ავტორი: გენო გელაძე
„ბათუმელების“ წინა ნომერში გამოქვეყნდა ჩემი მოსაზრება საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი მაჟორიტარების საქმიანობის შესახებ. გაზეთის გამოსვლის შემდეგ ბევრი ნაცნობი თავისი ინიციატივით ჩემთან განიხილავდა მაჟორიტარების თემას. მაშინ მივხვდი, რომ თურმე ბევრი ადამიანი ზუსტად ისევე ფიქრობს ამ საკითხზე, როგორც მე. თუმცა, მაჟორიტარის ინსტიტუტის შესახებ ძალიან ცოტას აქვს ინფორმაცია.
მაჟორიტარი დეპუტატი ყველაზე კარგი ინსტრუმენტია ხალხის მიერ სახელმწიფოს მართვის, თავისი ინტერესების წარმოდგენისა და ლობირების კუთხით. საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს ყველა მოქალაქეს ანიჭებს უფლებას, რომ უშუალოდ ან წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში. ასეთი წარმომადგენლების პირდაპირი გამოვლინებაა მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ ერთ ნაწილს ჰყავს საკრებულოში, უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში.
ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, რატომ აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს? არჩეული მაჟორიტარები ხომ თავის საარჩევნო ოლქში მცხოვრები ყველა მოქალაქის ინტერესს გამოხატავენ? – რა თქმა უნდა, კანონმდებლობით ასეა, რომ არა ქ. ბათუმში შექმნილი ერთგვარი სამართლებრივი გაურკვევლობა.
როგორც ცნობილია, ბათუმის საზღვრები უკვე მეორედ გაფართოვდა. ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ არავის უმსჯელია ბათუმისთვის ახალშემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ისეთი უფლების „ჩამორთმევაზე“, როგორიცაა მაჟორიტარი დეპუტატის მეშვეობით ქვეყნის, რეგიონის, ქალაქის მართვაში მონაწილეობა და მოსახლეობის ინტერესების წარმოდგენა წარმომადგენლობით ორგანოში.
საქმე იმაშია, რომ ბათუმისთვის ახალი ტერიტორიის შემოერთებით ბათუმის საკრებულოში თავისთავად ვერ გაიზრდებოდა მაჟორიტართა რაოდენობა. ამ მოქალაქეებს ბათუმის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად, მათ წარმომადგენელი ბათუმის საკრებულოში არ ჰყავთ. ამ მოსახლეობას ადრე წარმომადგენელი (მაჟორიტარი) ხელვაჩაურის საკრებულოში ჰყავდა, თუმცა ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შემდეგ ხელვაჩაურის საკრებულოში დარჩენილ ამ მოსახლეობის წარმომადგენლებს ქ. ბათუმში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების წარმოდგენა ბათუმის მუნიციპალიტეტში არ შეუძლიათ, ხელვაჩაურს კი ეს ტერიტორიები აღარ ეკუთვნის. გამოდის, რომ ბათუმისთვის ახალშემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საკრებულოში მაჟორიტარი არ ჰყავს.
ამ მოსახლეობამ, თავის დროზე, როდესაც ირჩევდა პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს წევრებს, აირჩია ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატები. ამ დეპუტატებს უკვე ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მოსახლეობის წინაშე არანაირი ანგარიშვალდებულება აღარ გააჩნიათ. საინტერესო ის არის, რომ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი ბათუმის მაჟორიტარებიც პირდაპირი ფორმით არ არიან ანგარიშვალდებულნი ბათუმისთვის შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის წინაშე, რადგანაც ამ მოსახლეობას თავის დროზე, არჩევნებში ამ მაჟორიტარების საარჩევნო ოლქში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ (როგორ შეიძლება მაჟორიტარი პირდაპირ ანგარიშვალდებული იყოს იმ მოსახლეობის წინაშე, რომელიც მისი არჩევის ან არარჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იყო ჩართული).
შესაძლოა ეს მოსაზრება იურისტებისთვის საკამათო იყოს, ერთი რამ კი ფაქტია, რომ თემა ნამდვილად საინტერესო, ხოლო დემოკრატიული პროცესისთვის გადამწყვეტია (თუკი მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოებში წარმომადგენლები არ ეყოლებათ, ეს დემოკრატიის იმ უმთავრესი პრინციპის დარღვევას ნიშნავს, რაც ხელისუფლების განხორციელებაში ხალხის მონაწილეობის შესაძლებლობას გულისხმობს).
სხვათა შორის, ის გარემოება, რომ ზემოთ მოყვანილი პრობლემა (თუკი ეს საერთოდ პრობლემაა) არასდროს გამხდარა დისკუსიის საგანი, მიუთითებს საქართველოში მაჟორიტარის ინსტიტუტის განუვითარებლობაზე. ანუ, მოსახლეობა ვერ გრძნობს ამ სისტემის საჭიროებას.
მიმაჩნია, რომ ქვეყანაში მაჟორიტარის ინსტიტუტის განვითარებისათვის საჭიროა ამ საკითხზე დისკუსიების, საჯარო განხილვების, დებატების მოწყობა.