მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დღეს, 11 თებერვალს, ქუჩაში სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
მან თავდასხმის შესახებ ვიდეო დილით, 10:00 საათზე გაავრცელა. გაბიტაშვილი ამბობს, რომ თბილისში სახლთან იმ დროს დახვდნენ, როცა ძაღლს ასეირნებდა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები აღენიშნება შუბლზე.
„სამი კაცი მომვარდა ნიღბებით, დამესხნენ თავს, ქურთუკი შემომახიეს. ვერავის ვერ შეაშინებთ, დროა ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი, ვინც ციხეშია, გამოუშვან.
მცემენ, მიმარტყამენ თუ მომარტყამენ, ამით ვინ უნდა შეაშინონ. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ.
დილის ცხრა საათზე, ძაღლს რომ ვასეირნებ და უნდა მომვარდეთ, ძალიან სასაცილოა. აქ არავის არაფრის არ ეშინია და ჩვენ ჩვენსაც აუცილებლად მივაღწევთ.“-ამბობს თავდამსხმელების მისამართით ლაშა გაბიტაშვილი.
ის ამბობს, რომ აპირებს თავდასხმის შესახებ მიმართოს პოლიციას.
ლაშა გაბიტაშვილი დუბაიში „ქართული ოცნების” დეპუტატებთან ინციდენტში მონაწილეობდა.
ის თავდასხმას სავარაუდოდ აბუ-დაბის ინციდენტს უკავშირებს, სადაც არალეგიტიმური პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუას სასტუმროში შეხვედრისას ჰკითხა, იცოდა თუ არა 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი მოვლენების შესახებ, სადაც აქციაზე არაერთი დემონსტრანტი დააკავეს. ვიდეოში, რომელიც ასევე ლაშა გაბიტაშვილმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ირაკლი ზარქუა კითხვას არ პასუხობს და კამერას თავიდან იშორებს.
ვიდეოში, ლაშა გაბიტაშვილი აგინებს და მოღალატეს უწოდებს ირაკლი ზარქუას და ისიც გინებითვე პასუხობს.
მეორე დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ გაბიტაშვილს. კადრებში, რომლებიც ლაშა გაბიტაშვილმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა, ჩანს, რომ მას საუზმისას თავს დაესხნენ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე.




