წელს, ბათუმმა მეშვიდედ მოიპოვა ტურისტული „ოსკარი“, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებამ. თუმცა, ამ „ოსკაროსან“ ქალაქში არ არის დაცული მშენებლობის სტანდარტები, რის გამოც, ჰაერი მუდმივად ბინძურდება მტვრით.
ვიდეო, რომელიც „ბათუმელებმა“ დღეს, 27 ოქტომბერს გადაიღო, სწორედ ჰაერის დაბინძურებას ასახავს.
ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას და კოსტავას ქუჩებზე, სადაც მერია ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს, მარმარილოს ფილებს მშრალი წესით ჭრიან, რაც ჰაერს მტვრის ნაწილაკებით აბინძურებს.
ევროკავშირის სტანდარტით, ფილების მშრალი წესით დამუშავება აკრძალულია, რადგან დაბინძურებული ჰაერი იწვევს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.
მტვრით დაბინძურებული ჰაერის ჯანმრთელობაზე ზეგავლენა: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
„ოსკაროსანი“ ქალაქი მთელი ტურისტული სეზონის მანძილზე მტვერში და სამშენებლო ნარჩენებშია გახვეული.












