„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამთა მიქელაძე ფეისბუქზე ეხმიანება ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო სხდომას, რომელიც დღეს, პირველ აგვისტოს მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
თამთა მიქელაძე წერს, რომ მზია ამაღლობელი იქცა სიმბოლოდ იმ ქალების, რომლებმაც ბევრი იშრომეს და ხშირად უჩინარნი იყვნენ.
„მზია ამაღლობელი ივანიშვილის ამორალური და უმოწყალო პოლიტიკური რეჟიმის მამხილებელი ისტორიული გმირი გახდა.
მზიას საქმე არქეტიპულია: “ქალი მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ”. ყველაზე ობიექტური, მოუთვინიერებელი და პროფესიონალური მედიის დამფუძნებელი ქალი რეჟიმის მიერ სასტიკად ისჯება მოძალადე, ღირსების ამყრელი პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო.
მზიას სიტყვები – “იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის”, ჩვენი რეალობის და წინააღმდეგობის მთავარ პოლიტიკურ პოეზიად იქცა. ის არასდროს დაგვავიწყდება და თუ ახლა გავიმარჯვებთ, უსამართლობის არ დაშვების შეხსენება გახდება ყოველ ჯერზე მომავალში.
მზიას ციხეში შეჭრილი მოკლე, უსწორმასწორო თმა გახდა პირველი სხეულებრივი სიგნალი, შოკიც კი, რომ ის რაშიც შევდივართ არანორმალურია, საგანგებოა და საშიში და ჩვენს ყოველდღიურობაზე, რუტინაზე უარი უნდა გვეთქვა.
მზიას უცნაური, არაადამიანური სიმშვიდე პატიმრობაში, ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის აურის საუკეთესო აღმწერი გახდა. მშვიდად ბრძოლა არ არის ადვილი, მაგრამ ეს უნდა გვექნა.
მზია გახდა სახე იმ ჩვენი ქალების არმიის, ვინც ძალიან ბევრი იშრომა შექმნისთვის, ხშირად უჩინარიც იყო და დაბადა ნანგრევებზე, სიცარიელეში.
მზია აუტანელია რეჟიმისთვის, რადგან ის დაუმორჩილებელია და მართალი. აუტანელია იმიტომაც, რომ მზიას და მისნაირებს უკვე გაუმარჯვიათ ავტორიტარებზე და ეს ძალიან კარგად იცის მან, ვისაც ძალაუფლება უპყრია.
მზია თითქოს უმოწყალოდ სამართლიანი დროის ენერგიას ატარებს საკუთარ თავში და არქეტიპულია ისიც, რომ ეს როგორც ბევრ მითოლოგიაში, ის ქალია.
მზია აუტანელია რეჟიმისთვის იმიტომაც, რომ მის აქტს შეუძლია გარდაქმნას საჯარო სივრცე (ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის) სირცხვილისა და (წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანებისთვის) მრისხანების ადგილად. მზია სუბვერსიულ ენერგიას ატარებს და ამას გრძნობენ კაცები სისტემაში.
დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი იმართება და არსებობს მაღალი შანსი, რომ სასამართლომ ადგილზევე გამოაცხადოს განაჩენი. თუმცა მაღალი მობილიზაციისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებში, სხვა საქმეების მსგავსად, შესაძლოა განაჩენის გამოცხადება გადაიდოს.
დღეს ბევრი ადამიანი შფოთით, სევდით და ტკივილით ველით ამ პროცესს, მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რომ მზიას მსგავსი ადამიანების, ქალების ქვეყანა ვართ და საბოლოოდ, აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – წერს თამთა მიქელაძე.






