მთავარი,სიახლეები

ბათუმელი მედროშე 2 დღით შიმშილობს – მას ქვეყნიდან აძევებენ

30.04.2025
ბათუმელი მედროშე 2 დღით შიმშილობს – მას ქვეყნიდან აძევებენ

„მითხრა, რომ დღეს და ხვალ სიმბოლურად ისევ შიმშილობს“, – ამბობს ნინა კაკულია, ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] მეგობარი.

ნინა კაკულიას თქმით, თემურ ქათამაძე დღევანდელი შიმშილობით ფონდების წარმომადგენლების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკას აპროტესტებს, ხვალინდელი შიმშილით კი, სოლიდარობას ჭიათურელ მაღაროელებს  უცხადებს.

გუშინ, 29 აპრილს, პოლიციამ ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერი დააკავა: აჩიკო ჭუმბურიძე, მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი. გუშინვე საქველმოქმედო ფონდების დამფუძნებლების სახლებში პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა.

ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს სასამართლომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უარი გუშინ, 29 აპრილს უთხრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბათუმელი მედროშის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა მიიღო.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ოცნების“ მთავრობას თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევება შეუძლია.

მას შემდეგ, რაც თემურ ქათამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, ასევე ბინადრობაზე უარი უთხრეს, ბათუმის საპროტესტო აქციების ცნობილმა მედროშემ საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ბათუმელი მედროშის თქმით, ის თურქეთში გარკვეულ იურიდიულ და სათარჯიმნო მომსახურებას უწევდა ფეტულა გიულენის ჯგუფის წევრებს და მას თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში უკანონო პატიმრობა ემუქრება.

თემურ ქათამაძეს სხვადასხვა ქვეყნისთვის მიუმართავს ლტოლვილის სტატუსის მისაღებად, მათ შორის, საფრანგეთისთვისთვის, რაშიც ნინა კაკულიას თქმით, თემურ ქათამაძეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა – ოთარ ზურაბიშვილი ეხმარება.

  • რა ხდება?

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა და აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა.

თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია, მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

იმის გამო, რომ საქართველოდან პროევროპული პროტესტის გამო აძევებენ და ლტოლვილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო და 5 აპრილს შეწყვიტა. ბათუმელი მედროშის თქმით, ხელახლა შიმშილობით მან სოლიდარობა ჭიათურელ მეშახტეებს გამოუცხადა.

თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.

თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: