სიახლეები

პედაგოგები კი ემზადებიან

30.05.2012 • • 996
პედაგოგები კი ემზადებიან

სოფო გედევანიშვილი 

ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ რა და როგორ ხდება სკოლაში. მშობლებს ამ ყველაფერს, ისევე როგორც მოსწავლეებს, გამზადებულს გვთავაზობენ, ჩვენ პროცესში მონაწილეობას ვერ ვიღებთ და, ბუნებრივია, ჩვენთან შეთანხმებით ეს საკითხები ვერც გადაწყდება. ამ რეფორმის შედეგებიც წლების მერე დადგება, ალბათ. თუმცა ახლა ყველაზე მეტად ჩემი შვილის ბედი მაღელვებს.

რას ისწავლის, სკოლას როგორ დაამთავრებს და თუ ძალიან არ მოვინდომეთ, რა განათლებას მიიღებს. ხანდახან მგონია, რომ საჭირო თანხები და საშუალება რომ გქონდეს, აუცილებლად წახვალ ევროპაში და განათლებას მიიღებ. ვიცი, ყველა იქ წასული საუკეთესო განათლებით ვერ ბრუნდება, მაგრამ თუ მოინდომებ, ხომ გამოგივა?

ჩვენი პედაგოგები კი ემზადებიან და ემზადებიან. არ მინდა, ძალიან კრიტიკული ვიყო, მაგრამ ისინი არც გადამზადებამდე მომწონდა და არც მას შემდეგ. რა უნდა გაკეთდეს, რომ მათ, უბრალოდ, ფერი იცვალონ. შეიძლება ცუდი სიტყვაა, მაგრამ „დაძველდნენ“. მე კი მგონია, რომ პედაგოგი ყოველთვის თანამედროვე უნდა იყოს და ისიც ვიცი, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ მოხერხებულობას გულისხმობს, რადგან მოზარდი ადვილად არ ამბობს სიტყვებს – „მიყვარს ეს პედაგოგი“, უფრო იტყვის, რომ „მოსწონს“.

ხშირად მივსულვარ სხვადასხვა სკოლაში იმის გამო, დიახ, იმის გამო, რომ სინდისმა არ შემაწუხოს და დავრწმუნდე, რომ სკოლებში ნიჭიერი პედაგოგები კიდევ არიან, მაგრამ ამაოდ. არ ვიცი, რისი ბრალია, ან ამაზე უნდა  ვსაუბრობდეთ თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ პედაგოგს სულ რამდენიმეს ვიცნობ. ხედავ როგორ მოდიან, თავიანთი პრობლემებით, როგორ ეჩქარებათ ოჯახებში, როგორ საუბრობენ ხელფასზე, გადამზადებაზე, სკოლის პრობლემებზე, რეფორმებზე. მე მესმის მათი, მაგრამ მაპატიეთ და უბრალოდ აღარ მაინტერესებს.

ასე ფიქრობს, ალბათ, განათლების სამინისტროც. ვიღაც ამბობს, რომ მათგან ძალიან ბევრს ითხოვენ. ასე მოკლე დროში ეს ბევრიცაა ალბათ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი შვილები ამ პედაგოგების ხელში იზრდებიან და მათ ბავშვს სწავლა, კითხვა და დისკუსია უნდა შეაყვარონ. მახსოვს, ჩემმა შვილმა იმიტომ დაიწყო სწავლა, რომ პედაგოგი მოსწონდა. მერე გაიზარდა და მითხრა, „რაღაც ახალი მინდა, არ მაინტერესებს როგორ. მოსაბეზრებელია ყოველ დღე ერთი და იგივე, სადმე გამიშვი რა დედა“. ვერაფერი ვუთხარი, ჩვეული ტონი არ გამომადგებოდა და ჩავთვალე, რომ თემა აღარ უნდა გამეგრძელებინა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ მთელ თანხას, რომელსაც ვზოგავდით, სწავლაზე გამოვიყენებდით. და ის ასე ნანატრ შვეიცარიაში წავიდოდა.

იქნებ ვინმეს გაეღიმოს და თქვას, რომ მეტი საფიქრალი აღარ დამრჩა, მაგრამ გულწრფელად, ეს ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალია – ადამიანი, რომელიც მიყვარს, ბედნიერი მყავდეს. თუკი ვიცი, რომ ის დახმარებას სწავლისთვის მთხოვს, ორმაგად ბედნიერი ვარ. ვიცი, ამის საშუალება დღეს ბევრს არა აქვს, არც მე, მაგრამ თითქმის ყველაფერზე უარს ვამბობ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მას ძალიან უნდა.

ყველაზე მეტად ჩვენს პედაგოგებს გახსნილობა აკლიათ. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მოსწავლეებზე ზემოქმედება, როგორ ფიქრობთ, ვინ შეძლებს ამას? ოჯახი? კი, გეთანხმებით, რომ ჩვენი ფუნქცია ამაში თანაბარია, მაგამ გარწმუნებთ, 14-15 წლის მოზარდი ითხოვს, რომ ეს ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად მოგვარდეს.

როცა ამაზე ვსაუბრობ, ერთი და იგივე პასუხი მესმის – მოსწავლეებს სწავლა აღარ უნდათ. ეს ასე არ არის, რაც ცალსახად შემიძლია გითხრათ, ჩემი შვილის, მისი კლასელებისა და სხვა უამრავი მოსწავლის მაგალითზე. თუ მათთვის საინტერესო იქნები, თუ დაივიწყებ ძველ ფრაზებს, მიდგომებს და მოძველებულ გაკვეთილებს, თუ შეძელი და შენი წილი პატივისცემა მოიპოვე, დასრულდა… ისინი არასდროს მიგატოვებენ, თან გამოგყვებიან, რომც აღარ უნდოდეთ…

ბევრს უნდა სწავლა. მჯერა, რომ პედაგოგებსაც უნდათ სიახლე, თუმცა ისინი ამას უფერულად აკეთებენ. არ ვიცი, ამაში კიდევ ვინ უნდა ჩაერთოს, რომ ადამიანებს ინტერესები გაუხალისდეთ, მოტივაცია გაუჩნდეთ, მაგრამ უდაოა, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. და თუკი მასწავლებლებს სახლში წასვლა მოგიწევთ, ნურავის დააბრალებთ. დრო კიდევ არის, იქნებ დაფიქრდეთ, მძიმე პრობლემების მიუხედავად, თქვენ მომავალზე ზრუნავთ; ყოველ მოსწავლეს, რომელიც ემოციებს უმოწყალოდ გიშლით და არ გემორჩილებათ გაკვეთილზე, რომელსაც არ უხარია და ზარმაცად აღებს კლასის კარს, დაენახეთ ახლებურად, რთულია მათი გადარწმუნება, მაგრამ აუცილებლად გამოგივათ.

გადაბეჭდვის წესი