სიახლეები

ადენაუერის ფონდი მზია ამაღლობელის მყისიერად გათავისუფლებას ითხოვს

14.01.2025
ადენაუერის ფონდი მზია ამაღლობელის მყისიერად გათავისუფლებას ითხოვს

კონრად ადენაუერის ფონდი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ ორგანოს, მყისიერად გათავისუფლდეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. ამის შესახებ ნათქვამია ფონდის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ქალბატონი მზია წლებია ხელს უწყობს თავისუფალი სიტყვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვას საქართველოში.

როგორც კონრად ადენაუერის ფონდის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, ქალბატონი მზია მრავალი წელი დაუღალავად მუშაობდა გამოხატვის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის პრინციპების დასაცავად, რომლებიც აუცილებელია ცოცხალი, დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. მისი საქმიანობა მედიადამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად საქართველოში ჩვენი საერთო მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მივიჩნევთ, რომ მისი დაკავება არა მხოლოდ ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისადმი ერთგულებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ მისი დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება.

ჩვენი პარტნიორობა მზია ამაღლობელთან და მის ორგანიზაციებთან უმნიშვნელოვანესია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისთვის.

კონრად ადენაუერის ფონდი სოლიდარობას უცხადებს ქალბატონ მზიას, მის კოლეგებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ცივილიზებული და თავისუფალი საზოგადოების შექმნას ესწრაფვის”, –  ნათქვამია გერმანული ფონდის განცხადებაში.


11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედიაპლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.

იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.

გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად, სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულას ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: