შვიდი წელი საწოლში


21 სექტემბერს გიორგი 21 წლის გახდა. მეათე კლასში იყო, როცა ხელვაჩაურში, ცენტრალურ გზაზე მას ავტომანქანა დაეჯახა და თავის ქალის მძიმე დაზიანებები მიიღო. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა, გიორგის კი სიარული და საუბარი აღარ შეუძლია. ავარიამ მისი ცხოვრება დრამატულად შეცვალა. ოჯახში გვეუბნებიან, რომ გიორგის საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. უსახსრობის გამო ორი წელია არც ექიმთან ჰყოლიათ.

გიორგის საწოლში მას შემდეგ წევს, რაც ავტომანქანა დაეჯახა. ვერ ჭამს, ვერ მოძრაობს და არც ლაპარაკი შეუძლია.  „იმაზე ვოცნებობ, რომ ეტლში მაინც დაჯდეს“, –  გვეუბნება დედა ხათუნა დავითაძე, რომელიც მწოლიარე შვილს მარტო უვლის.

„გიორგის მამა ძირითადად სენაკშია, თავის მოხუც მამასთან. ეს სახლი დედაჩემს ეკუთვნის. ავარიის შემდეგ მე, გიორგი და გოგონებიც აქ ვართ. ამჟამად ეს ტერიტორია ბათუმს ეკუთვნის.

გიორგის პატარა და ხუთი წლისაა, მეორე კი სტუდენტია.  „2010 წელს სიძის დაკრძალვაზე ვიყავით ჩამოსული, მაშინ დაეჯახა გიორგის მანქანა. ჩემი შვილი გზაზე დააგდო და უმძიმეს მდგომარეობაში ვიპოვეთ. მძღოლი დააკავეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ ამნისტია შეეხო და გამოვიდა“, –  გვიყვება დედა.

პირველი ოპერაცია გიორგის თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ჩაუტარდა. ხათუნა ამბობს, რომ საპატრიარქოს დახმარებით ისრაელიდან პროფესორიც მოიწვიეს, რომელმაც გიორგის ისრაელში გადაყვანა ურჩია, თუმცა უსახსრობის გამო ვერ შეძლეს.

„შვიდი წელი გავიდა და არავინ დამეხმარა. ვის არ მივმართე, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. თავის ტომოგრაფია რამდენიმე წლის წინ გადავუღე, კონკრეტული არაფერი უთქვამთ, ინგოროყვას კლინიკაში დავით კაზიეშვილი მკურნალობდა, ვერც იქ გადამყავს. ექიმი მხოლოდ მაშინ ნახულობს, თუ ბათუმში ჩამოდის. თუმცა ორი წელია არც ის მოსულა“.

გიორგის საკვების მიღება დამოუკიდებლად არ შეუძლია, ამიტომ ხელოვნურ კვებაზეა. ნაწოლების გამო მასაჟიც სჭირდება, ოჯახს არც ამის საშუალება აქვს.

„180 ლარს იღებს პენსიას, გვაქვს 250 ლარი სოციალური შემწეობაც, მაგრამ ეს თანხა მედიკამენტებზე, საკვებსა და კომუნალურ გადასახადებზე იხარჯება. გიორგის ხშირად სჭირდება ტვინის მკვებავი მედიკამენტი, რომელიც აქ არ იყიდება. თვითმფრინავით წამოღებაზე კი ზოგჯერ უარს გვეუბნებიან. ვერ ლაპარაკობს, ამიტომ გამოკვლევაა საჭირო, რომ ამით გავიგოთ რა აწუხებს. რეანომობილი საავადმყოფოში გადაყვანაში არ გვეხმარება, სახლიდან საავადმყოფომდე  მიყვანა კი 40 ლარი მიჯდება და ამას მხოლოდ მაშინ ვახერხებ, როცა მუცლის ზონდის გამოცვლა სჭირდება ან სხვადასხვა გართულება ჩნდება“.

დედამ სოციალური დახმარების სააგენტოს გიორგისთვის სპეციალური საწოლი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. რადგან გიორგის საცხოვრებელ ადგილად სენაკი [მამის საცხოვრებელი მისამართი] აქვს მითითებული, მერიისა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობაზე უარს ეუბნებიან.  „პირადობის მოწმობას ვუცვლით და იქნებ ამის შემდეგ მაინც შევძლო პროგრამებით სარგებლობა… არჩევნებია. ხან ვინ მოდის და ხან ვინ. მე არ მაინტერესებს არც მათი გზები და წყალი, მხოლოდ ის მაინტერსებს, ვინ დაეხმარება ჩემს შვილს. იქნებ, სტამბულში მაინც გადამაყვანინონ“, –  ამბობს დედა.

გიორგის საწოლთან მოხუცი ბებია მოდის და მწოლიარე შვილიშვილს ფეხებზე ეფერება, დედა კი საუბარს აგრძელებს: „რაც ჩემი შვილის სწავლისთვის დავზოგე, წამლებში დავხარჯე. ცეკვავდა, კარგად სწავლობდა, ახლა კი აღარაფერი შეუძლია. როგორ მინდა ისევ დადგეს ფეხზე“.

ხარჯების დასაფარად სოფელში მიწაც გაყიდეს, გიორგის დას კი შეიძლება სწავლის შეწყვეტა მოუწიოს, რადგან მშობლები გადასახადს ვერ წვდებიან.

 

გიორგი ლომაიას საცხოვრებელი სახლი

გიორგი ლომაიას საცხოვრებელი სახლი

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com