მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელი სასამართლოში მიიყვანეს, სადაც მის მხარდასაჭერად აქცია იმართება

14.01.2025
მზია ამაღლობელი სასამართლოში მიიყვანეს, სადაც მის მხარდასაჭერად აქცია იმართება

დღეს, 14 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი იმსჯელებს, დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე, თუ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობლის მხარდასაჭარად აქციას მართავენ.

მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები

ადგილზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, მანდატურები არ უშვებენ მზია ამაღლობლის მხარდამჭერებს სასამართლოს სხდომათა დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში პირველი რიგი თავისუფალია.

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობლის მეგობარი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

სასამართლო სხდომათა დარბაზში ყველა მოქალაქე არ შეუშვეს

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობლის ახლობლები იყვნენ.

მხარდამჭერი აქცია

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: