მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელს ჩეხეთში „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა

24.09.2025
მზია ამაღლობელს ჩეხეთში „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი „ფორუმ 2000-ის“ წლევანდელი ჯილდოს მფლობელია. „ფორუმი 2000“ არის ფონდი და ამავე სახელწოდების კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ჩეხეთში, პრაღაში იმართება. 

„წელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორსა და დამფუძნებელს“ – ნათქვამია „ფორუმ 2000-ის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ჯილდოს გადაცემის ცერემონია 12-14 ოქტომბერს, პრაღაში კონფერენციის – „ფორუმ 2000“-ის ფარგლებში გაიმართება.

„მზია ამაღლობელი, რომლის საქმიანობაც ადამიანის უფლებებს, კორუფციასთან ბრძოლას და სოციალურ სამართლიანობას ეძღვნება, აღიარებულია, როგორც საქართველოს პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი და სინდისის პატიმარი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ“ – აღნიშნულია „ფორუმ 2000“-ის პრესრელიზში, რომელიც ასევე ყურადღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:

„მას თვალის დაავადება აწუხებს და ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. 2025 წლის თებერვლიდან იგი არაერთხელ მოითხოვდა სპეციალიზებულ ოფთალმოლოგიურ კლინიკაში გადაყვანას. სამედიცინო გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მარჯვენა თვალის ფუნქცია მხოლოდ 10 პროცენტამდე დაეცა, ხოლო მარცხენა თვალით თითქმის ვერ ხედავს. მიუხედავად ექსპერტების რეკომენდაციებისა, იგი სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, რაც მას სიბრმავის რისკის წინაშე აყენებს“.

„მზია ამაღლობელი დიდი ხანია ებრძვის ავტორიტარიზმს, ცენზურასა და პოლიტიკურ შევიწროებას. ის გადაიქცა ერთიანობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ“ – ამბობს „ფორუმ 2000“-ის აღმასრულებელი დირექტორი იაკუბ კლეპალი.

„ფორუმი 2000“ 1996 წელს დაარსდა ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის, იაპონელი ფილანთროპის, იოჰეი სასაკავასა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის – ელი ვიზელის ერთობლივი ინიციატივით.

„ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც 2021 წელს დაწესდა, ყოველწლიურად გადაეცემა ადამიანებს ან ინსტიტუციებს, რომლებმაც გამოიჩინეს სამოქალაქო სიმამაცე და პირად ინტერესებზე მაღლა დააყენეს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა.

„ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოს ლაურეატები წინა წლებში იყვნენ: როსიო სან მიგელი, ვენესუელელი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი [2024 წელი]; ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მწერალი და ისტორიკოსი [2023 წელი]; ჟანგ ჟანი, ჩინელი სამოქალაქო ჟურნალისტი და ყოფილი იურისტი [2022 წელი]; კარლ გერშმანი, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველი, „ეროვნული ფონდის დემოკრატიისათვის“ ყოფილი პრეზიდენტი [2021 წელი].

მზია ამაღლობელი 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: