მთავარი,სიახლეები

„თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ვერ გავზრდი შვილებს ასეთ საქართველოში, წავალ ოჯახით“ – საჯარო მოხელე

24.04.2024 • 4560
„თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ვერ გავზრდი შვილებს ასეთ საქართველოში, წავალ ოჯახით“ – საჯარო მოხელე

„თუ რუსულ კანონს მიიღებენ, მე არ ვიცხოვრებ ასეთ საქართველოში. წავალ ოჯახით, დავტოვებ აქაურობას, რადგან „რუსეთი“ არ არის ჩვეულებრივი სიტყვა, ამის უკან არის ტერორიზმი, ეს არის კრიმინალი, ეს არის შიში, ტერორი და ჩემს შვილებს ვერ გავზრდი აქ“, – ამბობს გიორგი ტუღუში, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, მწერალი.

„ბათუმელები“ მას „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონპროექტზე ესაუბრა და ჰკითხა, როგორც საჯარო მოხელე და ამ ქვეყნის მოქალაქე, ხედავს თუ არა საშიშროებას ამ კანონში.

„მე დიდი ხანია, რაც საჯარო მოხელე ვარ, წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი საჯარო უწყებაში და ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის გამოხატვის თავისუფლება ვინმეს შეუზღუდია.

იმ საჯარო მოხელეებს კი, ვინც არ გამოხატავენ საკუთარ აზრს, ვფიქრობ უფრო თვითცენზურა აქვთ, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტალინურმა რეჟიმმა, რომელიც ჩვენს მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს მართავდა, გაუმძაფრა შეგრძნება შიშებზე.

ეს გენეტიკური მეხსიერებაა და ეს თვითცენზურაა ჩაბუდებული ბევრ ადამიანში დღესაც.

ამიტომ, ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ ადამიანებს ვინმე თბილისში წასვლას აიძულებს აქციაზე, რომელიც ხელისუფლებამ დაგეგმა 29 აპრილს. ჩემამდე არავინ მოსულა, არც ჩემს მეგობრებთან და არ უთქვამს, რომ უნდა წავიდეთ აქციაზე. ალბათ პარტაქტივზეა გათვლილი ეს აქცია და ამიტომ“, – ამბობს გიორგი ტუღუში.

მისი აზრით, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქცია, ჰაერის ნაყვაა და შედეგს ვერ გამოიღებს.

„იმ ხალხს, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას რუსული კანონის წინააღმდეგ, ხელისუფლება საკუთარ ხალხად არ თვლის. მაგრამ ჩვენი შვილების არჩევანი არის ევროპა და ჩვენ ვდგავართ შვილების გვერდით.

მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, მაგალითად მწერალთა სახლებში, საჯარო დაწესებულებებში, საპატრიარქოში, ვისი არჩევანიც არის რუსეთი.

არის ისეთი ხალხიც, ვინც იძახის, რომ ეს ყველაფერი თეატრია და შემდეგ, როცა სიღრმეებში შედიხარ და ეუბნები, რა თეატრზეა საუბარი, იქნებ ესეც გვითხრან, იცინიან, ან გეუბნებიან. „მოგცლია“ – რაღაც ასეთი დამოკიდებულებაა.

რაც შეეხება რუსულ კანონს, აქ ყველაფერი არის ძალიან მარტივად. პუტინმა პროდასავლურად განწყობილი ოპოზიცია სწორედ ამ კანონის მეშვეობით მოგუდა, აფხაზეთში არსებობდა თავისუფლების კუნძულები არასამთავრობოების სახით და სწორედ ამ კანონით განადგურდნენ.

უფრო გასაგებიც რომ იყოს რუსული კანონის მიზნები, მარტივი მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ. მაგალითად, თუ რომელიმე კეთილშობილური მიზნებით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია ბელგიიდან მე გადმომირიცხავს 5000 ევროს, ამ კანონის არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლება მიმაწებოს ესა თუ ის იარლიყი და პირდაპირ ამბობენ, რა იარლიყსაც მოგვაწებებენ – ეს არის აგენტი.

ახლა ამბობენ გავლენის მქონე, რაც იგივეა დოქს საითაც უნდათ, იქიდან მიაბნევენ სახელურს.

რა თქმა უნდა, მე არ ვეთანხმები ამ კანონის მიღებას, რადგან ეს იქნება საქართველოს სუვერენიტეტის დასასრული. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს, მთლიანობაში არ შეუძლია სურათის დანახვა, მაგრამ აქ  აღარ არის საუბარი იმაზე, ეს პარტია მოგწონს თუ ის, არამედ სასწორზე დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – ამბობს გიორგი ტუღუში.

ევროპარლამენტარებმა არაერთი განცხადება გააკეთეს და მკაფიოდ მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“ არ მიიღონ რუსული კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოსთვის არ გაიხსნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ფანჯარა.

როგორ ფიქრობთ, რატომ ჯიუტობს „ოცნება“? – ვკითხეთ გიორგის.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მივედით დასავლეთთან და ვთხოვეთ დახმარება. ისინი არ მოსულან ჩვენთან და არ დაუგლეჯიათ კალთები. დასავლეთის ქვეყნებს აქვთ ძალიან მძლავრი ეკონომიკა, დიადი კულტურა, მაგრამ რადგანაც ჰუმანისტურ საწყისებზე დგას ევროპა, თუ ქართველ ერს უნდა ჩვენს ოჯახში, დაე იყოს. ეს არის.

და ახლა უნდათ, რომ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას, კრემლისტურს, დახატოს ამის საპირისპირო, რომ თურმე გვართმევენ იდენტობას და რაღაც ასეთი.

ჟან პოლ სარტრის, კამიუს, ჰაიდეგერის და იასპერსის ერებს არაფერში არ სჭირდება ქართული იდენტობა.

აქ ძალიან მარტივია ყველაფერი – თქვენ მოდიხართ ჩემს ოჯახში და გეუბნებით, რომ ვიქეიფოთ, ჩემი თავი შემოგევლოს, დავლიოთ, მაგრამ ოთახში ორი წლის ბავშვი მყავს და სიგარეტს ნუ მომიწევ. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს აქაც.

ევროკავშირთან ინტეგრაციის დროს უნდა მოხდეს ეროვნული კანონის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, თუ გვინდა ამ ოჯახში ყოფნა. თუ არ გვინდა ევროპულ ოჯახში ვიარსებოთ, მაშინ რატომ წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ ქართველი ერის არჩევანი არის ევროატლანტიკური სივრცე?“ – ამბობს გიორგი ტუღუში.

თქვენი აზრით, რა გააჩერებს რუსულ ძალას? – ვკითხეთ მას.

„ნაპოლეონი ამბობდა, რომ დაუმარცხებელია ჯარი, არმია, რომელსაც ერი უძღვება წინ.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული პროპაგანდა ძალიან ძლიერია და ჩვენი საზოგადოების ნაწილში, ღრმად აქვს ფესვები გადგმული ამ პროპაგანდას. ამიტომ დგას დღეს რუსთაველზე, ვთქვათ 20 ათასი მოქალაქე და არა ორი მილიონი.

გავითვალისწინოთ კონფორმიზმიც – მე თუ მაქვს დღეს პური და ღვინო, ესე იგი ყველაფერი კარგადაა. უფრო სწორად, ეს პლატონის გამოქვაბულია, როცა ზიხარ და გგონია, რომ სხვაგან არაფერია ამ გამოქვაბულის გარდა.

ამ ნაჭუჭშიც ზის ბევრი დღეს, მაგრამ არსებობს სხვა ფერებიც და ეს ფერებიც უნდა ვნახოთ. ხელისუფლების წარმომადგენლების შვილები დგანან ამ აქციებზე… წარმოიდგინეთ, როგორი მძაფრი მოთხოვნა უნდა იყოს კრემლისგან, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებენ“.

თქვენ თუ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ისეთ საქართველოში, სადაც რუსული კანონი იქნება? – ვკითხეთ გიორგი ტუღუშს. „არა“ – გვიპასუხა მან.

„თუ ეს კანონი მივიღეთ, საქართველოს სუვერენიტეტი დასრულდება და საქართველოს ხელისუფლებაც დასრულდება დასავლეთისთვის იმ დღესვე.

მე არ ვიცხოვრებ ასეთ საქართველოში. წავალ ოჯახით, დავტოვებ აქაურობას, რადგან „რუსეთი“ არ არის ჩვეულებრივი სიტყვა, ეს არის ტერორიზმი, ეს არის კრიმინალი, ეს არის შიში, ტერორი და ჩემს შვილებს ვერ გავზრდი აქ“, – ამბობს გიორგი ტუღუში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: