მთავარი,სიახლეები

„ემზადება გაძევებისთვის“ – ნინა კაკულიას თქმით, ბათუმელ მედროშეს მასთან დაქორწინების უფლება არ მისცეს

05.04.2025 •
„ემზადება გაძევებისთვის“ – ნინა კაკულიას თქმით, ბათუმელ მედროშეს მასთან დაქორწინების უფლება არ მისცეს

„სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებში არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, სახელოვნად გამარჯვებამდე!“ – წერს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის იზოლატორიდან დღეს, 2025 წლის 5 აპრილს გამოგზავნილ წერილში „ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი].

დღეს ბათუმელმა მედროშემ შიმშილობა შეწყვიტა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და თურქეთის მოქალაქე. იგი ბოლო წლებია ბათუმში ცხოვრობს და უშედეგოდ ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას. მას შემდეგ, რაც თემურ ქათამაძე პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა ბათუმში, „ოცნებამ“ მისი ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტა.

„ბათუმელი მედროშე“ პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა.

თემურ ქათამაძის მეგობარი, ნინა კაკულია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მან დღეს, 5 აპრილს მოინახულა „ბათუმელი მედროშე“ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მითხრა, რომ ეს შიმშილობა სიმბოლურად მიუძღვნა ჭიათურელ მაღაროელებს… მან შიმშილობა შეწყვიტა. მითხრა, რომ ემზადება გაძევებისთვის,“ – ამბობს ნინა კაკულია. მისივე თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ თემურ ქათამაძეს მასთან დაქორწინების უფლება არ მისცეს. მედროშემ ვერ მიიღო პასუხი, რატომ შეუზღუდეს მას ეს უფლება.

„მე, ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე, ჩემი სიმბოლური შიმშილობის ბრძოლის მე-4 დღეს მივესალმები ჭიათურელ მაღაროელების ბრწყინვალე, „სამაგალითო“ ბრძოლის ფორმებს, კერძოდ შიმშილობას და გაფიცვას. მე მათ ვუცხადებ ჩემს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას!  ანწუხელიძე უკვდავია. არასდროს, არასდროს არ დანებდე!  თბილისი, სამშობლო,“ – მოგვწერა იზოლატორიდან  ჟურნალისტებს თემურ ქათამაძემ.

მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი, „ბათუმელმა მედროშემ“ ღია წერილით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა:

მოგახსენებთ, რომ თურქეთში ჩემი გაძევების საფრთხის ასაცილების შესახებ ჩემი მეგობრის მეშვეობით თქვენთვის გადაცემულ ჩემ მიერ დაწერილ წერილში ადრე გაცნობეთ, თუმცა დღეს უკვე ბევრი დრო აღარ მაქვს. მალე და სასიკვდილოდ მჭირდება საფრანგეთის თავშესაფარი ან მოქალაქეობა. შესაბამისი მოთხოვნით წერილი მაქვს შეტანილი საფრანგეთის საელჩოში, თბილისში. თქვენმა ძმამ, ბატონმა ოთარმა, ერთხელ კი მიმართა საელჩოს ჩემ მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ჩანს, გადამწყვეტი არის მხოლოდ თქვენი პირადი რეკომენდაცია, აღნიშნული ჩემი მოთხოვნების სწრაფად და დადებითად დაკმაყოფილებისათვის.

თქვენ მხოლოდ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი კი არ ბრძანდებით, ამავდროულად საფრანგეთის ქართული დიასპორის წარმომადგენელიც ბრძანდებით. როგორც მე ვარ ისტორიული ქართული დიასპორის საკითხებში [ჩვენებურების, ფერეიდნელებისა და ჰერელი-ინგილოების] წარმოადგენელი. მამათქვენი ჩვენებურთა ბელადის, ახმედ მელაშვილის ახლო მეგობარი იყო, იმ დონეზე [ახლო], რომ თურქეთსა და საფრანგეთს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლაც კი ჰქონდათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ მე მხოლოდ თურქეთის ეთნიკური ქართველების წარმომადგენელი და ლიდერი კი არ გახლავართ, ასევე 40 წელია ახმედ მელაშვილის ეროვნული ქართული საქმიანობის ამაყად და ღირსეულად გამგრძელებელი ერთადერთი ფიგურა ვარ.

მე დღეს უკვე 3 თვეა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარი ვარ, რომელიც მემუქრება თურქეთში გაძევებით, სადაც მე ციხე და სიცოცხლის მოსპობა მელის, როგორც „ქართველ სეპარატისტს“, როგორც ახმედ მელაშვილს 80-იან წლებში.

ზემოთ აღნიშნული ყველა ფაქტიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ სრულად ვიმსახურებ თქვენს ლეგიტიმურ და ინდივიდუალურ დახმარებას. ვიცი, რომ საქართველოს გადარჩენისთვის ძალიან დატვირთული დღის წესრიგი გაქვთ, თუმცა ჩემი მომავლის გადარჩენისთვის ჩემთვის 1 წუთის გამოყოფას ველოდები, ბევრს არა!

პატივისცემით, „ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძე, იგივე გაფარ ილმაზი. თბილისი, სამშობლო,“ – აღნიშნულია თემურ ქათამაძის ღია წერილში.

———-

მას შემდეგ, რაც თემურ ქათამაძე პროევროპული აქციების მედროშედ იქცა, ის 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი, შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა. თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა. მის ინტერესებს საია იცავს.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

ვიდრე სასამართლო მუჰაჯირების შთამომავლის ქვეყნიდან გაძევების საკითხს განიხილავს, თემურ ქათამაძემ ლტოლვილის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შსს-მ უარი თქვა. თემურ ქათამაძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ამჯერად იგი სააპელაციო ინსტანციის პასუხს ელის.

ფოტოზე: თემურ ქათამაძე სასამართლო სხდომაზე 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ და ნინა კაკულია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: