დღეს, 20 ოქტომბერს, აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ „ფორმულას“ ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
„იმდენჯერ ახსენა ჩემი შვილი ამ ადამიანმა [შსს-ს წარმომადგენელმა], უნდა ვუპასუხო. საერთოდ არ ვაპირებდი ამ პროცესზე არაფრის თქმას. ჩემი შვილისთვის ვდგავარ იქ. თუ გყავს შვილი, შენი შვილისთვისაც ვდგავარ. შენ რისთვის ზიხარ აქ, ეგეც გასაგებია“, — ასე მიმართა ქეთა ციცქიშვილმა შსს-ს წარმომადგენელს.
ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 12 წლის შვილი ჰყავს. ის მარტოხელა დედაა.
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დღეს დაკავებულ აქტივისტებს: საბა ჯაფარიძესა და თემო სარალიძეს; 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ნინო ბერუაშვილს. პარალელურად ჯერ კიდევ [21:00 სთ] მიმდინარეობს აქტივისტ თამარ თოთლაძის საქმის განხილვა. ყველა მათგანს აქციაზე ყოფნისას გზის „ხელოვნურ გადაკეტვას“ და/ან სახის დაფარვას ედავებიან.
18 ოქტომბრის აქციაზე გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ და/ან სახის დაფარვის საბაბით, გუშინ, 19 ოქტომბერს, თბილისში 14 ადამიანი დააკავეს და უმეტესობას, 9 მათგანს, პატიმრობა გუშინვე შეუფარდეს. მათ შორის იყო „ფორმულას“ კიდევ ერთი ჟურნალისტი და წამყვანი ვახო სანაია.
„ფორმულას“ ჟურნალისტების დაკავებას დღეს გამოეხმაურა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი.
„ეს აშკარა მიზანმიმართული თავდასხმაა „ფორმულაზე“, რომელიც საქართველოში დარჩენილ მცირერიცხოვანი კრიტიკული ხმათა შორის ერთ-ერთია. მოვუწოდებთ მათი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისაკენ“, – ვკითხულობთ პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებაში.