მთავარი,სიახლეები

„ყველას უნდა აგვისტოს ბოლომდე გააღწიოს საქართველოდან“ – დასაქმება პოლონეთში

14.08.2025 •
„ყველას უნდა აგვისტოს ბოლომდე გააღწიოს საქართველოდან“ – დასაქმება პოლონეთში

„ყველას უნდა მოსწრება და აგვისტოს ბოლომდე გაღწევა საქართველოდან. არ ვიცით, რა იქნება, ძალიან განვიცდით ამ საკითხს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ევროპასთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე საუბრის დროს ირინა ნამიჩეიშვილი. იგი HR რეკრუტერია და ბოლო წლებია საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება პოლონეთში დასაქმებაში.

აგვისტოს ბოლოს ევროკავშირი იმსჯელებს – უნდა შეუჩერდეს თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს?

მას შემდეგ, რაც საქართველოსთან ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი აამოქმედა, საქართველოდან ევროპაში ბევრი დასაქმების მიზნით მიდის. დღეს მოქალაქეები საქართველოს ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური ხელისუფლების წყალობით, წარსულში დაბრუნების საფრთხეს ხედავენ – უფრო მეტ სიღარიბეს და უმუშევრობას, რომელსაც ვეღარ გაექცევი.

დასაქმებას ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეები ხშირად ახერხებდნენ პოლონეთში. ემიგრანტები აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყანაში შესაძლოა არ არის მაღალი ჯამაგირი, მაგრამ შედარებით იოლია სამუშაო ადგილის პოვნა.

პოლონეთში თვეში საშუალო ანაზღაურება 1500-1800 აშშ დოლარი გამოდის.

„თვეში 20-30 ადამიანამდე ვაგზავნი, ჩემს გარდა არიან სხვებიც, ვინც მხოლოდ პოლონეთზე მუშაობს… ბევრად მეტია მსურველი, მაგრამ რა შევთავაზო?“ – კითხულობს ირინა ნამიჩეიშვილი.

იგი ჩვენთან საუბრისას, პირველ რიგში, იმ დღეს იხსენებს, როცა თავადაც პოლონეთში იყო, მუშაობდა, როგორც ემიგრანტი და უთხრეს – საქართველოს მოქალაქეებს ვიზები აღარ დაგჭირდებათო.

„ეს იყო ჩემთვის ფანტასტიკის სფერო – შვილი ვნახე, სულ თოთო იყო, როცა დავტოვე საქართველოში და წავედი ემიგრაციაში.

ჩემსავით რამდენი ქალი იყო? ასობით და ათასობით ქალი, რამდენმა დედამ ჩაიკრა შვილი გულში? ახლა ოჯახის წევრებს თავისუფლად ნახულობ. ეს რამხელა სტიმულია, რომ გააგრძელო მუშაობა. ძალიან რთული შრომა უწევთ ემიგრანტებს. ვინმეს თუ მარტივი ჰგონია, ასე არაა.

ახლა ეს ყველაფერი უკან გვიბრუნდება, ყველაფერი შეიცვლება: საშინლად აისახება უვიზოს გაუქმება ყველა ოჯახზე. ემიგრაციით სუნთქავს საქართველოში უმრავლესობა.

თუ ჩამოვცილდით ამ ყველაფერს და დაგვიხურეს ყველა კარი, მთავრობის ბრალია, აბა, მეტი ვისი ბრალია? მე ვინც მირეკავს, ყველა შეწუხებულია ამით და ყველას აქვს აგრესია მთავრობის მიმართ.

ამიტომაც, ვთხოვთ კი არა, უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომ ეს საჩუქარი – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – არ დავკარგოთ,“ – ამბობს ირინა ნამიჩეიშვილი.

მას შემდეგ, რაც ქართველი ემიგრანტების ნაწილმა პოლონეთის, როგორც ტრანზიტული ქვეყნის გამოყენება დაიწყო, პოლონეთში დასაქმებულ ემიგრანტებს სამუშაო ნებართვის ქონა უკვე მკაცრად მოეთხოვებათ.

ირინა ნამიჩეიშვილი

ირინა ნამიჩეიშვილი გვიყვება, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ პრობლემად იქცა ქართველების რეპუტაცია პოლონეთში.

„საკმაოდ მარტივად გაიცემა ნებართვა, თუ არ აქვს კანდიდატს რამე სახის დარღვევა. 2 ივნისიდან პოლონეთში ამოქმედდა ახალი კანონი და ცოტა გართულდა პროცედურები: მაგალითად, ადამიანს უკვე ჰქონდა გაკეთებული ეს სამუშაო ნებართვა და არ გამოცხადდა დამსაქმებელთან, დამსაქმებელი ვალდებულია აცნობოს შესაბამის უწყებას 14 დღის ვადაში, რომ არ გამოცხადდა კანდიდატი… ვისაც არა აქვს დარღვევა, ვინც მიდის პირველად და ასე შემდეგ, უპრობლემოდ, მაქსიმუმ 14 სამუშაო დღეში ხელზე აქვთ სამუშაო ნებართვა.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ 80% პოლონური ვიზებით არ მუშაობს შემდგომ პოლონეთში – მიდიან, აგრძელებენ გზას, გერმანიაში, ჰოლანდიაში, სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, პოლონეთში არ იხდიან გადასახადებს.

მე ამჟამად ვმუშაობ ექვს წამყვანს კომპანიასთან პოლონეთში. ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი საქართველოს მოქალაქეებისთვის დაიხურა. როცა დამსაქმებლებს ვეკითხები, რა არის მიზეზი? პირდაპირ არავინ არაფერს გეუბნება, მაგრამ ფაქტია, რომ იმიჯი შეილახა: არის ქურდობის შემთხვევები, კონფლიქტები… ერთი დასაქმებული მყავდა, ქუჩის ბიჭი თუ რასაც ეძახიან. ინდაურების ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა, სადაც მზადდებოდა ხორცი, ორი-სამი დღე იმუშავა… შემდეგ ამ საწარმოს დირექტორმა მაჩვენა კადრები, როგორ იდებდა ეს ბიჭი ხორცის ნაჭრებს მაღალყელიან ჩექმებში.

ძალიან რთული შრომა უწევთ პოლონეთში. ფაბრიკა-ქარხნებში, ან ტანსაცმლის საწყობებში. ერთი შეხედვით ისე ჟღერს, რა უნდა იყოს ახლა ტანსაცმლის საწყობია, ეს არაფერი, შეფუთვა და ასე შემდეგ, ხომ? მაგრამ რომ ჩაუღრმავდე, მე დავდიოდი სწავლებაზე თარჯიმნად და კილომეტრების გავლა უწევთ 12 საათის მანძილზე, რაღაც არაადამიანური სისწრაფით მოძრაობა,“ – გვიყვება ირინა ნამიჩეიშვილი.

ქართველი რეკრუტერის დაკვირვებით, პოლონეთში უფრო ქართველ ქალებს ენდობიან.

„ქართველ ქალებს სადაც უმუშავიათ, ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, ყველგან ძალიან ენდობიან და უნდათ. ხშირად არათუ მოთხოვნა მიმიღია, არამედ მეხვეწებიან, იქნებ ქართველი ქალი გვაპოვნინოო…. სადღაც ერთი თვის წინ პოლონელი, 79 წლის ქალი დამიკავშირდა, ქართველი დიასახლისი მინდა სახლშიო – საქართველოში ვიყავი და ქართული სამზარეულო შემიყვარდაო. სხვათა შორის, კარგი გოგო ვუპოვე და ორივე ბედნიერია.

უკვე თითქმის ყველა კომპანიაში ითხოვენ რუსულ ენას, რადგან პროექტების კოორდინატორები, ბრიგადირები არიან უკრაინელები, უკრაინელებთან ძირითადად კომუნიკაცია არის რუსულ ენაზე და შესაბამისად, ითხოვენ რუსულ ენას, ინგლისური ნაკლებად იციან.

არ უნდა დავზარალდეთ უბრალო ხალხი… მთავრობას შეუძლია იმოქმედოს ისე, რომ რაღაცნაირად მოგვარდეს ეს საკითხი. ჩემმა შვილმაც მინდა, რომ ისწავლოს ევროპაში. რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ამ ყველაფერს მოკლებული?!“ – გვითხრა ირინა ნამიჩეიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: