სიახლეები

ბათუმის საკრებულოს ფასი

30.05.2012 • • 1219
ბათუმის საკრებულოს ფასი

გიორგი კირთაძესთან

ავტორი: ეთერ თურაძე

ერთ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა ბათუმის 25-წევრიანი საკრებულოს შენახვისთვის 2011 წელს. საკრებულოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი – 476 931 ლარი დეპუტატებისა და საკრებულოს ადმინისტრაციის ხელფასებში გაიცა. მათი მობილური ტელეფონების ბარათებისა და საწვავისთვის კი დაახლოებით 95 ათასი ლარი დაიხარჯა.

ბათუმის საკრებულოს გასული წლის დასაწყისში 12 ავტომანქანა ჰყავდა, 2011 წლის ბოლოს კი – 13. აქედან ყველაზე მეტი თანხა იმ მანქანის გარემონტებაში დაიხარჯა, რომელიც ჯუმბერ კახიძის განკარგულებაში იყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მანქანის გასარემონტებლად, გასულ წელს, 2161 ლარი დაიხარჯა. ყველაზე ნაკლები თანხა – 225 ლარი დასჭირდა ნოდარ და ნაზი ფუტკარაძეების მანქანების გარემონტებას.

ყველაზე მაღალი ხელფასი საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს აქვს. მისი ყოველთვიური ხელფასი 2750 ლარია. ამას ემატება ისიც, რომ გიორგი კირთაძე ყოველთვიურად სადეპუტატო 1000 ლარს იღებს, ხოლო ყოველ კვარტალში ხელფასის ოდენობის პრემიას. 2011 წელს მან შემოსავლის სახით 53 550 ლარი მიიღო.

საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებაშია „ტოიოტა კოროლა“ JHJ 577, რომლითაც გიორგი კირთაძე ყოველთვიურად 2860 კილომეტრს გადის, რისი დასტურიც თავმჯდომარის მიერ ათვისებული საწვავის ოდენობაა – 300 ლიტრი საწვავი თვეში. მას ყოველთვიურად სატელეფონო ბარათის თანხა – 140 ლარიც ერიცხება. გიორგი კირთაძის თქმით მას გამოყოფილი თანხა ჰყოფნის, თუმცა იმასაც ამბობს, რომ „ხანდახან ამატებს“.

ჯუმბერ კახიძის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ყოველთვიური შემოსავალი 2150 ლარი, ხოლო წლიური – პრემიითა და სადეპუტატო თანხით – 44 000 ლარია. ჯუმბერ კახიძე ბიუჯეტიდან დაფინანსებულ 150 ლიტრ საწვავსაც მოიხმარს და აქვს მობილურის ხარჯებიც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ გამოყოფილი საწვავი თვის 25 რიცხვამდე ჰყოფნის, შემდეგ კი თავისი დანაზოგით ასხამს მანქანაში ბენზინს.

ჯუმბერ კახიძის აზრით, საკრებულოს შენახვისთვის ხალხის გაღებული მილიონ ლარზე მეტი მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის „საკმაოდ ადეკვატურია“: „ქუჩების საკითხი მოვაგვარეთ, შემოერთებული ტერიტორიებიც მთლიანად საკრებულოს ყურადღების ქვეშ იყო და ყველაფერი ფინანსებთან დაკავშირებული. ზოგჯერ ორი ან სამი სხდომის ჩატარება გვიწევდა თვეში, ამ სხდომების მომზადება არც ისე იოლია, როგორც გარედან ჩანს. საკრებულოსთვის მთლიანი ბიუჯეტის 0,4 პროცენტი იხარჯება და ეს არაფერი თანხა არ უნდა იყოს“.

ჯუმბერ კახიძე „დიდ ფულთან მომუშავე ადამიანების“ მაღალი ანაზღაურების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას: „კი ბატონო, საკმაოდ კარგი ჯამაგირი მაქვს, მაგრამ პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, ხელმა რომ არ წასძლიოს. ადამიანს, რომელსაც ათეულობით მილიონთან აქვს შეხება, კრიზისი არ უნდა დაუდგეს ოჯახში. მე, პირადად, ხელფასი მყოფნის, ორი შვილი სტუდენტი მყავს, ერთიც კერძო სკოლაში სწავლობს და ბინის ქირასაც ვიხდით. ასე რომ, არც მშივრები ვართ და ვერც კურორტებზე დავდივართ სეზონურად“.

ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი დეპუტატია საკრებულოში „ქრისტიან-დემოკრატი“ ვაჟა ვერულიძეც. ის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილედ გასული წლის 18 მაისს აირჩიეს. შარშან მისი წლიური ანაზღაურება საკრებულოში 29 026 ლარი იყო. ვაჟა ვერულიძეც ზუსტად იმ პრივილეგიებით სარგებლობს, რითაც მმართველი პარტიის დეპუტატები – ემსახურება ავტომანქანა, გამოყოფილი აქვს საწვავისა და ტელეფონის ხარჯები.

ყველაზე დაბალი ხელფასი საკრებულოში ვახტანგ კიწმარიშვილს მიუღია – თვეში 371 ლარი. თანაც ვახტანგ კიწმარიშვილს, 2011 წელს, საკრებულოში დაახლოებით 3 თვე აქვს ნამუშევარი.

წინა მოწვევის საკრებულოსგან განსხვავებით, ამ საკრებულოში ერთი „განსხვავებული“ თანამდებობაც არსებობს – მრჩეველი. ერთადერთი მრჩევლის, წინა მოწვევის საკრებულოს წევრის, ვახტანგ ღლონტის ყოველთვიური ხელფასი 900 ლარია. მას გასულ წელს 10 800 ლარი მიუღია.

საკრებულოს მიერ მოწოდებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ამ ორგანოში ხელფასის გაცემისას დადგენილი ტარიფით არ სარგებლობენ. ყოველ შემთხვევაში, რატომ არის დათო ჯაიანის (მთ. სპეციალისტი) ხელფასი თვეში 700 ლარი, ხოლო ქეთევან ცივნარიძის (მთ. სპეციალისტი) – 666 ლარი, დოკუმენტის მიხედვით გაურკვეველია.

რაც შეეხება პრემიებს – საკრებულოს აპარატის უფროსის, ლიანა დიასამიძის მიერ გამოგზავნილ წერილში წერია: „პრემია… შეადგენს თითოეულ დასაქმებულ პირზე დამატებით ერთ სახელფასო განაკვეთს კვარტალში ერთხელ“. ესე იგი, ამ წერილის მიხედვით, ყოველ ოთხ თვეში საკრებულოს თითოეული თანამშრომელი პრემიის სახით ყოველთვიური ხელფასის ოდენობის თანხას იღებს.

საკრებულოს ძირითადი ხარჯები სწორედ ხელფასებია, შემდეგ მოდის სადეპუტატო ხარჯი – 300 ათასი ლარი. საკრებულოს აქვს სხვა ხარჯებიც, მაგალითად, ინტერნეტისთვის „კავკასუს ონლაინს“ 6649 ლარს უხდის, „სილქნეტს“ სატელეფონო მომსახურებისთვის – 3 300 ლარს, TV-ERA -ს საკაბელო მომსახურებისთვის – 948 ლარს, მობილური ტელეფონების ბარათებისთვის კი – 38 590 ლარს იხდის. საკრებულოდან „ბათუმელებს“ არ გამოუთხოვია დოკუმენტი მივლინების ხარჯებთან დაკავსირებით, შესაბამისად, ამ ნაწილში მკითხველისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას ვერ ვახერხებთ.

საკრებულოს წევრების გადაადგილებისთვის წელს სულ 27 ათასი ლიტრი საწვავი დაუხარჯავთ. დოკუმენტში, რომელზე დაყრდნობითაც ეს სტატია მომზადდა, საწვავის შესყიდვის ფასის შესახებ არაფერია ნათქვამი. ბაზარზე არსებული „რეგულარის“ საშუალო ფასით თუ ვიმსჯელებთ, მასში საკრებულოს 58 ათას ლარამდე აქვს გადახდილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი ბოლო მონაცემებით 156 ლარი იყო. ანუ ერთმა შრომისუნარიანმა მამაკაცმა არსებობისთვის აუცილებელი 280 დასახელების საქონლის შესაძენად 156 ლარი უნდა იმყოფინოს.

გადაბეჭდვის წესი