მთავარი,სიახლეები

ვინ არის 3 ახალი მოსამართლე ბათუმში – მათ მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ აქვთ

02.01.2025
ვინ არის 3 ახალი მოსამართლე ბათუმში – მათ მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ აქვთ

ბათუმში სამი ახალი მოსამართლე შეუდგა მუშაობას: მარიანა ფომაევა – ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ვიქტორ მეტრეველი – სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, ეკატერინე კახნიაშვილი – სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

ახალი მოსამართლეები 2024 წლის 24 დეკემბრიდან გაამწესეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ მოსამართლეებს მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.

მარიანა ფომაევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 32 წლისაა. მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს სამართალმცოდნეობის სპეციალობა დამთავრებული. ამავე უნივერსიტეტში ფომაევამ 2016 წელს მიიღო მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2015 წლიდან მარიანა ფომაევა შპს „ტვინოში“ მუშაობდა, 2018 წლიდან 2023 წლის ივლისამდე კი – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საბჭოს ერთ-ერთი წევრის რეფერენტის პოზიციაზე.

„2023 წლის 18 მარტს ჩავაბარე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში“, – ვკითხულობთ მარიანა ფომაევას ბიოგრაფიაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ვიქტორ მეტრეველმა 2007 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა, 2009 წელს კი ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის აკადემიური ხარისხი სისხლის სამართლის სპეციალობით.

2010 წლიდან ვიქტორ მეტრეველი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში იწყებს მუშაობს. 2011-2014 წლებში იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივანი იყო, 2014-2023 წლებში კი – მოსამართლის თანაშემწე.

2023 წლის ოქტომბრიდან ვიქტორ მეტრეველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსმენელი გახდა.

ვიქტორ მეტრეველი 38 წლისაა.

მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილს კი 2005 წელს დაუსრულებია ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობა. 2011 წლიდან მას ადვოკატის გამოცდა ჩაუბარებია, თუმცა ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ ჩანს, მუშაობდა თუ არა იგი ადვოკატად.

2001 წლიდან ეკატერინე კახნიაშვილს სხვადასხვა პოზიციაზე უმუშავია თბილისის საოლქო და თბილისის საქალაქო სასამართლოებში, ყველაზე ხანგრძლივად – 2006 წლიდან 2018 წლამდე ეკატერინე კახნიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.

ეკატერინე კახნიაშვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი იყო 2023 წელს. იგი 47 წლისაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: