მთავარი,სიახლეები

“აქ ყველაფერი მომწონს” – 5 წლის უკრაინელი ლტოლვილი საქართველოში 

29.04.2024
“აქ ყველაფერი მომწონს” – 5 წლის უკრაინელი ლტოლვილი საქართველოში 

ტექსტი: მარიამ ბერიძე

უკრაინის ომის დაწყებისთანავე საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა გახდა, სადაც უკრაინელები ლტოლვილის სტატუსით ჩამოვიდნენ. მათმა ნაწილმა საქართველო ეტაპობრივად დატოვა, თუმცა, არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც საქართველოში ცხოვრებას აგრძელებენ, მათი მცირეწლოვანი შვილები კი ცხოვრებას, ფაქტობრივად, საქართველოში იწყებენ. მათ შორისაა ქეთი რამიშვილი, რომელიც უკრაინაში 2022 წელს ომის დაწყებისას სამი წლის იყო.

“თბილისში ყველაფერი მომწონს. ყველაზე მეტად ყინულის მოედანი”, – ამბობს 5 წლის ქეთი რამიშვილი. ის თბილისში უკრაინიდან საცხოვრებლად 2023 წლის ზაფხულში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა.

ქეთი დედით უკრაინელი და მამით ქართველია. ოჯახმა უკრაინის ხმელნიცკის ოლქი 2022 წლის ომიდან წელიწად-ნახევარში დატოვა.

საქართველოში ჩამოსვლამდე ქეთიმ ქართული ენა არ იცოდა, თუმცა ახლა ბაღში ასწავლიან და საკუთარი თავის შესახებ – რა ჰქვია, რამდენი წლისაა და ბაღში რას აკეთებს- ქართულადაც თავისუფლად შეუძლია მოყოლა.

“დილით ადრე ვიღვიძებ და ბაღში წასასვლელად ვემზადები. იქ მეგობარი მყავს, მია ჰქვია. მასთან ერთად ვთამაშობ. აქ სხვადასხვა გაკვეთილზე მოვდივარ. ვსწავლობ უკრაინულს, ქართულს და ინგლისურს”, – გვიყვება ქეთი.

თბილისში მდებარე დაწესებულება, სადაც ქეთი დღეს ატარებს ხოლმე, სპეციალურად უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის World Vision-ის ბაღის მსგავსი სერვისის, Happy Space-ის ფარგლებში შეიქმნა. აქ დადის 5 წლის ქეთის დედა, 31 წლის ანჟელა ჰეძიუკიც.

“ჩვენც ვსწავლობთ აქ ქართულს, ინგლისურს. ასევე ძალიან ბევრს გვესაუბრებიან, თუ რას სწავლობენ ჩვენი შვილები აქ, როგორ უნდა დავეხმაროთ მათ. ასევე ჩვენთვის ტარდება მრავალი მასტერკლასი, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის შეხვედრები და კიდევ ბევრი საინტერესო რამ”, – ამბობს ბავშვის დედა.

ანჟელა უკრაინიდან ორ ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა. ამბობს, რომ თავდაპირველად, ენის ბარიერის გამო,  ბავშვებისთვის რთული იყო საქართველოში ადაპტაცია.

“პირველი ორი თვე გაუჭირდათ, რადგან არაფერი ესმოდათ, თუმცა შემდეგ დაიწყეს სიარული ბაღში, ცოტათი შეისწავლეს ენა და უფრო გაუმარტივდათ ყველაფერი. სხვა მხრივ, თავიდანვე ყველაფერი მოეწონათ”, – ამბობს ანჟელა ჰეძიუკი.

"
ქეთი რამიშვილი Happy Space-ში

ჰეძიუკი გვიყვება, რომ უკრაინიდან წამოსვლა ბავშვების უსაფრთხოების გამო გადაწყვიტეს, რადგან ბაღში მუდმივი განგაშის ფონზე ისინი სარდაფში ჩაჰყავდათ, რაც მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახებოდა.

“ამის მერე გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით საქართველოში. ასეთი გადაწყვეტილება რთული იყო, მაგრამ ბავშვების სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის მივიღეთ. აქ, საქართველოში, ახლობლები გვყავს და გვეგულებოდა ადგილი, სადაც ჩამოვიდოდით. ამიტომ უფრო მშვიდად ვიყავით, რადგან აქ მარტო არ ვიქნებოდით. ჩემი ქმარი ქართველია. მისი ოჯახის წევრები, ყველანი ძალიან თბილი და მეგობრული ხალხია. ზოგიერთმა იცის რუსული ენა და ვსაუბრობთ ერთმანეთთან, ზოგი ქართულად საუბრობს და ვცდილობთ, გავაგებინოთ ერთმანეთს სათქმელი. ზოგადად, საქართველოში ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს. ძალიან მოგვწონს აქ”, – ამბობს ჰეძიუკი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მშობელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აპირებენ დარჩენას.

“თბილისში ვიცხოვრებთ. ბავშვი სკოლაში წავა, ოღონდ უკრაინულ სექტორზე ისწავლის, ვინაიდან ქართული ენის არცოდნის გამო საფუძვლიანად ვერ დავეხმარები. ბავშვმა ახლა უკვე კარგად იცის უკრაინულად კითხვა, უკრაინული ასოები, ამიტომ ვგეგმავთ უკრაინულ სექტორში მის მიყვანას. ასევე, გვსურს, რომ კარგად შეისწავლოს ქართული ენა, რადგან შემდგომში, უფროს კლასებში, შესაძლოა, ქართულ სკოლაშიც იაროს”, – ამბობს ბავშვის დედა.

პროგრამები უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად

Happy Space-ის უკრაინელი კოორდინატორი სვიტლანა ვიშნევსკა ამბობს, რომ World Vision-ის პროექტი, რომელიც ხორციელდება World Vision International-ისა და Aktion Deutschland Hilft (ADH)-ს მიერ, საქართველოში მცხოვრები უკრაინელების მხარდაჭერას ემსახურება. მისი თქმით, აქ უკრაინელებს ორი მიმართულებით ეხმარებიან – ფსიქო-სოციალური და არაფორმალური განათლების კუთხით.

“ჩვენი ორგანიზაცია, ძირითადად, მუშაობს ბავშვებთან, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს მთავარ ბენეფიციარებს. თუმცა ბავშვების კეთილდღეობა პირდაპირაა დაკავშირებული უფროსებთან [მშობლებთან], ამიტომ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ბავშვებით და ვმუშაობთ მოსახლეობის ყველა ფენასთან – ნულიდან 103 წლამდე, როგორც ჩვენ აქ ვხუმრობთ”, – ამბობს ვიშნევსკა.

სვეტლანა ვიშნევსკას თქმით, ამჟამად Happy Space-ში  5- იდან 7-წლამდე ასაკის დაახლოებით 40 ბავშვი სწავლობს. სწავლება ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობას,  მაგალითად – მუსიკათერაპიას, სასკოლო საგნებში მოსამზადებელ ან დამხმარე კურსებს, ინგლისური ენის შესასწავლ კურსს. კოორდინატორი ამბობს, რომ აქვთ ასევე შეხვედრები, მასტერკლასები, რომლებსაც ამ ასაკის ბავშვებისთვის მართავენ და ხშირად დედებთან ერთად ტარდება.

“ჩვენი ცენტრის სიამაყეს წარმოადგენენ ხანდაზმულები და უფროსი ასაკის ადამიანების ჯგუფი, 60+ ასაკით. არის ასევე კლუბი, რომლებიც თავად უკრაინელებმა შექმნეს უკრაინელებისთვის, სადაც ერთმანეთს უზიარებენ სასარგებლო ინფორმაციას. კლუბს ჰქვია Happy Space Talks. აქ სხვადასხვა ახალგაზრდული შეხვედრებიც ტარდება”, – ამბობს Happy Space-ის კოორდინატორი.

მისივე თქმით, მათთან ორგანიზებული სოციო-კულტურული აქტივობები უკრაინელებისთვის ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას საქართველოში ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში, ძირითადად, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. ეს ტერიტორიები ომისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.

აქედან გამომდინარე, Happy Space-ის კოორდინატორის განმარტებით, ბავშვებს აქვთ გარკვეული სირთულეები და გამოწვევები, რომლის დაძლევაც საჭიროა.

"
ქეთი რამიშვილი დედასთან, ანჟელა ჰეძიუკისთან

“ჩვენს ცენტრში მუშაობენ პროფესიონალი ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია ისეთი აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, მითოდრამა. დროდადრო ორგანიზებას ვუკეთებთ ჯგუფებს, რომლებიც მათ ეხმარება სტრესის დაძლევაში, ემოციების მართვაში და ზოგადად, ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. დღეისთვის ჩვენთვის ცნობილია, რომ ცენტრის ფუნქციონირება წლის ბოლომდე, ხოლო აქტივობები, შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს“, – ამბობს ვიშნევსკა.

World Vision-ის ინფორმაციისა და თემთან ურთიერთობის ოფიცერ გიორგი ინალიშვილის განმარტებით, ორგანიზაცია სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან ეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში და ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს.

“ვმუშაობთ  თითქმის ყველა ასაკობრივ კატეგორიასთან. განსაკუთრებით გამოვყოფდი ხუთი-ექვსი წლის ბავშვებთან მუშაობას. მათთვის არის აქ შექმნილი სასწავლო, არაფორმალური სწავლების გარემო. ისინი აქ სწავლობენ ქართულ, ინგლისურ ენებს. ასევე, მეცადინეობენ უკრაინულ ენაში, რათა შეინარჩუნონ კავშირი სამშობლოსთან და მშობლიურ გარემოსთან. მათთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ეს ხელს უწყობს მათ ადაპტაციასა და შეგუებას ქართულ რეალობასა და გარემოში”, – ამბობს ინალიშვილი.

გიორგი ინალიშვილის თქმით, გარდა ბავშვებისა და მშობლებისა, პროგრამაში ჩართული არიან მოზარდებიც, რომლებისთვისაც შექმნილი არის შესაბამისი გარემო – მათთვის ტარდება ფილმების ჩვენებები, სადაც  მათთვის სპეციალურად შერჩეულ ფილმებს უყურებენ, შემდგომ კი დისკუსიებს მართავენ.

“აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ Happy Space წარმოდგენილია არა მხოლოდ თბილისში, ასევე ბათუმში, სადაც მსგავსი ტიპის კურსები მიმდინარეობს როგორც ბავშვებთან, ასევე მოზარდებთან და მათ მშობლებთან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათი ადაპტაცია მოხდეს ქართულ გარემოში, პარალელურად კი, არ დაკარგონ კავშირი თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან”,  – ამბობს World Vision-ის ინფორმაციისა და თემთან ურთიერთობის ოფიცერი გიორგი ინალიშვილი. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.