მთავარი,სიახლეები

დოკუმენტური ფილმისა და ინკლუზიური სპექტაკლის ჩვენება ბათუმში

20.11.2024
დოკუმენტური ფილმისა და ინკლუზიური სპექტაკლის ჩვენება ბათუმში

ინკლუზიური იდეების პლატფორმა InForm-ი ბათუმში 22-24 ნოემბერს დოკუმენტური ფილმისა და ინკლუზიური თანამედროვე ცეკვის სპექტაკლის ჩვენებას მოაწყობს.

InForm-ი თბილისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს  საქართველოში ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას და შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აკავშირებს ადგილობრივ და საერთაშორისო  სახელოვნებო სივრცეებთან.

„შემოქმედებითი თანამშრომლობით, ცოდნის გაზიარებით და  ძლიერი, ინკლუზიური სახელოვნებო თემის შექმნით ჩვენ ვისწრაფვით ქართული  სახელოვნებო სივრცე გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და  ინკლუზიური ნებისმიერი შესაძლებლობის ხელოვანისათვის“ – ნათქვამია პრესრელიზში.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

ფილმის ჩვენება გაიმართება 22 ნოემბერს, 17.00 საათზე ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“.

რეჟისორ მარიამ ჭაჭიას ფილმი ასახავს ამავე სახელწოდების ინკლუზიურ სპექტაკლზე  მუშაობის პროცესს, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობისა და ტიპური განვითარების  მქონე პროფესიონალი მოცეკვავეები მონაწილეობენ.

„რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ადამიანების ინტეგრაცია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის, როგორ შეიძლება ინკლუზიური, მრავალფეროვანი და თანასწორი საზოგადოების მოდელი გადაითარგმნოს თანამედროვე ცეკვის უნივერსალურ ენაზე?! – ფილმი სწორედ ამ კითხვებს სვამს და ნაწილობრივ პოულობს კიდეც მათზე პასუხს ქორეოგრაფიული სპექტაკლის მაგალითზე.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა შემოქმედებით გუნდთან.

ბათუმში ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი გაიმართება.

24 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის ცირკში გაიმართება ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი „კონტაქტის ზონა“.

„სპექტაკლი სამ ქორეოგრაფიულ დადგმას აერთიანებს, რომელიც თანამედროვე ცეკვისა და  მუსიკის საშუალებით ქმნის კონტაქტის ზონას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, პარალელურ რეალობებში მცხოვრებ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს შორის.

„კონტაქტის ზონა“ საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან უნივერსალური ურთიერთობის  ენის ძიებაზე, სხეულთან, იდენტობასთან, ჩვენს შინაგან ქაოსთან კავშირზე მოგვითხრობს,  სადაც ერთი ხმა ბევრ სხვა განსხვავებულ ხმასთან ერთიანდება“- ნათქვამია პრესრელიზში.

ღონისძიება მხარდაჭერილია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: