მთავარი,სიახლეები

7 მილიონი ლარი საარჩევნო რეკლამისთვის – „ალმას“ სარგებელი 3 თვეში

27.12.2024 •
7 მილიონი ლარი საარჩევნო რეკლამისთვის – „ალმას“ სარგებელი 3 თვეში

გარე სარეკლამო სივრცის ათვისებაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველივე წელს შპს „ალმამ“ ბათუმში სარეკლამო ბილბორდების გაქირავებიდან 675 523 ლარი ამოიღო – ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, 3 თვეში პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. სხვა კომერციულ რეკლამასა და მის შემოსავალზე ინფორმაცია საჯარო არ არის.

„ბათუმელებმა“ პოლიტიკური პარტიების მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენილ დეკლარაციებში მოცემული ციფრები შეაჯამა.

ამ ციფრების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ფასის სახით ჯამში „ალმამ“ 7 მილიონი ლარი მიიღო [მათ შორის არის ვალდებულებების ნაწილიც, ანუ გადასახდელი ფული]. 

გარე რეკლამის განთავსების უფლება ბათუმის მერიამ არჩევნებამდე 2 თვით ადრე გაასხვისა. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ალმამ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება 10 წლის ვადით მიიღო. რეკლამის განთავსების უფლების საწყისი ფასი 17 მილიონ 830 ათას 496 ლარი იყო, ბიჯი – 534 ათას 914 ლარი. რეკლამის განთავსების უფლება  მერიამ კონკურენციის პირობებში 22-ე ბიჯით 29 მილიონ 558 604 ლარად გაყიდა.

შპს „ალმა“ 2013 წლის ოქტომბრამდე ცნობილი იყო „ალმა პლუსის“ სახელით. 2013 წლიდან კი ის „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. ეს ინფორმაცია „ვისოლ ჯგუფის“ ვებგვერდზეცაა განთავსებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ალმას“ ოფშორში, კონკრეტულად კი მალტაში დაფუძნებული კომპანია ფლობს. კომპანიის დირექტორი გიორგი ტრაპაიძეა.

„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესმენებმა – ლევან და სოსო ფხაკაძეებმა დააფუძნეს. სოსო ფხაკაძე რუსული კანონის მხარდამჭერია. ამავდროულად მათი ბიზნესის დიდი ნაწილი ამერიკულ ბრენდებს – „ვენდისსა“ და „დანკინს“ იყენებს. „ვისოლს“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 100 მილიონზე მეტი ლარი აქვს მიღებული 2013 წლიდან დღემდე.

ბათუმის მერიას შპს „ალმასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით [ასზე მეტი მოსაცდელი]. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.

საბოლოო ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, „ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 26 მილიონამდე ლარი დახარჯა. მათ შორის რეკლამის ხარჯი 17 მილიონზე მეტი ლარია. აქედან 6 მილიონამდე ლარი სატელევიზიო რეკლამის ხარჯია. 200 ათასზე მეტი ლარი – ბეჭდური რეკლამის ხარჯი. მილიონ-ნახევარზე მეტი ინტერნეტ რეკლამაში დაუხარჯავთ. მილიონ-ნახევარი ლარი გარე რეკლამის ხარჯის სახით მიუთითეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: