით, სხვანაირად ვართ განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს ბიუჯეტს და მოსახლეობასაც. დაკავებულებს და აქციის მონაწილეებს დავეხმაროთ და ამ ფორმით ვცდილობთ ვიდგეთ საქართველოს სამსახურში.
გაცილებით მეტი ვიცით და აქაც გვაქვს ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში.
არც მესამე ძალის გავლენის ქვეშ ვართ და არც არანაირი პროპაგანდის. ერთადერთი, რაც გვამოძრავებს, ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული და იმ ქვეყნების მსგავსი, სადაც ემიგრანტები ვცხოვრობთ. რომ ჩვენს ქვეყანაშიც იყოს ადამიანის უფლებები ისე დაცული, როგორც ევროპაში“, – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
ის პოლონეთში ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად მუშაობს და აქვს რაგბის კლუბიც. ასევე, აქტიურადაა ჩართული ემიგრანტების მიერ დაარსებულ ორგანიზაციაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აერთიანებს.
„საქართველოშიც მაქვს ჩემი პატარა კომპანია და ვიხდი გადასახადებს. წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც ჩამოვდივარ საქართველოში. ხანდახან ორჯერ, სამჯერაც. ამიტომ, „ოცნება“ თავისი პროპაგანდით, რომ თურმე ჩვენ, ემიგრანტებს არანაირი კავშირი არ გვაქვს სამშობლოსთან, თავის გადარჩენას ცდილობს, რადგან მათ წასასვლელი არსად აღარ აქვთ და ეს კარგად იციან. ყველა გზა აქვთ მოჭრილი, სადმე როსტოვში თუ წავლენ ან არაბეთის ქვეყნებში ეს არის, ამიტომ ბოლომდე იბრძვიან ისინიც, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. თუმცა არ უნდა მივცეთ ამის საშუალება“, – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
მისი თქმით, თუ „ოცნება“ მაინც გააკეთებს იმას, რომ მილიონ-ნახევარ საქართველოს მოქალაქეს გამოთიშავს არჩევნებიდან, „მაშინ გამოდის, რომ აღარც ოპოზიციის არსებობას ექნება აზრი“.
„ემიგრანტების უმრავლესობა ოპოზიციურადაა განწყობილი და ამ ხმების მთლიანად გაქრობა უნდათ.
ვფიქრობ, ანტიკონსტიტუციური კანონებისთვის ემიგრანტებმა უნდა ვუჩივლოთ „ქართულ ოცნებას“. ჯერ საქართველოში და შემდეგ სტრასბურგშიც შევიტანთ საჩივარს, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება 18 წლიდან მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამიტომ ეს ანტიკონსტიტუციური კანონები უნდა გაუქმდეს“, – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
„ბათუმელები“ კიდევ ერთ ემიგრანტს ესაუბრა. რუსუდან ქოროღლიშვილი-ბრაუნი გერმანიაში ცხოვრობს.
მისი თქმით, „ოცნების“ მცდელობა, რომ წაართვას ემიგრანტებს საარჩევნო ხმის უფლება, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ ემიგრანტების ეშინიათ.

რუსუდან ქოროღლიშვილი-ბრაუნი
„აქაც არიან ემიგრანტები, ვისაც საერთოდ არ აინტერესებთ არჩევნები და ესენი ძირითადად არიან „ოცნების“ მხარდამჭერები. ხოლო იმ ადამიანებს, ვინც აქტიურად მონაწილეობს არჩევნებში, ბევრს ხმის მიცემის საშუალებაც არ მისცეს და არ დაარეგისტრირეს.
ახლა, როცა საერთოდ ხმის წართმევას გვიპირებენ, უფრო გამოფხიზლდნენ ემიგრანტები, რადგან ძალიან შეურაცხყოფილია ამით ემიგრაცია.
ჩემი შვილი 20 წლისაა და აქ აიდგა ენა, მაგრამ არ მოწყვეტილა საქართველოს. ჩვენ ისე ხშირად დავდივართ, რომ ყველაზე საუკეთესო მეგობრები, საქართველოში ჰყავს.
არც ქონება გაგვიყიდია, რომ აქ შეგვეძინა რაიმე, იმიტომ, რომ ჩვენ მომავალს ვხედავთ საქართველოში. ერთი წელი იმაზე ფიქრობდა, რა პროფესიას უნდა დაეუფლოს, რომ საქართველოში გამოადგეს.
ამ დროს, „უსამშობლოებს“ გვეძახიან იმ ადამიანებს, რომლებიც ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ მათ შვილებს და შვილიშვილებსაც უკეთესი ქვეყანა ჰქონდეთ. თვითონ კი მოსისხლე მტრისკენ მიაქანებენ ქვეყანას.
ჯერ ერთი, „ოცნების“ მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას არც მივიღებ, დავდგები და გავაპროტესტებ“, – ამბობს რუსუდან ქოროღლიშვილი-ბრაუნი.
მისი თქმით, ემიგრანტები მხოლოდ საკუთარი ოჯახების სარჩენად არ არიან წასული და ბევრი „ნაცნობის თუ უცნობის გაჭირვება გაუზიარებიათ“.
„მე, პირადად, ოჯახი შევქმენი აქ და ამიტომ ვცხოვრობ გერმანიაში. თუმცა ჩაფიქრებული მქონდა, რომ ჩემი მეუღლეც საქართველოში გადმოსულიყო და არა პირიქით. მაგრამ არაერთი საინტერესო პროექტის მიუხედავად, საქართველოდან არავინ გამოგვეხმაურა. გერმანიაში კი რიგითი თანამშრომელი ვიყავი და ძალიან მოკლე დროში, დაწესებულების ხელმძღვანელობა შემომთავაზეს. სოციალური თერაპევტი ვარ.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და არ მიმიღია გერმანიის მოქალაქეობა, აქ ყველაფერი გიფასდება და არც ქართველობა წაურთმევია არავის. არც ამის გამო დავუჩაგრივარ ვინმეს“, – ამბობს რუსუდან ქოროღლიშვილი-ბრაუნი.

პაპუაშვილის განცხადებას, რომ ემიგრანტებზე უცხო ქვეყნის სახელმწიფოები ახდენენ გავლენებს და ამის გამო აძლევენ ოპოზიციას ხმას, ის მტკნარ სიცრუეს უწოდებს.
„მე ვარ ასოციაცია „თამარიელის“ წევრი, ასევე პლატფორმა „ერთობის“ წევრიც, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები ვართ გაერთიანებული, არავის, არასოდეს უთქვამს მსგავსი რამ, რომ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას რაიმე ზემოქმედება მოეხდინოს ჩვენს არჩევანზე. ეს არის მტკნარი სიცრუე, რაზეც „ოცნება“ საუბრობს.
არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც ამის სჯერა.
„ოცნებას“ უნდა მეტი უვიცი და ადვილად სამართავი ჰყავდეთ ქვეყანაში და დაგვიმყარონ ერთპარტიული დიქტატურა. შესაძლოა ვიღაცას უნდა კიდეც, მის მაგივრად პარტიამ რომ იფიქროს და ილაპარაკოს, როგორც ადრე იყო, საბჭოთა კავშირში. დაიწყოს ყავის დაფქვით სამსახურში დღე და დამთავრდეს ყავის დაფქვით, თვითონ არაფერზე შეწუხდეს. მაგრამ ჩვენ აღარ ვართ არც მე-20 საუკუნის დასაწყისში და არც მეოცეს ბოლოს, როცა არ ვიცოდით სად ვიყავით“, – ამბობს რუსუდან ქოროღლიშვილი-ბრაუნი.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ ემიგრანტებს უყვართ სამშობლო, მაშინ ერთი დღე უნდა გამონახონ და ჩამოვიდნენ ქვეყანაში ხმის მისაცემად. რა შეგიძლიათ თქვათ, მსგავს განცხადებაზე? – ვკითხეთ რუსუდანს.
მისი თქმით, 4 წელიწადში კი არა, ძალიან ბევრი ემიგრანტი ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში, „თუმცა იმ ადამიანების მიმართ მსგავსი აგდებული დამოკიდებულება, რომლებიც მოხუცებს უვლიან და მძიმე პირობებში უწევთ შრომა, მიუღებელია“, – ამბობს რუსუდანი.
„ვინ წავიდოდა ქვეყნიდან, აქ რომ ხალხს სამუშაო პირობები ჰქონდეთ? ემიგრანტები კვდებიან აქ საქართველოს სიყვარულით. არ ვიცი რამდენი უძილო ღამე გვქონდა ბევრ ჩვენგანს და ბევრად დრამატულია ეს განცდები, ვიდრე ასე ჩანს, საუბრებში.
ჩვენ ადამიანებს ვკარგავთ, ახლობლებს, მეგობრებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროპაგანდის გამო, ისინიც „უსამშობლოებად“ მოგვიხსენიებენ. 90-იან წლებში, რომ ერთმანეთი გაგვიტანია, ასეთი ხალხიც კი იმეორებს მსგავს პროპაგანდას.
ჩვენ გვიღალატეს იმ ადამიანებმა, ვინც არ აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას. მათაც ხომ ჰყავთ ემიგრაციაში შვილები, დები, ძმები, ამაზე არ ფიქრობენ?!
ამ დროს, პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც „ოცნებას“ უჭერენ მხარს, მაგრამ ამბობენ, რომ არასდროს დაბრუნდებიან საქართველოში. ჩვენ კი ვკვდებით ამ სიშორის გამო და სულ ნოსტალგია გვაქვს. ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენმა შვილებმა არ დაივიწყონ ქართული ენა, რომ სამშობლო უყვარდეთ. ამიტომ, არავინ გაბედოს ჩვენი დადანაშაულება იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა არ გვიყვარს. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია ჯერ.
ხელისუფლებას, რომელსაც თავი გამარჯვებულად მიაჩნია, არ სჭირდება ამდენი სისულელის ჩადენა. ემიგრაციას როცა ებრძვიან, საქართველოში საკუთარ მოსახლეობას როცა ებრძვიან, უნდა ესმოდეთ, რომ ამ ბრძოლაშია ჩართული ჩვენი ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსიც. მათ ვინ ჰყავთ გვერდით? ალბათ რუსეთი, მაგრამ ბევრი ბრძოლისთვის გაგვიძლია და ამ ქოციანობასაც გავუძლებთ“, – ამბობს რუსუდან ქოროღლიშვილი-ბრაუნი.
მისი თქმით, თუ ადამიანები არ გამოფხიზლდებიან, შეიძლება დადგნენ იმ რეალობის წინაშე, როცა ემიგრანტები თანხებს აღარ გადმორიცხავენ საქართველოში „და მაშინ ხომ გამოფხიზლდებიან?“ – ამბობს რუსუდანი.
„სახელმწიფოც ჩვენ ხარჯზე უნდა არსებობდეს, კერძო პირებიც და მაინც ჩვენ ვართ უსამშობლოები?!“ – ასეთი შეკითხვა აქვს მას.
მარი კაიშაური/საფრანგეთი, სტრასბურგი
მარი კაიშაური საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ „ოცნების“ პროპაგანდამ ემიგრანტების წინააღმდეგ კი არ დაასუსტა ისინი, არამედ უფრო მეტად გააერთიანა ემიგრაცია.
„ემიგრაცია რომ არ ყოფილიყო, საქართველო დღეს არ იარსებებდა. ემიგრანტებმა თავიანთი მძიმე შრომით საქართველო გადაარჩინეს. სამწუხაროდ, არ გვაქვს ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანები თავის გატანა შეძლებენ.
ადრე – მით უმეტეს. სად გვქონდა ქართველებს იმის შესაძლებლობა, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა ან განათლება მიგვეღო, ფეხზე ისევ ამერიკამ და ევროპამ დაგვაყენა, ამ ქვეყნებმა შეგვიფარეს და თავი გავიტანეთ, წლობით უნახავი შვილების და შვილიშვილების მონატრების ფასად. ფაქტობრივად, გადასახლების მომენტი გაქვს იმისთვის, რომ შენი ოჯახი არჩინო.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემდეგ კი ოჯახის წევრებმა ერთმანეთი ნახეს, უამრავი ადამიანი სიკვდილს გადაურჩა მხოლოდ იმიტომ, რომ საფრანგეთში ჩამოვიდა სამკურნალოდ, უამრავმა ახალგაზრდამ ევროპული განათლება მიიღო და ამის წართმევაც უნდათ ახლა.
თუ არ მოსწონთ ევროპა და ამერიკა, თავად რატომ ისწავლეს ევროპაში, რატომ ჰყავთ აქ შვილები, რატომ არ წავიდნენ რუსეთში, ესწავლათ იქ. თუ ჩვენთვის უნდათ რუსეთი და მათთვის ევროპა?
უნდათ საერთოდ მოწყვიტონ ემიგრაცია ყველაფერს, ჩახსნან და აგენტებად გამოაცხადონ, რომ აი, „დიფ სთეითები“ გვიზის სახლში და ასე შემდეგ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ემიგრაციაში ვერ გააყალბებენ ხმებს და ვერ მოგვახვევენ თავზე პროპაგანდას, ამიტომ კანონმდებლობით დაგვიწყეს ახლა ბრძოლა“, – ამბობს მარი კაიშაური.
მისი თქმით, უცხოეთში არსებული საქართველოს საელჩოები იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტები ფაქტობრივად „საქართველოს ტერიტორიაზე“ აძლევენ ხმას.
„რას ამბობენ ამით, რომ ეს საელჩოები და საკონსულოები, სადაც ვრეგისტრირდებით საქართველოს მოქალაქეები ხმის მისაცემად, არალეგიტიმურია?! ამ შენობებში შემოსვლით ხომ ისედაც საქართველოს ტერიტორიაზე ვაძლევთ ჩვენ ხმას. მაშინ რა აუცილებელია, რომ თვითმფრინავის ბილეთი მეჭიროს ხელში. აქ ხომ გვიდგას დიპლომატიური შენობები?“ – ამბობს მარი კაიშაური.
მისი თქმით, „ოცნების“ რეპრესიულ კანონზე ემიგრანტების პასუხი იქნება ძალიან მტკივნეული.
„ემიგრანტები გაჩერებას არ ვაპირებთ. პირიქით, თუ ადრე რაღაც საკითხებში პასიურები ვიყავით, ახლა ამ ყველაფერმა უფრო გაგვაერთიანა. ვერ გაგვაჩუმებენ, რადგან ემიგრაცია იმაზე ძლიერია, ვიდრე მათ ჰგონიათ. ძალიან კარგია, რომ ეშინიათ ემიგრანტების და დაელოდონ შედეგებს. პასუხი იქნება მათთვის მტკივნეული“, – ამბობს მარი კაიშაური.







