65 წლის ბათუმელი ნანული ჯაშის ცხოვრება დაახლოებით 14 წლის წინ შეიცვალა, როცა შვილი დაეღუპა.
„უკვე 9 წელი სრულდება, რაც ტვინში სისხლი ჩამექცა, ინსულტი მივიღე. წამალს ვსვამ მარცხენა ხელ-ფეხის შესანარჩუნებლად. ეს დამემართა შვილის დაღუპვის გამო, 21 წლის ბიჭი მომიკლა მანქანამ.
ოთხი წელიწადი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. შემდეგ ნელ-ნელა, როგორღაც წამოვდექი. ეტლით დავდიოდი გარეთ, თავი რომ მერჩინა. მოწყალებით ვირჩენდი თავს. პენსია საკმარისი არ არის ჩემთვის. მედიკამენტები ბევრი მჭირდება ძალიან და ყველა ძვირი ღირს.
ვიბრძოდი ჩემით, ფეხი ოდნავ მაინც რომ დამედგა. იმდენს ვაღწევდი, რომ საპირფარეშოში შევსულიყავი, ეტლამდე მივსულიყავი.
20 დღეა ლოგინად ვარ ჩავარდნილი. პირველ ნოემბერს რომ წამოვდექი ლოგინიდან, მაღალი წნევა მქონდა, რამაც წამაქცია. დავეცი და მოვიტეხე მენჯ-ბარძაყის ძვალი. 2 ნოემბერს გამიკეთდა ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ოპერაცია დამიფინანსდა”, – გვიყვება ნანული ჯაში. მისი თქმით, მას პირველი ჯგუფის შშმ პირი სტატუსი აქვს.
ქალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია დაფინანსებით ჩაუტარდა, მაინც ბევრი ხარჯი ჰქონდათ, რისთვისაც მზად ის და მისი ოჯახი არ იყო:
„არანაირი სახსრები არ მქონდა. რაც მქონდა, ძალიან მცირედი, ისიც ამოვწურე. ვინმეს თუ ეჭვი ეპარება ჩემს სიმართლეში, შეგიძლიათ მოხვიდეთ და შემამოწმოთ, თუ როგორ ვცხოვრობ”.
ნანული ოთხ შვილიშვილთან, შვილთან და მის მეუღლესთან ერთად ნაქირავებ ბინაში, ბონში ცხოვრობს.
„ცალკე ქირისთვის გვჭირდება ფული, ცალკე – კომუნალურები უნდა გადავიხადოთ.
არ ვჭამ ბევრს, მაგრამ ჭამა მაინც ხომ მჭირდება… წამლები? საერთოდ ნულზე დავრჩით.
ოჯახში მყავს მცირეწლოვანი შვილიშვილები, მათ თავიანთი საჭიროებები აქვთ. მივლიან შვილი და შვილიშვილი. ამჟამად შეჩერებული გვაქვს სოციალური დახმარებაც. უმცროსი შვილიშვილი რომ შემეძინა და დავამატეთ წევრად, მაგ დროს შეგვიჩერეს სოციალური დახმარება. ისეთ დღეში ჩავვარდით, საჭმლის საშუალებაც კი არ გვქონდა.
ჩემი გოგონას, შვილის მეუღლე ოთხი წელია, რაც დაბრმავდა, საერთოდ ვერ ხედავს. მთელი ოჯახი ჩემი შვილის კმაყოფაზე ვართ. რაღაცებს ყიდის და ამით ვირჩენთ თავს, მაგრამ საკმარისი არ არის. ძალიან, ძალიან მაგრად გაგვიჭირდა – არაფრის ფული არ მქონდა, არც პამპერსის და არც არაფრის”.
ნანულის თქმით, დედმამიშვილებმა ას-ასი ლარი აჩუქეს მხარდასაჭერად, მაგრამ რახან დიდი ოჯახი აქვთ, ეს დახმარება უცებ ამოეწურათ.
„ამიტომ ვითხოვ დახმარებას, იქნებ, როგორმე ხალხმა ცოტათი მაინც დამეხმაროს, სანამ ფეხზე წამოვდგები, ორი თვე რომ გავიტანოთ თავი… როცა ავდგები, მე თვითონ მივხედავ თავს და შევეხიდები ოჯახსაც.
სახლის პატრონი გაგვაგდებს გარეთ. ის არ უყურებს ფეხი რომ მაქვს მოტეხილი. ახლა ისეთი დროა… ორი თვის ქირა, 1000 ლარი გვაქვს გადასახდელი”, – ამბობს ნანული ჯაში.
____________________
ნანული ჯაშის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ ონლაინ ბანკინგის მეშვეობით, მისი პირადი ნომრის მითითებით:
33001009880
მიმღები: ნანული ჯაში