დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ამავე დროს, პროკურატურა მზია ამაღლობელის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მისთვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს მოითხოვს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
სასამართლო პროცესს ესწრება მზია ამაღლობელი. საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს – მომხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი, კოლეგიის წევრები კი ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე არიან.
,,ბათუმელები”/,,ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და მედიამენეჯერს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა განაჩენი 6 აგვისტოს გამოუცხადა.
მოსამართლემ გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, რომლითაც მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში სდებდა ბრალს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
„მზია ამაღლობელი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით,“- თქვა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.
ამავე თემაზე:






