„ჩვენ ყველანი ისტორიის ერთ გვერდზე ვართ და ვიბრძვით თავისუფალი ევროპისთვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. თუ თქვენ მოიგებთ, ჩვენ მოვიგებთ, თუ თქვენ გადარჩებით, ჩვენ, ევროკავშირი გადავრჩებით ასევე. სწორედ ამიტომ ვართ აქ.
სოლიდარობამ უნდა გაგვაერთიანოს ჩვენ და არა დაგვყოს,“ – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე გამოსვლის დროს.
დღეს, 11 ნოემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენელი პარლამენტარები რუსთაველის გამზირზე, მომიტინგეებთან მივიდნენ.
„მოხარული ვართ, რომ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. მოგვწონს თქვენი სტუმართმოყვარეობა, მაგრამ ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში არის ზოგიერთი ადამიანი, განსაკუთრებით თქვენი მთავრობა და მმართველი პარტია, რომელიც არაა ბედნიერი ჩვენი ვიზიტით. ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვართ მეგობრები თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს, რომელიც ფაქტობრივად ევროპის ცენტრია დღეს. ევროპა არის თქვენი ადგილი და თქვენ ამას იმსახურებთ.
ამ შავბნელ დროს მინდა გითხრათ, რომ მისია შესრულებულია, დემოკრატია ცოცხალია, მაგრამ ეს არა თქვენი მმართველი პარტიის გამო, არამედ თქვენ გამო, თქვენი წყალობით.
ლიბერალურ დემოკრატიაში არასდროს ვამბობთ, რომ მისია შესრულებულია. ეს პროცესი არასდროს სრულდება, ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.
ამიტომ მინდა გითხრათ, რომ არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ,“ – განაცხადა მიხაელ როთმა.






