ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამჯერად ულიცენზიოდ 1,5 მილიონ კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს ქობულეთის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვებს. კომპანიას 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში მხოლოდ 24 თეთრის გადახდა მოუწევს.
ბათუმში კი კომპანია ტროტუარის გასწვრივ ლითონის ღობეს აწყობს, მათ შორის ქალაქის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზეც. აქვს თუ არა შესაბამისი ნებართვა „ამბასადორს“? – ქალაქის მერიიდან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.
ქობულეთში 21,7 ჰექტარ ტერიტორიაზე 1,5 მილიონი კუბური მეტრი წიაღისეულის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება კომპანიას ერთი წლის განმავლობაში ექნება. შესაბამის განკარგულებას „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 6 მაისს მოაწერა.
„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 1 500 000 [ერთი მილიონ ხუთასი ათასი] მ3 სასარგებლო წიაღისეული [კვირიკეს ტუფობრექჩიები და ანდეზიტო-ბაზალტები] ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კვირიკეს ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ამბასადორს“ „ოცნების“ მთავრობა ლიცენზიისგან ათავისუფლებს.
„ამბასადორი“ ნახევარ მილიონ კუბურ მეტრ წიაღისეულს ულიცენზიოდ ქობულეთში, ხალას მიმდებარე ტერიტორიაზეც მოიპოვებს.
- ვრცლად: „გზასაც კი არ გვიკეთებენ“ – რას ამბობენ სოფელში, სადაც ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან


ახალი, 6 მაისის განკარგულებით, „ამბასადორმა“ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული მხოლოდ კუნძულის/ნახევარკუნძულის მშენებლობისთვის უნდა გამოიყენოს.
ამასთან, კომპანიამ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს 365 ათას 217 ლარის გადახდა“.
ანუ, 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში „ამბასადორი“ მხოლოდ 0,243 ლარს ანუ დაახლოებით 24 თეთრს გადაიხდის.


ახალი განკარგულების მიხედვით, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა უნდა განახორციელოს მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ.
„ამბასადორმა“ კი, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

„ამბასადორი“ ზღვაში ხელოვნურად შექმნილი ნახევარკუნძულის გარკვეულ ნაწილზე ცათამბჯენების მშენებლობას იწყებს, რის გამოც საპროექტო ტერიტორიას უკვე ღობავს.
ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ მასშტაბური პროექტი ისე ხორციელდება, რომ ქალაქს ამ დრომდე გენგეგმა არ აქვს.
„ამბასადორი“ არა მხოლოდ მასზე გადაცემულ თუ ხელოვნურად შექმნილ ნაკვეთებს, არამედ იმ ტერიტორიასაც ღობავს, რომელიც ამ დრომდე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და რეესტრის ბოლო ამონაწერით ის არც გასხვისებულია და არც იჯარითაა გადაცემული. ანუ, „ამბასადორი“ ლითონის ღობეს ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ, ქალაქის კუთვნილ ნაკვეთზე აწყობს.
„ბათუმელები“ დაინტერესდა რამდენად კანონიერად ღობავს ტერიტორიას კერძო კომპანია? აქვს თუ არა მას შესაბამისი ნებართვა და რა უფლებით, რის საფუძველზე სარგებლობს მუნიციპალურ ქონებას?
ჩვენს კითხვებზე ბათუმის მერიიდან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. მუნიციპალური ინსპექციიდან კი მოგვწერეს: „ნებართვის გამცემი ორგანო არ ვართ… სხვა დამატებითი ინფორმაცია უნდა გამოითხოვოთ ოფიციალურად“.
ბათუმის მერიიდან და მუნიციპალური ინსპექციიდან აღნიშნულ საკითხზე „დამატებით ინფორმაციას“, მიღების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ.


ამ თემაზე:
ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება