ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში, გერმანელი ტურისტი, დაახლოებით 45 წლის კაცი, გველის ნაკბენით გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ, 29 ივლისს მოხდა.
როგორც მერის წარმომადგენელმა ჩაისუბანში, ჯუმბერ ყურშუბაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ტურისტი ჩაისუბნის ტყეში ოჯახთან ერთად იყო.
„მთის ასპიტი რქმევია ამ გველს, ყოფილა ჩვენს მთებში. გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა რომ ნახეს სურათი, თქვეს, ეს გველიაო.
ტყეში იყო, ფაქტობრივად, სასწრაფომ ვერ აუსწრო და გარდაიცვალა“- გვითხრა ჯუმბერ ყურშუბაძემ.
მას ვკითხეთ, რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა გველის ამ სახეობის შესახებ, რაზეც ჯუმბერ ყურშუბაძემ გვიპასუხა, რომ მთის ასპიტი ნამდვილად გვხვდება ამ რეგიონში და მასთან კონტაქტი არის რისკის შემცველი.
„ფოტოებზე რაც ნახეს, ხელში ჰყავდა აყვანილი გველი. ხელთათმანი კი ეკეთა ტურისტს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ დაიცვა. ალბათ ვერ იგრძნო, რომ უკბინა.
აქამდე არ ყოფილა აქ მსგავსი შემთხვევა. გადამფრენ ფრინველებს აკვირდებიან ამ ადგილზე, მაგრამ გველი რომ ვინმეს ხელში აეყვანოს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა“- გვითხრა ჯუმბერ ყურშუბაძემ.
______________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან


