სიახლეები

ონკანიდან წყლის ნაცვლად ნავთობი მოდის

30.05.2012 • • 1797
ონკანიდან წყლის ნაცვლად ნავთობი მოდის

ავტორი: ხატია ღოღობერიძე, გაზეთი „ბათუმელები”

ბარცხანის დასახლებაში მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. მას შემდეგ, რაც ონკანიდან ნავთობი წამოვიდა, მოსახლეობა წყალს სასმელად არ იყენებს.

წყლის ნაცვლად ნავთობი ბარცხანის დასახლებაში, ქათამაძის ქუჩაზე, 40 ნომერში მდებარე კორპუსში გასულ კვირას წამოვიდა. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩა, ნავთობმა მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც დაუზიანა. „ჩართული მქონდა სარეცხი მანქანა და დაზიანდა, მთელი სარეცხი ნავთობში იყო. აბაზანაში წამოვიდა სქელი, ბლანტი, შავი სითხე“, – ამბობს დიასახლისი გვრიტუნა აფაქიძე.

30 წლის თამუნა ბერიძემ კი დილით ნავთობიანი წყლით მომზადებული ყავა დალია – „დილით, დაახლოებით 8 საათზე გავიღვიძეთ და ყავა უნდა დაგველია. ტელევიზორს ვუყურებდი თან და წყალი ისე ჩავასხი ჭურჭელში, არც შემიხედავს. ჩემმა ქმარმა თქვა, ნავთის გემო აქვსო, მაგრამ ვიფიქრეთ, ყავა იქნებოდა დანოტილი. მერე აბაზანაში შევიდა და ნახა, რომ ონკანიდან ნავთობი მოდიოდა. კიდევ კარგი, არ მოვიწამლეთ“.

თამუნა ბერიძე ამბობს, რომ ნავთობი ონკანში დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში მოდიოდა, მერე კი სისტემა გადაკეტეს და წყალი თანდათან გაიწმინდა. თუმცა, ბოლომდე სუფთა ახლაც არაა და გარდა სპეციფიკური სუნისა, თავისებური ნადებიც აქვს ზედაპირზე. ამიტომ საჭმლის მოსამზადებელ და დასალევ წყალს ეზიდებიან ან ყიდულობენ. თამუნას თქმით, აქამდე მილის გაწმენდის შემდეგ ყოველთვის ქლორიანი წყალი მოდიოდა ონკანში, ახლა ასე არ მომხდარა და ამიტომ ვარაუდობს, რომ საფუძვლიანად არ გაუწმენდიათ მილი.

კორპუსის პირველ სართულზე სასურსათო მაღაზია აქვს ლამარა მჟავანაძეს. ნავთობიანი წყალიც პირველად აქ შენიშნა – „წყალნარევი ნავთობი კი არა, შავი მაზუთი მოდიოდა. მას მერე ნავთობის სუნი აქვს წყალს. ამასწინათ ჩაი ავადუღე და ზემოდან ნავთობის თხელი ფენა მაინც ჰქონდა, ჭურჭელს რომ ვრეცხავ იმ წყალში, ნავთობი ზედვე რჩება. საერთო ლუქიც რომ გახსნეს, სულ შავი გუდრონი ამოიღეს, მერე ლუქიც ნახევრად ღიად დატოვეს. შეიძლება ბავშვი ჩავარდეს შემთხვევით“.

ლამარა მჟავანაძეს ნავთობის ნაწილაკები მანამდეც შეუნიშნავს ონკანიდან გამომავალ წყალში, მაგრამ არა ინტენსიურად. ამიტომაც ფიქრობს, რომ მილი კარგა ხნის წინ დაზიანდა და ახლა გასკდა.

შპს „ბათუმის წყლის“ ტექნიკური დირექტორი, ალეკო მიქელაძე: „ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე გადის ჩვენი მაგისტრალური მილსადენი. აქ არის ძველი დაღვრილი ნავთობპროდუქტები და ისტორიული დაბინძურების კერა. დაზიანდა წყლის მილი. იმ ღამეს წყალი გადაკეტილი იყო წვიმების გამო. როცა მილში წყალი დაილია, იმ მომენტში გაჯერდა დაზიანებულ ადგილზე წყლი ნავთობით: რადგან წყალი გადაკეტილი იყო, მილში წნევა არ იყო და ადვილად შევიდა ნავთობი შიგნით. დაზიანებული ადგილი მეორე დღესვე იქნა აღმოჩენილი, შეკეთდა და ნავთობკერა მოისპო. დღეისათვის არანაირი საშიშროება იმისა, რომ ნავთობპროდუქტი მოხვდეს ამ მილში, არ არის“.

ალეკო მიქელაძის თქმით, წყალი ერთი თვის განმავლობაში დასალევად არ იქნება ვარგისიანი, რადგან ნავთობი წყალს უცვლის ფერს და გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ მილი გაირეცხოს. თუმცა მოსახლეობამ წყლის გადასახადი მაინც უნდა გადაიხადოს, რადგან ამ წყლის გამოყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულებით შეიძლება. რაც შეეხება კომპენსაციას დაზიანებული ტექნიკისთვის, მას შპს „ბათუმის წყალი“, რომელიც მონოპოლისტია ბაზარზე, არ გასცემს.

ლამარა მჟავანაძე ამბობს, ბარცხანის დასახლებაში ამ შემთხვევამდე განსაკუთრებით მძაფრი სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მისი თბილისელი სტუმრები დროზე ადრე წავიდნენ – „კანალიზაცია პირდაპირ ზღვაში შედის, ონკანში მაზუთი მოდის და რომელ ტურისტების მოზიდვაზეა საუბარი?“

თამუნა ბერიძე ორი თვეა ცხოვრობს ბარცხანაში, თუმცა უკვე მიეჩვია სპეციფიკურ სუნს. კორპუსთან ახლოს მდებარე სასურსათო მაღაზიაში კი გვითხრეს, რომ არანაირი სუნი არ არის და ჩვეულებრივი, გაზაფხულის სურნელია.

სპეციფიკური სუნის პრობლემაზე „ბათუმელები“ ორი წლის წინაც წერდა. მაშინ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ვახტანგ ბერიძემ დაადასტურა, რომ ნავთობპროდუქტების სუნი მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. რამდენიმე წლის წინ იგი გამოკვლევებს ატარებდა და დადგინდა, რომ ბენზე-ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებთ ხშირად უმწვავდებათ ბრონქული ასთმა და სხვადასხვა ალერგიული დაავადება. ვახტანგ ბერიძე: „ნავთობპროდუქტების სისტემატურად ჩასუნთქვა კონიუქტივიტს, ბრონქოსპაზმსა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს. შესაძლებელია, ეს ასთმის მაპროვოცირებელიც გახდეს, ან უკვე არსებული დაავადება გაამწვავოს. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების მძაფრმა სუნმა შეიძლება ნერვული სისტემაც დააზიანოს“.

გადაბეჭდვის წესი