მთავარი,სიახლეები

საია ყველა უბნის ბათილობას ითხოვს ქუთაისის საარჩევნო ოლქში

30.10.2024
საია ყველა უბნის ბათილობას ითხოვს ქუთაისის საარჩევნო ოლქში

საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიას საჩივრით მიმართავს და ყველა საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს.

საიას თავმჯდომარე ქუთაისის #59 საოლქო-საარჩევნო კომისიას ფარულობის დარღვევის ფაქტებზე წერს და განუმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების ძირითადი პრინციპებია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. 

ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, კომისიებმა არჩევნების ძირითადი პრინციპი – კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენა ვერ დაიცვეს. მისივე განმარტებით, უბნებზე დამონტაჟებული კამერები ზოგ შემთხვევაში უყურებდა კაბინებს, ზოგ შემთხვევაში – რეგისტრატორების მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს. ეს კამერები უბნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჰქონდათ დამონტაჟებული.

ბიულეტენების ხარისხი კი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი:

„ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენას“,  – განმარტავს ნონა ქურდოვანიძე.

ქუთაისის საუბნო კომისიებში ამ და სხვა დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში საჩივრები სხვა ორგანიზაციებმაც დაწერეს. იმ ტიპის დარღვევები კი, რა მიზეზითაც ნონა ქურდოვანიძე ქუთაისის #59 ოლქის ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე თითქმის ყველა ოლქში დაფიქსირდა.

მაგალითად, ქუთაისში სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლების თანახმად, ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირდა გაფერადებული ბიულეტენის ამომრჩევლისთვის გადაცემის ფაქტი. უბანთან კი –  ფულის გადაცემის ფაქტი. გამოძახებული იყო პოლიციაც.

საარჩევნო უბნებთან ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის უწყვეტად აღრიცხვას, რის შემდეგაც „ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩევლებს ურეკავდნენ და ხმის მისაცემად მისვლას აიძულებდნენ.

ქუთაისის ოლქის შედეგების ბათილობის მოთხოვნით ნონა ქურდოვანიძემ საოლქო საჩივარი გუშინ, 29 ოქტომბერს დაარეგისტრირა.

___

მთავარი ფოტო: ქუთაისის 49-ე უბანი, სადაც კომისიის თავმჯდომარე, ირმა ყურაშვილი დამკვირვებელს არ აძლევდა უფლებას, ვერიფიკაციის აპარატს დაჰკვირვებოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: