სიახლეები

„ხეზე აყუდებული ვარლამივით არ დახვდეთ საკუთარ შთამომავლობას“ – თამადა „ოცნებას“ მიმართავს

17.04.2024 • 2817
„ხეზე აყუდებული ვარლამივით არ დახვდეთ საკუთარ შთამომავლობას“ – თამადა „ოცნებას“ მიმართავს

„მმართველო პარტიავ, ვგრძნობ, ბოლო შანსი გაქვთ, ყოველ დილით, ხეზე აყუდებული, გაციებული ვარლამივით არ დახვდეთ საკუთარ შთამომავლობას.

ჰოდა, გადაწყვიტეთ რა და რად გიღირთ?! სულ ვერ იქნებით ასე ფესვგადგმულნი და აუცილებლად მოვრეცხავთ თქვენგან დატოვებულ ჭუჭყს. საქართველოს გზა ევროპაშია!“ – წერს მომღერალი ლაშა ჩხაპელია, სასცენო სახელით – „თამადა”.

ასე ეხმაურება მომღერალი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას.

დღეს, 17 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაგრძელდება. ერთი აქცია პარლამენტის უკან 12:00 საათზე – პლენარული სხდომის დროს გაიმართება, სადაც, რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ, ხოლო მეორე – 19:00 საათზე, პარლამენტის წინ.

  •  რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა გუშინ, 16 აპრილს დაიწყო საქართველოს პარლამენტმა. კანონის განხილვას პროტესტი მოჰყვა როგორც პარლამენტში, ოპოზიციის მხრიდან, ისე ქუჩაში. მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ. რუსული კანონის განხილვა პარლამენტში დღეს, 17 აპრილს გაგრძელდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: