მთავარი,სიახლეები

უსახლკარო დედები ბათუმის მერიასთან: „მას აძლევენ ბინებს, ვინც მათი მხარდამჭერია“

22.09.2025
უსახლკარო დედები ბათუმის მერიასთან: „მას აძლევენ ბინებს, ვინც მათი მხარდამჭერია“

ბათუმის მერიის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი ცინცაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ დღეს, 22 სექტემბერს უსახლკარო დედები. მათი შვილები შშმ პირები არიან.

წლებია უსახლკარო ადამიანებს „ქართული ოცნების“ მთავრობა ყურადღებას არ აქცევს. ამ დრომდე ბათუმის მერიას ან მთავრობას არ შეუმუშავებია პროგრამა, რომელიც დააკმაყოფილებდა ისეთ მოწყვლად ჯგუფს, როგორიცაა სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები… მათ დიდ ნაწილს არ აქვს სამუშაო ადგილი და სტაბილური შემოსავალი, რომ საცხოვრისის მიღების არსებული პროგრამებით ისარგებლონ.

  • „პასუხი მოგვდის მხოლოდ ის, რომ არ არსებობს მსგავსი პროგრამა. ამდენი დაფინანსება სად მიდის, ვის ჯიბეში მიდის?“ – კითხულობს მზიური ბალაძე. ის მარტოხელა დედაა. მისი 35 წლის შვილი შშმ პირია და დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია.

„ქირას ვერ ვახერხებ, კარდაკარ ვცხოვრობ. 11-ჯერ ვარ ნაოპერაციევი… სიბერე შემომეპარა უკვე. 1984 წლიდან ქუჩაში ვართ.

ვის აძლევენ სარეზერვო ფონდის ბინებს – ნაცნობებით და კლანებით შემოიფარგლებიან. ვინც მათი მხარდამჭერია, მას აძლევენ ბინებს. მე იმას ვნანობ, 2012 წელს რომ „ქართულ ოცნებას“ დავუჭირე მხარი.

ევროპისკენ გზის ჩაკეტვა ნიშნავს იმას, რომ პერსპექტივა საერთოდ აღარ გვექნება,“ – უთხრა მზიური ბალაძემ „ბათუმელებს“.

ქირით უზრუნველყოფას, ან ბინას ითხოვს ილონა ლიჩევსკაიაც. ის ამბობს, რომ მისი ქმარი და სამივე შვილი შშმ პირები არიან. ილონა დევნილთა და განსახლების სამინისტროდან მიღებულ წერილს გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც, სამინისტრო თანახმაა ილონას ოჯახისთვის ბინა 50 ათას ლარად შეისყიდოს.

„მაგრამ ჩვენ უნდა გვენახა ბინა ამ ფასად, სად ვიპოვო? ვერ ვიპოვეთ ვერსად, ერთოთახიანიც ვერ ვნახე, სად წავიდე?“ – კითხულობს ილონა ლიჩევსკაია და მერიასთან კონკრეტული წინადადება აქვს: „მინახეთ ბინა და შევალ, ან ქირის თანხა გადამიხადეთ“.

„ქირაში კიდევ ისეთი მდგომარეობაა, მორიელები დარბიან, თაგვებიც. 600 ლარს ვიხდით და ასეთი მდგომარეობაა, 700 ლარი გვაქვს სულ სოციალური შემწეობა.

ყველა არჩევნებზე რაღაცას გვპირდებიან, მაგრამ არაფერი გამოდის,“ – ამბობს ილონა ლიჩევსკაია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: