ნინო გოჩოლეიშვილი საქართველოდან პოლონეთში წასული შრომითი მიგრანტია. ამჟამად ვროცლავის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს დასუფთავების მიმართულებით, ხოლო საღამოობით, როცა დრო აქვს, მუშაობს საკუთარი მანქანით – მიტანის სერვისზე.
მისი ემიგრაციის ისტორია 2012 წელს იწყება – მაშინ, როცა საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ევროპაში წასვლა დიდ ბიუროკრატიულ და ფინანსურ ბარიერებთან იყო დაკავშირებული. ნინოსთვის ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება არ არის – ეს ბევრისთვის სტაბილური შემოსავლის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომაა. ამიტომ დღეს, როდესაც ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის წინაშე დგას, ნინო ამას „კატასტროფას“ უწოდებს – არა მხოლოდ პირად, არამედ ეროვნულ დონეზეც.
ნინო უკვე ოთხი წელია საქართველოში არ ყოფილა; შვილი დედის სანახავად ევროპაში ჩადის, თუმცა თუ უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, მშობლებსა და შვილებს შორის ისედაც იშვიათი შეხვედრები კიდევ უფრო გართულდება.
- ნინო, როდის და რატომ წახვედით ემიგრაციაში?
ემიგრაციაში პანდემიის შემდეგ წამოვედი. მანამდეც წავსულვარ ევროპაში სამუშაოდ, ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში – 90 დღით, მივდიოდი, ვმუშაობდი, ვაგროვებდი თანხას და მერე ისევ ვბრუნდებოდი საქართველოში. პირველად 2012 წელს წავედი შვედეთში. იქ ცხრა თვე ვიმუშავე. შემდეგ წავედი გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში. ყველგან პატარ-პატარა სამუშაოები მქონდა და გზადაგზა საქართველოშიც ვბრუნდებოდი.
მე ზუგდიდელი ვარ, თუმცა გარკვეული დრო თბილისში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. პროფესიით ხელოვანი ვარ, ესტრადის მომღერალი, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან პატარა ასაკში გავთხოვდი და ჩემი პროფესიით ვერ ვიმუშავე. მოგვიანებით ბევრი სამსახური ვცადე, მიმუშავია მცირე ხნით ხელოვნების მასწავლებლად სკოლაში, შემდეგ ესთეტიკურ ცენტრში მენეჯერად, მიმუშავია მაღაზიაშიც, პრომო გოგონადაც. სადაც მექნებოდა შესაძლებლობა, გზადაგზა ყოველთვის ვმუშაობდი.
პირველად რომ წამოვედი, მაშინ ჩემს ოჯახს ფინანსურად ცოტა უჭირდა, იმიტომ, რომ ბავშვი მყავდა პატარა, რაღაცა უნდა მეკეთებინა. ვერ ვიტყვი, რომ უკიდურესად მიჭირდა, ნორმალურ სამსახურში ვმუშაობდი, მაგრამ ანაზღაურება, რაც მქონდა, საკმარისი არ იყო.
წამოვედი იმისთვის, რომ უკეთესი, სტაბილური შემოსავალი მქონოდა, ოჯახისთვის და პირადი განვითარებისთვის მეტი რესურსი შემეგროვებინა. უფრო უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში მეცხოვრა.
პანდემიამდე ვცადე საჯარო სამსახურში მოხვედრა, მაგრამ პირდაპირ მითხრეს: თუ გახდები პარტიული, გექნება მაღალი ხელფასი, თუ გახდები “ჩამშვები”, მაშინ გექნება კარიერული წინსვლა. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ვიღაც შეიძლება იძულებული გახდეს, მსგავს რამეს ხელი მოაწეროს, მაგრამ მე ვერ ვიმუშავებ ისეთ სამსახურში, ვიღაცამ რომ ზევიდან დამიკაკუნოს – იცი რა, შენ ასე უნდა გააკეთო. ამიტომ ვთქვი ასეთ სამსახურზე უარი და ევროპაში წამოსვლა გადავწყვიტე. არ შემიძლია ასეთ გარემოში ცხოვრება, სადაც თავისუფალი ნება არ გაქვს, იქ ვერ ვიქნები კომფორტულად, მაშინ არ ვიქნები ნინო და ვიქნები ვიღაც სხვა.
ამჟამად პოლონეთში ვარ, ქალაქ ვროცლავში. პანდემიის შემდეგ აქ მოხვედრა მარტივი იყო, საბუთები სწრაფად კეთდებოდა, ამიტომ დავრჩი. უკვე ოთხი წელია აქ ვცხოვრობ და იმ დროიდან საქართველოში აღარ ვყოფილვარ.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ რამდენად რთული იყო ვიზალიბერალიზაციამდე ევროპაში წასვლა?
ვიზალიბერალიზაციამდე ევროპაში წასვლა ძალიან რთული იყო. მაშინ მომიწია საელჩოში (განცხადებით) შესვლა ვიზაზე – ვიზის მოთხოვნა. მხოლოდ შვედეთის ვიზაზე არ შევსულვარ, ვიყავი იტალიის და რამდენიმე ქვეყნის ვიზაზე შესული. საელჩოში ჩაწერა გრძელდებოდა კვირაობით.
ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული – საჭიროა საბანკო ამონაწერი, რომ ანგარიშზე გაქვს თანხა, საბაჟოზე პრობლემები რომ არ შეგექმნას – ჩემთვის, პირადად, შეუმოწმებიათ ხელზე ფული რამდენი მქონდა. იყო ძლიერი სტრესი და ხანგრძლივი მოლოდინის რეჟიმი.
პირველი მცდელობისას ვიზა არ ჩამირტყეს, როცა ბილეთები წასვლის და წამოსვლისაც ნაყიდი მქონდა. მხოლოდ მეორე ცდაზე მოვახერხე.
ეს პროცესი სამი თვე გაგრძელდა, იყო სტრესი და ფინანსური დანახარჯები, რომელსაც არავინ გიბრუნებს უარის შემთხვევაში. ჯერ საელჩოში ჩაწერა, რომ იქ მოხვდე, არ იცი, როდის იქნებოდა შენი ჯერი. მხოლოდ ამის შემდეგ იყო შესაძლებელი ბილეთების შეძენა. ახლა ბილეთს 100 ლარად ნახავ, მაშინ ასე არ იყო, წასვლის და დაბრუნების კონკრეტული თარიღით უნდა გეყიდა და გეჩვენებინა. დროც უსასრულოდ იწელებოდა.
დღეს ყველაფერი ბევრად მარტივია – შეგიძლია საღამოს ბილეთი იყიდო და მეორე დღეს გაფრინდე. ამიტომ ვიზალიბერალიზაცია უზარმაზარი მიღწევაა, რომლის დაკარგვაც დიდი საფრთხეა.
- თქვენი გამოცდილებით, რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია რიგითი ქართველისთვის და როგორ აისახება მისი შესაძლო გაუქმება მათ ცხოვრებაზე?
ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეს არ ეხება მარტო იმას, რომ ვიღაც წლების განმავლობაში ვერ წავა შვილთან ან ვიღაცას, სიტყვაზე, დედა გარდაეცვლება და მეორე დღეს შეეძლოს წასვლა – ეს ბევრად უფრო სერიოზულად დაგვაზარალებს. იმდენ უკან დაგვწევს, რომ შეიძლება კიდევ 50 წელი დაგვჭირდეს იმისათვის, რომ ისევ მივაღწიოთ იმას, რასაც დღემდე მივაღწიეთ, თუნდაც მხოლოდ ვიზალიბერალიზაციას.
ყველა არ არის წასული ოჯახთან ერთად. ბევრს საქართველოში ჰყავს შვილები, მშობლები, მეუღლე. ჩემ გარშემო 80% ასეა. მე თავად დედა ვარ და წარმოდგენაც არ მინდა, რომ შეიძლება ხელი შემეშალოს და ჩემი შვილი დიდი ხანი ვერ ვნახო. ეს იქნება უმძიმესი რამ ემიგრანტი მშობლებისთვის.
ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურადაც დააზარალებს. ტურიზმზე, ბიზნესზე, კულტურულ გაცვლებზე, განათლებაზე – ყველაფერზე იმოქმედებს. უამრავი ადამიანი დღეს ევროპიდან იწყებს მცირე ბიზნესს საქართველოში. ეს კავშირები რომ შეწყდეს, პირდაპირი ზიანი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის.
და კიდევ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვიზის და დროის ფაქტორი – სამედიცინო სერვისები. ძალიან ბევრი ქართველი ვიცი საფრანგეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანში, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარება უფასოდ. მე, პირადად, წინა თვეს გავიკეთე ოპერაცია და ერთი ცენტი არ დამიხარჯავს.
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ შეჩერდეს. მათთვის ვინც [სტატუსის] მოლოდინის რეჟიმშია და ელოდება საბუთს – იქნება კატასტროფა, იქნება გადეპორტება. ეს გაართულებს ქართველების დასაქმებას, არავის უნდა არალეგალი მუშახელი. ახლაც ერიდებიან ქართველების დასაქმებას – განსაკუთრებით ახალჩამოსულებს ან მათ, ვისაც საბუთები წესრიგში არ აქვთ. ბევრი ამ ეტაპზე მხოლოდ მოლოდინის რეჟიმშია, სანამ დოკუმენტებს მოაწესრიგებს.
ჩემი შვილი უკვე დიდია, მსახიობია და მუშაობს. ყოველდღე ვესაუბრებით ონლაინ, მაგრამ ფიზიკურად შეხვედრა არ არის ადვილი. ბოლო ოთხ წელიწადში სულ ხუთჯერ შევხვდით ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, მისი აქ ჩამოსვლა გაცილებით ნაკლები ხარჯია, ვიდრე ჩემი ერთი კვირით საქართველოში წასვლა. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, შვილი აქეთ ჩამოვიყვანო. აი, მაგალითად, სადღაც სექტემბერი-ოქტომბრის თვეში ჩამოდის გასტროლებით იტალიაში, რომში და მე ჩავდივარ იქ, რომ ვნახო, ცოტა ხანი ვიყო მასთან ერთად.
- თქვენ ირგვლივ როგორი განწყობები აქვთ ქართველ ემიგრანტებს ამ საკითხზე?
ძალიან ბევრი ქართველი, ბიჭებიც და გოგოებიც – ტაქსიზე მუშაობენ. რამდენიმემ უკვე დატოვა ქვეყანა, რადგან საბუთები არ ჰქონდა წესრიგში. აქ რაღაცები უკვე შეიცვალა ქართველი ემიგრანტებისთვის.
ბევრი უბრალოდ იმისთვის წამოვიდა, რომ ბანკის ვალი დაფაროს, სახლი არ დაკარგოს ან ოჯახი არჩინოს. ახლა წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებისთვის როგორი დარტყმა იქნება, თუკი ვიზალიბერალიზაციასაც დაკარგავენ. ეს ხალხი 24 საათი შრომობს – სიტყვასიტყვით. და ყველა ძალიან შეწუხებულია ამით.
- როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის?
ეს არის კატასტროფა – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მეც შეიძლება პოლიტიკაში კარგად ჩახედული არ ვიყო, მაგრამ კარგისა და ცუდის გარჩევა ნამდვილად შემიძლია.
ამიტომაც ვარ ქვეყნიდან წასული. ზოგჯერ ჩემი სახლის სუნი, ჩემი მიწა, ჩემი ცა მენატრება, მაგრამ წასვლა უკეთესის იმედით გადავწყვიტე და როცა ვხედავ, რაც ხდება ჩემს ქვეყანაში, აი გული მეგლიჯება.
დღეს მთავრობა ამ გზებით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა ვამბობ, რომ ეს არ არის ჩემი მთავრობა, ეს არ არის ჩემი პრეზიდენტი. ეს არის დეგრადაცია, ადამიანების დამონება და დაჩაჩანაკება. თუ შეიძლება არსებობდეს ქვეყნისთვის ყველაზე საშინელი სცენარი, ზუსტად ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება მის ხალხთან მიმართებით. ქვეყნის ევროპული კურსი და ჩვენი სტრატეგიული მომავალი ერთი ადამიანის ინტერესებს ეწირება – მისი ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, ფინანსურ ინტერესებს.
პოლიტპატიმრებად ქცეული ჩვენი ახალგაზრდების ნათელი მომავალი ეწირება „ქართული ოცნების“ იდეოლოგიას.
ეს არ არის დემოკრატია. ეს არის ის, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდით – რომ ამ მდგომარეობამდე მივიდოდა ჩვენი ხალხი და ქვეყანა. საცოდავი ჩვენი ქვეყანა.
ახლო მომავალში საქართველოში დაბრუნებაზე ვფიქრობდი. დღეს, გულახდილად გეუბნებით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა. რაც ყოველდღე ხდება ჩემს ქვეყანაში, რასაც ვუყურებ, იმდენად მძიმეა, მუდმივად სტრესში ვარ, ბევრი ტირილი, ბევრი ნერვიულობა… და სიმართლე გითხრათ, ახლო მომავალში კი არა, შორეულ მომავალშიც ვერ ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე. ეს ძალიან მტკივნეულია ჩემთვის.
ალბათ არც პოლონეთშიც გავჩერდები დიდი ხანი. როგორც კი საბუთებთან დაკავშირებულ პროცესებს დავამთავრებ და სხვა სტატუსს მივიღებ, აი მაშინ ვფიქრობ უფრო თბილ მხარეს გავეშურო საცხოვრებლად.
- საქართველოში შრომის და ცხოვრების ფასებს როგორ აფასებთ?
საქართველოში ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ხელფასი და ცხოვრების ხარჯები ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამიტომაც არის ყოველ მეორე ოჯახში ემიგრანტი, რომელიც რაღაცას აგზავნის საქართველოში.
მე დედა მყავს საქართველოში, მედიცინის სფეროში მუშაობს, ძალიან დაბალ ხელფასზე. ყველამ კარგად ვიცით, ვის აქვს დღეს საქართველოში მაღალი ხელფასები – ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანები გამდიდრდნენ კი არა, პირდაპირ მილიონერები გახდნენ.
დედაჩემი 72 წლისაა და მასაც უფიქრია ემიგრაციაში წამოსვლაზე. არაერთხელ უთქვამს ახლაც, ამ ასაკში. დღესაც დამატებით მუშაობს – ჩაწოლილ ქალბატონს უვლის. მთელი ცხოვრება ექთნად იმუშავა და ახლა მაინც დამატებითი შრომა უწევს, რადგან მისი ძირითადი შემოსავალი საკმარისი არ არის.
ევროპაში კი ექთნებს საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, თითქმის იმხელა, როგორიც ექიმებს. მე შვედეთში მყავს ახლობელი, უფროს ექთნად მუშაობს, ოპერაციებშიც იღებს მონაწილეობას და 10 ათას ლარზე მეტი აქვს თვეში ხელფასი.
იქ არ არსებობს „ზემოდან ყურება“. უფროსიც, მენეჯერიც, ჩვეულებრივი მუშაც – ყველა ადამიანურად გექცევა. აფასებენ იმას, რასაც აკეთებ. 1000 მადლობასაც გეტყვიან შენი შრომისთვის. საქართველოში კი ამის ძალიან დიდი დეფიციტია.






