ბათუმი,სიახლეები

ბათუმში გარე რეკლამის განთავსების უფლებას მერია 10 წლით ასხვისებს – აუქციონი

22.07.2024 •
ბათუმში გარე რეკლამის განთავსების უფლებას მერია 10 წლით ასხვისებს – აუქციონი

გარე რეკლამის განთავსების უფლებას ბათუმის მერია 10 წლის ვადით ასხვისებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე რეკლამის განთავრების ექსკლუზიურ უფლებას 10 წლის ვადით მიიღებს.

აუქციონში გამარჯვებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელი უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ბათუმში გარე რეკლამის განთავსების საფასურის ოდენობა და სხვა პირობები. ნებართვის მოქმედების პერიოდში ნებართვის მფლობელს რჩება ასევე ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სრულად.

ელექტრონული აუქციონი 16 ივლისს გამოაცხადეს და 5 აგვისტოს უნდა დასრულდეს. საწყისი ფასი 17 მილიონ 830 ათას 496 ლარია, ბიჯი – 534 ათას 914 ლარი.

აუქციონში გამარჯვებულმა ნებართვის საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სანებართვო ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული არსებითი პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში, ბათუმის მერია ნებართვის მფლობელს აძლევს გონივრულ ვადას [არანაკლებ 90 დღე] დარღვევის აღმოსაფხვრელად.

დამატებით ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება მერიის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად.

გარდა ამისა, ქალაქის მერიის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ნებართვა უქმდება, ხოლო ამ ნებართვაზე არსებული მესამე პირის  უფლება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უქმდება. ამასთანავე, ნებართვის მფლობელს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.

ამ დრომდე ბათუმში გარე რეკლამის განთავსებების უფლება შპს „აჯადს“ ჰქონდა გადაცემული, კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის გარე რეკლამის ბაზრის ათვისება „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულ კომპანიას შპს „ალმას“ სურს.

ბათუმის მერიას შპს „ალმასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით [ასზე მეტი მოსაცდელი]. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.

ამ თემაზე:

არჩევნებამდე ბათუმის მერია გარე სარეკლამო სივრცეს 10 წლით ასხვისებს – ოპოზიცია წინააღმდეგია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: