უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს 2025 წლის მარტიდან უწევს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუნების ფონდის მონიტორინგის დოკუმენტში მზია ამაღლობელის საქმეში არსებული არაერთი გარემოება და დარღვევა მოხვდა.
მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, კლუნების ფონდის მონიტორინგისთვის აღსანიშნავი ფაქტია, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ღამეს პოლიციელების სამხრე კამერა გამორთული იყო და დაკავების ფაქტი არ არის დაფიქსირებული.
ასევე, ყურადღებას იქცევს ის საკითხი, რომპატიმრობის შეფარდებისას, სასამართლომ მზია ამაღლობელის გირაოს საფუძველზე გათავისუფლების მოთხოვნა არაერთხელ უარყო მხოლოდ პროკურატურის მტკიცებების საფუძველზე – რაც მათ შორის ეყრდნობოდა სადაო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, როგორც ერთადერთ არგუმენტს შესაძლო განმეორებითი დანაშაულის რისკის დასამტკიცებლად, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გირაოს საფუძვლები არ განხილულა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მონიტორინგისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის საკითხიც, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, აღიარა, რომ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი სიტყვიერად შეურაცხყო. თუმცა, სამართალდამცავებს დღემდე არ დაუწყიათ გამოძიება მისი მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განცხადებაზე.
კლუნების ფონდის მონიტორინის ქსპერტების ყურადღების ეპიცენტრში ასევე მოხვდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაცვის მხარემ დააყენა მოსამართლის აცილების მოთხოვნა, რადგან მოსამართლე ნინო სახელაშვილს არ აქვს სისხლის სამართლის საქმეების განხილვის კვალიფიკაცია, თუმცა ეს მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.
ასევე, ჩვენი ინფორმაციით, კლუნების ფონდის მონიტორინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სასამართლომ უარი თქვა მოესმინა დაცვის თითქმის 20 მოწმისთვის, რომელთა გამოკითხვაც დაცვის მხარეს სურდა მზია ამაღლობელის დაკავების კონტექსტის განსამარტად.
ექსპერტების ყურადღებას ისიც იქცევს, რომ სასამართლო ექსპერტმა, რომელმაც ბათუმის პოლიციის უფროსს ექსპერტიზა ჩაუტარა სილის გაწვნის შემდეგ, განაცხადა, რომ ლოყაზე დატოვებული კვალი ვერ ჩაითვლება „დაზიანების ობიექტურ ნიშნად“.
კლუნების ფონდის ფოკუსში ასევე მოხვდა პროკურატურის მხრიდან მზია ამაღლობელზე ზეწოლასა და დისკრედიტაციის მცდელობაზე: კერძოდ იმაზე, რომ პროკურატურამ მზია ამაღლობელს მოუწოდა ეღიარებინა დანაშაული, რაზეც მან უარი თქვა და, ასევე, პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა იყო „შურისძიების“ აქტი, რადგან იმ საღამოს მისი ნათესავი დააკავეს, თუმცა ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუნების ფონდისთვის კიდევ ერთ სერიოზულ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესების განმავლობაში, მზია ამაღლობელს თითოეული სხდომისთვის თბილისიდან – სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბათუმის სასამართლოში მგზავრობა უწევდა, რაც თითო გზაზე 5-6 საათს ითვალისწინებდა და ამან სერიოზული ზიანი მიაყენა მის ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის, რომ მზიას ადვოკატის განცხადებით, მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, როგორც ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობის, ასევე 2025 წლის 20 იანვარს დაწყებული 38-დღიანი შიმშილობის შედეგად.
კლუნების ფონდის-ის TrialWatch, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს 2025 წლის მარტიდან აკვირდება.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შეაფასებს საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად.
TrialWatch არის კლუნის ფონდის ინიციატივა, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება ცოლ-ქმარის, ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდს, ის 40-ზე მეტ ქვეყანაში უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სიტყვის თავისუფლებასა და ქალთა უფლებებს. ფონდის დახმარებით ათობით ჟურნალისტი გაათავისუფლეს და ათასობით ქალმა მიიღო უფასო იურიდიული მხარდაჭერა საკუთარი უფლებების დასაცავად.






