სიახლეები

გოგონა, რომელიც პატრულს ემალება

30.05.2012 • • 1213
გოგონა, რომელიც პატრულს ემალება

ავტორი: ეთერ თურაძე
გოგონა ცემენტის იატაკზე, წყლის გუბეებს შორის ზის. ირგვლივ პური და წყლის ბოთლები ულაგია. გადაუღებლად წვიმს, ის კი შეშინებული იხედება და ყვირის – „პატლული მოდის, მეშინია“. გოგონა მხოლოდ მაშინ წყნარდება, როცა მოშორებით ჩერდები და იქედან ელაპარაკები. საქმიანად კითხულობს – „პატლული წავიდა?“

გასულ კვირას, ყველაზე წვიმიან დღეს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან „ბათუმელებს“ შეატყობინეს, რომ ამ სახლის სარდაფის ჩასასვლელთან რამდენიმე დღეა გოგონა ცხოვრობს: „ეს დღეებია სულ აქ არის. ტანსაცმელი გაფინა, საჭმელიც ულაგია… წუხელ მთელი ღამე ტიროდა. თავსხმა წვიმა იყო, მაგრამ ტირილის ხმა მაინც აღწევდა სახლამდე. გაიყინება“.
ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ მართლა დაგვხვდა გოგონა, რომელმაც მიახლოებისთანავე ტირილი დაიწყო. „იცი, რატომ ეშინია პატრულის? – იმიტომ, რომ მეზობლებმა ორჯერ გამოიძახეს… წაიყვანეს, მაგრამ კიდევ მოვიდა. არ უნდა ისევ, რომ წაიყვანონ“, – ამიხსნა დაახლოებით 10 წლის გოგონამ, რომელმაც გუბეებს შორის მჯდომს დაუძახა – „მოდი ცირა, აი ეს შენ მოგიტანე“.
ატირებული „ცირა“ წამოდგა თავისი ძველი ნაცნობის დანახვაზე… მაგრამ მას კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ აქაურობა არ დატოვოს.
გასულ კვირას კიდევ ერთი მიუსაფარი ადამიანის შესახებ კათოლიკურ ეკლესიასთან არსებული თავშესაფარიდან შეატყობინეს „ბათუმელებს“. „მოხუცია მოსული, რომელსაც მხედველობა არ აქვს. ამაღამ შეგვიძლია მისი გაჩერება, ძალიან წვიმს და მაგიტომ, მაგრამ ამ ადამიანს სჭირდება მუდმივი თავშესაფარი, ჩვენ კი დილით ვიკეტებით, მხოლოდ ღამის თავშესაფარი გვაქვს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ვიტალი დოლიძემ, რომელიც ამ თავშესაფარში მუშაობს.
შეუძლებელია იმის თქმა, რომ ცირასა და ამ უსინათლო მოხუცის ამბავი გამონაკლისია. შარშან ზამთარში ბათუმის ქუჩებში ორი მოქალაქე გაიყინა.
ცირა კი იმიტომ გადაურჩა გაყინვას, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ჩარევით ის სენაკის თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც, როგორც გიორგი კირთაძე ამბობს, კარგი პირობებია.
ამ დროისთვის ბათუმში ორი თავშესაფარი მოქმედებს. ერთს კათოლიკური ეკლესია უწევს ზედამხედველობას, მეორეს – მართლმადიდებლური (ერთი უფასო სასადილო ქუთაისის ქუჩაზე მთავრობის ჩარევით დაიხურა). დაწესებულებების შინაგანაწესის მიხედვით, ნებისმიერი მიუსაფარი ადამიანი, მაგალითად, მოქალაქეობის არმქონე პირი ან უპასპორტო, აქ ვერ მოხვდება. მათთვის თავშესაფარი თუ უფასო სასადილო ავტომატურად დაკეტილია სხვა მიზეზის, მაგალითად, ალკოჰოლზე დამოკიდებულობის გამოც. რადგან თავშესაფარში ბევრი დაუძლურებული თუ სხვადასხვა დაავადებით შეწუხებული ავადმყოფი ცხოვრობს.
ხომ არ დაუჭერდით მხარს კიდევ ერთი მუნიციპალური თავშესაფარის მოწყობას? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა. „მე როგორც ვიცი, ამ მიმართულებით თითქოს ყველა პრობლემა მოგვარებული უნდა იყოს. მაგრამ თუ არის ისეთი კატეგორია, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო ვერ ახერხებენ თავშესაფარში მოხვედრას, უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. ეს საკითხი უნდა შევისწავლოთ და საზოგადოებასთან ერთად გადავწყვიტოთ, როგორ მოვახერხოთ მისი გადაჭრა“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი კირთაძემ.
რა გამოცდილება არსებობს სხვა ქვეყნებში? – საფრანგეთში არსებული პრაქტიკის შესახებ გვიყვება მწერალი ბადრი თევზაძე, რომელიც 1996 წელს ემიგრაციაში იმყოფებოდა და პარიზის თავშესაფარში ცხოვრობდა: „თავშესაფარი ჯარის ყაზარმის მაგვარი იყო, ორსართულიანი საწოლებით, სადაც არავინ არავითარ საბუთს არ ითხოვდა. 7-საათზე გვქონდა ვახშამი. ვახშმის მერე შეგვეძლო გადასვლა იქ, სადაც ერთჯერადი თეთრეული რიგდებოდა. 8:30 საათზე გვაღვიძებდნენ, გვასაუზმებდნენ და ბარგით გვიშვებდნენ, ანუ ბარგის ჩაბარების შესაძლებლობა არ გვქონდა. ეს თავშესაფარი მხოლოდ 15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე მუშაობდა, ხალხი სიცივისგან რომ არ დახოცილიყო.
გარდა ამისა, იყო ტელეფონის ნომერი, რომელზეც შეგეძლო უფასოდ დაგერეკა და გეთქვა, სადაც იყავი. მერე ელოდებოდი მანქანას, რომელსაც თავშესაფარში მიჰყავდი.
მაშინ მიუსაფრები ოხრად იყვნენ პარიზში, ამიტომ ვინც ერთმანეთს ვიცნობდით, დათქმულ ადგილზე ვიკრიბებოდით, მერე ერთი რეკავდა და ყველა ერთი მანქანით მივყავდით. ის უნდა მოგეხერხებინა, რომ ამ სამსახურის ჩანაწერებში მოხვედრილიყავი. იყო შემთხვევა, როცა თავშესაფარში მე და კიდევ რამდენიმე ჩემი ნაცნობი იმის გამო ვერ მოგვათავსეს, რომ ადგილი არ ჰქონდათ და სასტუმროში დაგვაბინავეს.
რაც შეეხება უფასო სასადილოს, აი, მაქ საბუთს არავინ გთხოვს – მათთან რომ მიხვედი, ესე იგი, გშია“.
სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მიუსაფარი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, არ არსებობს.

გადაბეჭდვის წესი