მთავარი,სიახლეები

„კარგ ინტერნეტს ისევ დაგვპირდებიან, შერცხვებათ?“ – ინტერნეტის პრობლემა აჭარის სოფლებში

04.10.2024 •
„კარგ ინტერნეტს ისევ დაგვპირდებიან, შერცხვებათ?“ – ინტერნეტის პრობლემა აჭარის სოფლებში

მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ინტერნეტის ხარისხზე წუხან.

რამაზ ბოლქვაძე შუახევის სოფელ ბრილში ცხოვრობს. მას სახლში კომპანია SkyTel-ის ინტერნეტი აქვს. ბოლქვაძე ამბობს, რომ ინტერნეტი ხშირად ეთიშებათ:

„ინტერნეტთან წვდომას აჩვენებს, თუმცა საერთოდ არ მუშაობს, რაც ინტერნეტის დაბალ ხარისხზე მიუთითებს. ინტერნეტის მოწოდების შეწყვეტას სისტემური ხასიათი აქვს.

როცა სოფელში ვარ, ძირითადად დისტანციურად ვაკეთებ ჩემს საქმეებს, გასაუბრება იქნება ეს, ლექციაზე დასწრება თუ სხვა. ხშირად, ვერც ერთს ვერ ვესწრები… ინტერნეტი მხოლოდ გართობის საშუალება არაა, მითუმეტეს დღეს. იცით რა არის ყველაზე ცუდი? როდესაც ინტერნეტპაკეტში იხდი დაახლოებით 30 ლარს, შემდეგ კომპანია არ გინაზღაურებს იმ პერიოდს, როცა ინტერნეტი არ მოგეწოდებოდა და საერთოდ არ ინტერესდება, რამდენი ხნის განმავლობაში გქონდა გათიშული”, – ამბობს რამაზი.

მისი თქმით, რთულია განსაზღვრა როდის შეიძლება აღდგეს ინტერნეტის მიწოდება: „შეიძლება ისე ჩაირთოს ერთ საათში, კომპანიაში დარეკვაც არ მოგვიწიოს, ვერ გაიგებ”.

რამაზი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა და იგივე პრობლემები აქვთ მის თანასოფლელებსაც.

„ყველაზე ცუდი ისაა, რომ სხვა კომპანიებს არ უნდათ შემოსვლა ასეთ მაღალმთიან სოფლებში და რადგან მხოლოდ თვითონ არიან, ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევიან“ – ამბობს რამაზი.

ხულოს სოფელ ბოძაურში ცხოვრობს მარიკა ვაშაყმაძე. მისი თქმით, ხშირად მოდემი ინტერნეტის მიწოდებას აჩვენებს, თუმცა ინტერნეტი არ მიეწოდებათ.

„ხშირად გვიწევს ოპერატორთან დარეკვა. მეუბნებიან ხოლმე, რომ ტექნიკური ჯგუფი წასულია სარემონტოდ, მაგალითად, საღამოს 9 საათის შემდეგ იქნება და ა.შ.“ – ამბობს მარიკა.

მისი თქმით, ინტერნეტის ხარისხი უამინდობისას კიდევ უფრო უარესდება.

„მახსოვს ზამთარში, მეწყერი რომ ჩამოწვა, სამი დღე გათიშული იყო, არ გვქონდა“ – იხსენებს მარიკა.

მარიკას khuloNet-ის ინტერნეტი აქვს სახლში. იხსენებს, რომ ინტერნეტის ერთთვიანი პაკეტის საფასური ადრე 30 ლარი იყო, შემდეგ კი, მისი თქმით, სიხშირე დაამატეს და საფასურიც 35 ლარამდე გაიზარდა.

მარიკა თავის დაკვირვებასაც გვიზიარებს:

„ინტერნეტი შეფერხებით მოგვეწოდება, როცა ახლოვდება თვის ბოლო, ჩარიცხვის ვადა. ახალ ჩარიცხული როცაა, მაშინ უფრო კარგად მუშაობს. ეს არ არის სწორი, მაგრამ მაშინ რაიმე უკეთესი ვარიანტი უნდა გვქონდეს. ადრე სხვა ქსელი გვქონდა და ალბათ 15 დღე არ გვქონდა თვის განმავლობაში ინტერნეტი. დაკვირვებული ვარ და შაბათ-კვირას უფრო დაბალი სიხშირით მოგვეწოდება ინტერნეტი” – გვეუბნება მარიკა.

აჭარის მთიან სოფლებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტის აუცილებლობაზე საუბრობს „ბათუმელებთან“ ლაშა გელაძე, ტურიზმის ბიზნესის სპეციალისტი. მას საკუთარი მაგალითი აქვს:

„დანისპარაულის ცენტრში, კურორტ გოდერძისთან ახლოს სახლი ავაშენე, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, გაქირავების მიზნით. ყველაფერი რომ დავასრულეთ, დაგვჭირდა ინტერნეტი. სტუმარი რომ მიიღო, ეს აუცილებელია, ინტერნეტის გარეშე დღეს არავინ არსად არ წავა, განსაკუთრებით – უცხოელი სტუმარი.

„ინტერნეტი რომ მოვიკითხე ადგილზე, აღმოჩნდა, რომ სახლის ინტერნეტი, რომელიც ვარგა, არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალია „მაგთის“ ან „ჯეოსელის“ Wi-Fi როუტერები, თუმცა ხარისხიანი ინტერნეტის მოწოდება მაინც ვერ ხდება. სხვა გზა ვერ ვიპოვეთ, ფიზიკურად სხვა გამოსავალი არ არსებობს”, – გვეუბნება ლაშა. მისი აზრით, ინტერნეტის გარეშე ყოფნა დღეს უშუქოდ ყოფნის ტოლფასია.

ლაშა გვიყვება იმასაც, რომ მის სახლთან ახლოს ცხოვრობს მისი ძმა, რომელსაც ერთ-ერთი კომპანიის მიერ მოწოდებული ინტერნეტი აქვს სახლში, რომელიც, პრაქტიკულად, არ მუშაობს.

„კარგ ინტერნეტს ისევ დაგვპირდებიან, რადგან ივანიშვილი 2012 წელს რასაც გვპირდებოდა, 2024 წელსაც იმას გვპირდება. არის დაპირებები, რომელიც წინა 3 მოწვევის პარლამენტით ადრე დაგვპირდა და დღესაც იმავეს გვპირდება. ალბათ ახლა იტყვიან, ინტერნეტს შევიყვანთ სოფლებშიო. შერცხვებათ? მოერიდებათ? რამე ხელს შეუშლით თუ რა?!“ – ამბობს ლაშა.

ლაშას აჭარის სოფლებში ხარისხიან ინტერნეტზე დაპირება შემთხვევით არ ახსენდება.

ყველა სოფელში ინტერნეტის შეყვანა „ქართული ოცნების“ 2014 წლის დაპირება იყო. მეტიც 2015 წელსვე ცნობილი გახდა იმ 400-ზე მეტი სოფლის დასახელება, სადაც საწყის ეტაპზე ოპტიკური ქსელის მშენებლობა უნდა მომხდარიყო. ამ სიაში მოხვდა აჭარის 44 სოფელი, მათ შორის ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებიდან.

ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი იყო „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაშიც.

ამავე თემაზე: რა ბედი ეწია დაპირებულ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს

2015 წელს ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ააიპი „ოუფენ ნეტი“ დააფუძნა. ეს არის კომპანია, რომელსაც რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო სისტემა უნდა გაეყვანა. რეგიონების ინტერნეტიზაცია დღემდე „ოუფენ ნეტის“ პასუხისმგებლობაა.

„ბათუმელები“ კომპანიას დაუკავშირდა. „ოუფენ ნეტს“ ვკითხეთ, ამ დრომდე რატომ არ მოხდა მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის აშენება, რა ეტაპზეა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები და ამ დროისთვის არსებული გეგმით, რომელი სოფლების ინტერნეტიზაციაა დაგეგმილი მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში?

აი, რა მოგვწერეს კომპანიიდან:

„საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა ეტაპობრივად ხორციელდება საქართველოს მასშტაბით ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც: ა) მოსახლეობის რაოდენობა 200 და მეტია; ბ) აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში კომერციულ ოპერატორებს არ აქვთ უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა და გ) არ გეგმავენ ასეთის მშენებლობას მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

მიმდინარე ეტაპზე, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასრულებულია 1300 კმ-ზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი – ოზურგეთის, ქობულეთი-ხელვაჩაურის, სამტრედია-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე, აბაშა-სენაკის და წყალტუბო-ვარციხე-ხონის მიმართულებებზე.

დასრულებული და მიმდინარე სამუშაოების მოცულობა, აღნიშნულ ეტაპზე, 2 100 კმ-ზე მეტია.

რაც შეეხება კონკრეტულად აჭარის რეგიონს – დასრულებულია 190 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 52 დასახლებულ პუნქტს და 48 500-მდე მოსახლეს.

ასევე, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ქედა-შუახევის მიმართულებაზე, რომელიც მოიცავს 270 კმ ინფრასტრუქტურას, 60 დასახლებულ პუნქტს და 20 200-მდე მოსახლეს“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა იმ კომპანიებსაც, რომლებიც ჩვენმა რესპონდენტებმა ახსენეს. მათ ვკითხეთ, რა არის აჭარის სოფლებში ინტერნეტის გათიშვის მიზეზი, თუ უნაზღაურებენ აბონენტებს იმ პერიოდის თანხას, როცა მათ არ ჰქონდათ ინტერნეტი კომპანიის მიზეზით; როგორია მათ მიერ მიწოდებული ინტერნეტის სიხშირე და თუ გაუმჯობესდება ის უახლოეს მომავალში?

„ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით და საქართველოს ბევრ ადგილას მცხოვრებ მოსახლეობას მივეცით წვდომა ციფრულ შესაძლებლობებთან, სადაც რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, აქამდე ვერავინ მოახერხა ინტერნეტის მიყვანა და ვიყავით პირველები, ვინც ეს შეძლო. მათ შორის არის სწორედ ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონები.

… თუმცა, სამწუხაროდ ხდება ისე რომ ზოგჯერ წყდება ინტერნეტსერვისის მიწოდება, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. ეს შეიძლება იყოს ოპტიკური ხაზის დაზიანება, რაც კომპანიისგან დამოუკიდებლად, გარე პირების მიერ შეიძლება მოხდეს. შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს რადიო სადგური ან მოხდეს დენის გათიშვა, რამაც გამოიწვიოს ინტერნეტ სერვისის დროებით შეწყვეტა.

მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც კი ფიქსირდება ინტერნეტის გათიშვა ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ იწყებს აღდგენით სამუშაოებს და ისინი 24 საათის განმავლობაში ცდილობენ მოაგვარონ აღნიშნული პრობლემა. ზოგჯერ ამას დრო სჭირდება ისევ და ისევ რთული რელიეფის გამო, ხშირად გადაადგილებაც შეუძლებელია, თუმცა მაინც ყოველთვის ვცდილობთ რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ პრობლემა და ამისთვის ყველა შესაძლო რესურს ვიყენებთ“, – მოგვწერეს კომპანია SkyTel-იდან.

აქ ამბობენ, რომ კომპანია უნაზღაურებს ყველა იმ აბონენტს ინტერნეტს, ვისაც გარკვეული დროის განმავლობაში წვდომა არ ჰქონია, თუმცა „ბათუმელებისთვის“ მსგავსი ანაზღაურების მაგალითის შესახებ ცნობილი არ არის.

კითხვაზე, ხომ არ განიხილავს კომპანია ინტერნეტის ტარიფის შეცვლას, გაიაფებას, რადგან ბევრ აბონენტს უჭირს გადახდა, SkyTel-ში ასე გვიპასუხეს წერილობით:

„სქაიტელის გუნდის მიზანია მაქსიმალურად ყველა ადამიანმა შეძლოს ინტერნეტ სერვისით სარგებლობა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვზრუნავთ არამხოლოდ ინტერნეტ სერვისის მიწოდებაზე, არამედ იმაზე, რომ მათ შეძლონ გადახდა და ინტერნეტით სარგებლობა. ჩვენ გვაქვს CSR პროექტებიც, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად, აღნიშნულ რეგიონში სოციალურად დაუცველებს უფასოდ ვაძლევთ ინტერნეტს.

სქაიტელში შემუშავებულია კონკურენტული ტარიფები, ყველაზე დაბალი ფასებით სხვა კონკურენტებთან შედარებით, რათა მაქსიმალურად ყველამ შეძლოს ინტერნეტით სარგებლობა“.

ბათუმელები დაუკავშირდი კომპანია KhuloNet-საც, თუმცა სტატიის მომზადების პროცესში ამ კომპანიიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

_____________

ფოტო: „ხულონეტი“/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: