მთავარი,სიახლეები

4 პატიმრობა და 3 დაჯარიმება ერთ დღეში – პროტესტთან დაკავშირებული დაკავებებისა და ჯარიმების სერია

30.05.2025
4 პატიმრობა და 3 დაჯარიმება ერთ დღეში – პროტესტთან დაკავშირებული დაკავებებისა და ჯარიმების სერია

დღეს, 30 მაისს, თბილისში დააპატიმრეს 1 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და 3 აქტივისტი, ხოლო 3 აქტივისტი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების დედა, დააჯარიმეს.

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული დაკავებისა და დაჯარიმების სერია ასე გამოიყურება:

5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს თორნიკე სხვიტარიძეს, რომელიც სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმაა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა.

12-დღიან პატიმრობაში გაუშვეს აქტივისტი ლიკა ლორთქიფანიძე, რომელსაც „ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა შეურაცხყოფისთვის უჩივლა.

12-დღიან პატიმრობაში გაუშვეს თათია აფრიამაშვილი – მასაც მარიამ ლაშხმა უჩივლა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

ეს შემთხვევა მოხდა 17 მაისს, თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი ერთ-ერთ კაფეში მარიამ ლაშხის მაგიდასთან მივიდნენ მოწოდებებით – „თავისუფლება რუსული რეჟიმის ტყვეებს”, “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია”, “ძირს რუსეთის მონები.” სწორედ ამ შეძახილებისთვის დააპატიმრეს აქტივისტები დღეს.

სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელიც 29 მაისს, საღამოს, როგორც თავად ნიკა მელიამ და მისმა ადვოკატებმა განაცხადეს ჟურნალისტებთან, ათამდე პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირმა გაიტაცა ავტომანქანიდან, რომელშიც იმყოფებოდა.

ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე მიუსვლელობის გამო 50-ათასლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა. მან ასევე უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე, რომელიც 29 მაისს უნდა გამართულიყო თბილისში, თუმცა ამავე სასამართლო სხდომაზე არც აღნიშნული საქმის პროკურორები გამოცხადებულან.

ნიკა მელია, გატაცების შემდეგ, დღეს, 29 მაისს, იძულებით მოიყვანეს სასამართლო დარბაზში და პატიმრობაში დატოვეს.

რაც შეეხება ჯარიმებს.

დღეს სასამართლომ პარტია „ახალის“ წევრი ანა ქავთარაძე დააჯარიმა 5000 ლარით.

ასევე 4000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს ორი არასრულწლოვანი ბავშვის დედას, მაგდა მამუკაშვილს, რომელსაც ასევე მარიამ ლაშხმა უჩივლა.

5000 ლარით დააჯარიმეს მარიზი კობახიძე, რომელიც სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედაა. მას გზის გადაკეტვას ედავებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: