მთავარი,სიახლეები

„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე

06.09.2025
„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე

„მას შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ  ABC News-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე – მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მოსკოვში გაიმართოს.

„მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად სარაკეტო და თავდასხმების მსხვერპლია. მე არ შემიძლია ამ ტერორისტის დედაქალაქში წასვლა“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

3 სექტემბერს, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „თუ ზელენსკი მზადაა, დაე, მოსკოვში ჩავიდეს“.

5 სექტემბერს, უკვე რუსეთში, ვლადივოსტოკში მყოფმა პუტინმა ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა:

„მე ვთქვი: მზად ვარ, გთხოვთ, მობრძანდით, ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სამუშაოსა და უსაფრთხოების პირობებს, 100%-იან გარანტიას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ ვინმეს ნამდვილად სურს ჩვენთან შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ. ამისთვის საუკეთესო ადგილი რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, გმირი ქალაქი მოსკოვია“.

„ვფიქრობ, თუ გსურს, რომ შეხვედრა არ შედგეს, მოსკოვში უნდა დამპატიჟო.  რუსეთმა შეხვედრაზე საუბარი დაიწყო – ეს ცუდი არ არის. თუმცა, ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ მათ სურვილს, დაასრულონ ომი“, – განაცხადა საპასუხოდ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა პუტინს შეხვდეს, თუმცა ეს შეხვედრა აქამდე არ შემდგარა.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/CHRISTOPHE PETIT TESSON

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: