„ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი“. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა [NCDC] ცენტრმა გაავრცელეს.

მიუხედავად ამისა, ბათუმში ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩართულია იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, უარს ეუბნება მოქალაქეებს აცრაზე [იმ მიზეზით, რომ უფასოდ აცრა შეუძლიათ მხოლოდ რისკჯგუფში შემავალ ბენეფიციარებს, ამა თუ იმ დაზღვევის მქონეს და სხვ.].

„ბათუმელები“ დაუკავშირდა NCDC-ს სადაც გვითხრეს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ „2025-2026 წლების სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხაში“ შეტანილი კლინიკები ვალდებულნი არიან გრიპზე ნებისმიერი მოქალაქე [6 თვის და მეტის] აცრან.

„ყველა ეს კლინიკა მომარაგებულია შესაბამისი ვაქცინით“ – გვითხრეს ცენტრში.

კლინიკების ჩამონათვალი აჭარაში, სადაც გრიპზე უფასოდ აცრაა შესაძლებელი:

„2025-2026 წლების სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა“ სრულად ნახეთ ამ ბმულზე

„2025 – 2026 წლების გრიპის სეზონისთვის საქართველოს მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერი პირისთვის 6 თვის ასაკიდან, დაიწყოს 2025 წლის 10 ოქტომბერს და გაგრძელდეს ქვეყანაში ვაქცინის მარაგის ამოწურვამდე.“ – აღნიშნულია NCDC-ის გენერალური დირექტორის 2025 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებაში.

„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.“ – აღნიშნულია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version