„პოლიტიკური დავალებაა, რომ სასიქადულო ახალგაზრდებს, კარგ ადამიანებს, მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს სისტემა მოექცეს, როგორც მტერს,“ – ეს შთაბეჭდილება რჩება ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში 23 წლის სტუდენტს, მეგი დიასამიძეს შეხვდა.

10 სექტემბერს, 23 წლის დაკავებულ სტუდენტს, მედი დიასამიძეს ლანჩხუთიდან ზაჰესამდე არ მისცეს საშუალება დაკავშირდებოდა ადვოკატს. მას ზურგს უკან ბორკილების შეუკრეს ხელი და ისე ამგზავრეს. არაადამიანური მოპყრობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ გამთენიისას იზოლატორში შეხვედრის დროს სტუდენტს ხელზე ბორკილების მძიმედ მოჭერის კვალი ეტყობოდა.

10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას.

მეგი დიასამიძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ჯერ მისთვის ბრალი პროკურატურას არ წარუდგენია.

რატომ ეპყრობა სასტიკად „ოცნების“ რეჟიმი სინდისის პატიმრებს და პროტესტის გამოხატვის გამო დაკავებულ ადამიანებს? – „ბათუმელებმა“ მეგი დიასამიძის ადვოკატთან, შოთა თუთბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო შოთ, დაკავებულ მეგი დიასამიძეს ზურგს უკან ჰქონდა ბორკილებით შეკრული ხელები 9 საათი და არ დაალაპარაკეს ადვოკატს – რას აჩვენებს ეს დამოკიდებულება? 

ეს დამოკიდებულება შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ მოპყრობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებით.

ეს აჩვენებს რამდენიმე რამეს: პოლიციელები კი არა, სინამდვილეში კრიმინალები, ემსახურებიან არა კანონს, არამედ რეჟიმს. ისინი ამ პროცესში თავს გრძნობენ არა მართლმსაჯულების განმახორციელებლებად, არამედ შურისმაძიებლებად. ისინი ცდილობენ ფიზიკური ტკივილი მიაყენონ ადამიანებს, ვისაც აკავებენ, ვისაც ხედავენ, როგორც მათ მოწინააღმდეგეს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებათა სტანდარტი სრულად არის მოშლილი შინაგან საქმეთა სამინისტროში – არავითარი დაცვის მექანიზმი ადამიანისა, მას შემდეგ, რაც ადამიანი პოლიციელის ხელში ჩავარდება, სამწუხაროდ, აღარ არსებობს.

მეგი დიასამიძის შემთხვევა არ არის გამონაკლისი შემთხვევა – ეს სისტემური მიდგომაა. მზია ამაღლობელის საქმეზეც პოლიციელის დაკითხვის დროს იგივე გამოვლინდა ზუსტად, როცა მზია ამაღლობელს დაადეს ბორკილები 30 პოლიციელის გარემოცვაში. ტრანსპორტირების დროს კი, განსაკუთრებით რთულია ბორკილები ზურგს უკან. როცა მეგიმ ითხოვა, წინ მაინც ჰქონოდა ხელები, უთხრეს: არ იმოძრაო და არ გეტკინებაო. შეგახსენებთ, რომ ისხდნენ მოძრავ მანქანაში და ამ დროს გურიიდან მოდიოდნენ თბილისისკენ.

შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ფიზიკური ზიანი მას არ მიუღია, მიღებული აქვს ფიზიკური ზიანი ხელებზე, ხელბორკილების შედეგად. ეს ხელბორკილები, როგორც იცით, თვითონაც ნელ-ნელა უჭერს ხოლმე ხელს – არ არის გათვლილი ამ ხანგრძლივობით გაკეთებაზე, მით უმეტეს ზურგს უკან.

მეგი დიასამიძეს ასევე არ მიეცა ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არცერთ ეტაპზე. მათ შორის, უარს ეუბნებოდნენ დიდი ხნის განმავლობაში ოჯახთან დაკავშირებაზეც, მანამ, ვიდრე დაკავებული უკვე თბილისის ეკიპაჟმა არ გადმოიბარა.

რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას: ის, რომ მეგი დიასამიძეს ასეთ პირობებში დაადეს ხელბორკილები, არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების საშუალება, ტელეფონი წაართვეს ისე, რომ არავითარი საპროცესო დოკუმენტი არ შეუდგენიათ – ეს არის მინიმუმ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი გულგრილობა.

ეს არის სისტემური, პოლიტიკური დავალება, რომ სასიქადულო ახალგაზრდებს, კარგ ადამიანებს, მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს სისტემა მოექცეს, როგორც მტერს

  • ცდილობენ, ამ გზით მორალურად გატეხონ სინდისის პატიმარი?

რასაკვირველია, ამის ინდიკატორი ბევრია. ფიზიკური ძალადობა აქტიურად არ განხორციელებულა, თუმცა ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთი მცდელობა იყო, მათ შორის, იყო დაშინების მცდელობა – რაღაც კარგი პოლიციელის როლის თამაშით და ვითომ დედობრივი მზრუნველობით დამთავრებული.

ის, რომ გატეხას ცდილობდნენ და ასეთ ენაზე ელაპარაკებოდნენ მთელი იმ 9 საათის განმავლობაში მეგის, ცხადია და ეს მეგიმ აღნიშნა ჩვენთან საუბარში.

  • თქვენ შეხვდით მეგის. რას ეუბნებოდნენ დაკავებულ მეგის პოლიციელები, მეტი დეტალები რომ გვითხრათ?

ბრალთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ, თუმცა ბევრი რამ ახსენეს, მათ შორის ახსენეს ის, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეა და არა ადმინისტრაციული საქმე.

ამ დრომდე ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია რეალურად რა მოტივით დააკავეს, იმიტომ, რომ არც დაკავების დროს და არც დაკავების შემდეგ მისთვის არ განუმარტავთ არც დაკავების საფუძველი, არც მიზეზი და არც მისი უფლებები.

მეგის დაკავება მოხდა გზაში, როცა ის მიდიოდა თბილისიდან ბათუმში, გზაში მოაწყვეს სპექტაკლი, რომ ვითომ მიკროავტობუსი გაფუჭდა და სთხოვეს გადასვლა სხვა მიკროავტობუსში, სადაც დასვეს წინ, მძღოლის გვერდით. ეს მძღოლი გაჩერდა ლანჩხუთის ტერიტორიაზე, სადაც ტყიანი მასივი იყო და სახლები არ ჩანდა, იქ ჩამოიყვანეს მიკროავტობუსიდან და ამ მომენტიდან იმ მომენტამდე, სანამ გავიგებდით, სად იმყოფებოდა, გავიდა დაახლოებით 9 საათი.

ამ პერიოდში არც იმას გვეუბნებოდნენ, რომ დაკავებულია. ჩვენ გავიგეთ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო განცხადებიდან, თუმცა კანონის ყველა ნორმის დარღვევით, ამდენი ხნის განმავლობაში, არ ვიცოდით, სად იმყოფებოდა, არ ვიცოდით, სად ჰყავდათ, ვერ ვპოულობდით.

მოკლედ, მეგი იყო გატაცებული – მეტი ამას სხვა სახელი არ აქვს. როცა უკვე გადმოიბარა თბილისის ეკიპაჟმა, შემდეგ დაურეკა გამომძიებელმა მეგის ოჯახის წევრს.

  • რა მდგომარეობაში დაგხვდათ მეგი დიასამიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში?

დაღლილი, ბუნებრივია და გაოგნებული: მის ცნობიერებაში ჯერ კიდევ არსებობდა რაღაც სტანდარტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ.

მას აქვს დაზიანებები ხელზე ბორკილებისგან, თუმცა მხნედ არის, ყოჩაღად. მას სჭირდება ცოტა ხანი დასვენება და დღეს, დღის ბოლოსკენ ალბათ ისევ შევხვდებით, უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

ჩვენ მას ვუთხარით, რომ გავრცელდა საჯარო განცხადება ბანერის დაზიანებაზე. თავადაც გვითხრა, პოლიციელები რაღაც დაზიანებაზე საუბრობდნენო, მაგრამ არ იცის, კონკრეტულად რაზე საუბრობდნენ.

  • მეგი დიასამიძისთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ, თუმცა ცნობილია, რომ გამოძიება მას კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავება სხვისი ნივთის დაზიანების, ან განადგურების მუხლით. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ კვალიფიკაციაზე?

ჯერ ცოტა ადრეა ამაზე ლაპარაკი, რადგან ბრალიც არ ვიცით, რას ამტკიცებს პროკურატურა. თეორიულად ისიც კია შესაძლებელია, იარაღი ვიპოვეთო, ესეც თქვან.

თუ ბანერის დაზიანებისთვის აპირებენ ბრალდებას, პირველ რიგში, ვნახოთ, მათი მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები რა იქნება, თუმცა, სულ რომ დადგინდეს და მეგიმ, ჩავთვალოთ, რომ აღიაროს ბანერზე წარწერის გაკეთება, თბილისში გვახსოვს „ქართული ოცნების” პროპაგანდისტის მიერ ორგანიზებული ტიტუშკები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში და მათი ხელმძღვანელების და თანამშრომლების სახლებში დადიოდნენ და წარწერებს ტოვებდნენ, მათ შორის, რამდენიმე ავტომანქანაც დაზიანდა, კორპუსებზეც აკეთებდნენ წარწერებს. ამის გაკეთება მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა აღიარა კიდეც და თქვა, რომ კი, მე გავაკეთე და უარესსაც ვიზამთ, თუ არ გაჩერდებითო. მაშინ ამას არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.

ამ შემთხვევაში კი, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ადამიანი საკუთარ პოზიციას გამოხატავს.

წარმოგიდგენიათ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც უკვე ფორმალიზებული დიქტატურა არ არის და იმის გამო, რომ მან პულვერიზატორით რაღაც წარწერა გააკეთა ბანერზე. თანაც ისე, რომ არც ქონება დაუზიანებია, ამის გამო ჩასვან ციხეში?

საუბარია წარწერაზე, რომელიც გაკეთებიდან რამდენიმე წუთში წაშალეს უბრალო ჩვრის გამოყენებით.

ეს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. როგორ შეიძლება აქციის მონაწილეს რაღაც წარწერის გაკეთების გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრო, ან თუნდაც ადმინისტრაციული, მაგრამ განსაკუთრებით სისხლის.

  • განიხილავთ, რომ ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმ საარჩევნო კოდექსის დარღვევა, რაც ითვალისწინებს 1000-ლარიან ჯარიმას?

მეორე შესაძლო ვარიანტი შესაძლოა იყოს, ანუ სააგიტაციო მასალის დაზიანება, ჩამოხევა, განადგურება, რაც არის ნამდვილად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თუმცა „ქართულ ოცნებას” ამ საარჩევნო ბანერების ამ ფორმით გაკვრისთვის თავად სჭირდება ნებართვა იმ უწყებისგან, რომელსაც ქალაქის მერია თავად კალაძე ხელმძღვანელობს…

არაერთი აქტივისტი თბილისში კედელზე ხატვის გამო არის დაჯარიმებული. მაგალითად, როცა „ტაბულა” აკეთებდა აქციებს „გაზპრომის“ მილების პლაკატებით, სამშენებლო ღობის ხის ფიცრებზე, კედელზე, გაკეთებული პლაკატების გამო არიან ადამიანები დაჯარიმებულები. ამიტომ, ეგ საკენკი, რასაც თითქოს კალაძე განმარტავს, შეუძლია ისევ დაუყაროს აი, იმ ტიტუშკებს, ვინც მიჰყავს ხოლმე მასთან.

ის, რომ აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეები შეიძლება აკეთებდნენ სხვადასხვა წარწერას ან აკრავდნენ სხვადასხვა სტიკერს სხვადასხვა ადგილზე, რა თქმა უნდა, არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის და მით უმეტეს – არც სისხლის სამართლის დანაშაული.

საარჩევნო ბანერის დაზიანების შესახებ კანონი არის შექმნილი იმ მიზნით, რომ პირიქით, დაიცვას ოპოზიცია ხელისუფლების მომხრეებისგან. ცხადია, კანონი ყველასთვის ერთნაირად მუშაობს, მაგრამ ამ ნორმის არსი და მიღების ისტორია არის ის, რომ იმ პერიოდში სამთავრობო ტიტუშკები და მომხრეები ხევდნენ და არ აჭაჭანებდნენ ქალაქში ოპოზიციის ბანერებს.

ამ სამართალდარღვევის მიზანი არის, რომ ბანერი აღარ გამოჩნდეს კონკრეტული საარჩევნო კანდიდატისა, მან ვერ აწარმოოს კამპანია, მაგალითად, კანდიდატს ყველა ბანერი ჩამოუხიეს კონკრეტულ ქუჩაზე, ან თავისი ბანერები გადააკრეს ზემოდან.

ამას ემსახურება ეს მუხლი და არა იმას, რომ რაღაც წარწერა გააკეთო ბანერზე და შენი აზრი გამოხატო. ამიტომაც, სამართალდარღვევასთან არცერთ შემთხვევაში ადგილი ვერ გვექნება. საქმე გვაქვს გამოხატვასთან.

  • თქვენ ახსენეთ შურისძიება. რა გათვლით მოქმედებს ამ დროს „ოცნება“, თქვენი დაკვირვებით?

შურისძიების ერთადერთი მოტივი, რაც შეიძლება მეგი დიასამიძის მიმართ არსებობდეს, არის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სამაგიეროს გადახდა. სხვა არავითარი ინტერესი მის მიმართ არ შეიძლება არსებობდეს.

„ქართული ოცნება” ახლა ისეთ გზაზეა, რომ ეს გზა მიდის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით, მას ახლა ამ მარწუხების მოშვების ფუფუნება – ალბათ, თავად ასე ფიქრობენ, – არ აქვთ. ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის, ეშინიათ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის. ასეთ შემთხვევაში, ამ მარწუხების მოჭერის გზა მათი შეხედულებით ერთადერთი შესაძლო ვარიანტია.

Exit mobile version