დღეს, 4 ოქტომბერს, ღამით, შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.
„რამდენიმე პირია დაკავებული,“ – აცხადებს „ოცნების“ შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და არ აკონკრეტებს, რამდენი პირია დაკავებული, ასევე – რა სამართლებრივი საფუძვლით.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლის შესაბამისად უკვე დაწყებულია.
„თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებებს.
აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელია დაშავებული.
დაშავებულ პოლიციელებს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია. მათ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით.
ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მიერ ჩატარდება საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, ყველა იმ პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა.
კიდევ ერთხელ, უმკაცრესად მოგიწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ღონისძიებას,“ – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეთა ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ.
ამავე თემაზე:
დაძაბულობა თბილისში – სპეცრაზმი სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებს






