მთავარი,სიახლეები

პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს

14.11.2025
პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს.

„ვფიქრობ, უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი“ – თქვა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარდგენისას.

დღევანდელ პროცესზე პროკურორები საბოლოო სიტყვას ამბობენ. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს ითხოვს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი აქვს როგორც პროკურატურას, რომელიც მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, ასევე სარჩელი  შეტანილი აქვთ მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

მზია ამაღლობელის სააპელაციო სარჩელის განხილვა 18 ნოემბერს დასრულდება სააპელაციო სასამართლოში.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 10 თვეა უკანონო პატიმარია. მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

ამავე თემაზე: 

პროკურატურამ მზია ამაღლობელის ტელეფონში “დიფ სთეითი” ვერ იპოვა – ექსპერტიზის დასკვნა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: