განათლება,მთავარი,სიახლეები

„მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის“ – პეტიცია

12.04.2024 • 7039
„მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის“ – პეტიცია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებენ.

პეტიცია დღეს, 12 აპრილს გავრცელდა, სადაც პედაგოგები საუბრობენ იმ საფრთხეზე, რაც ამ კანონის მიღებას მოჰყვება.

„ხვალ უკვე შესაძლებლობა წართმეულ საქართველოში გავიღვიძებთ და საკლასო კედლებში არც დემოკრატიის პრინციპებზე საუბარს ექნება აზრი“ – წერენ პედაგოგები.

„ბათუმელები“ გთავაზობთ პეტიციის ტექსტს უცვლელად:

„14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 46 წლის წინ, ამ დღეს, საბჭოთა მძიმე უღლის მიუხედავად, საქართველომ შეძლო დაეცვა საკუთარი იდენტობა, ენა. ვერანაირმა საფრთხემ ვერ შეუშალა ხელი ახალგაზრდების, მასწავლებლების, აკადემიური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სხვა სფეროების წარმომადგენლების გაერთიანებას.

დღესაც ასეთი გაერთიანება გვჭირდება – დაპირების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ისევ მზადაა მიიღოს რუსული კანონი, რაც საბოლოოდ შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობის ბრძოლითა და თავგანწირვით გაჩენილ შესაძლებლობას, საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს.

ასეთ დროს, უპირველესად, ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ ხმამაღლა, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის.

დღეს თუ არ დავარქვით სახელი მოვლენებს, ხვალ უკვე შესაძლებლობა წართმეულ საქართველოში გავიღვიძებთ და საკლასო კედლებში არც დემოკრატიის პრინციპებზე საუბარს ექნება აზრი და არც ქართული მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის ძეგლების მნიშვნელობაზე.

სრულად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების წნეხი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე ძალიან დიდია, არცერთ მმართველ პარტიას არ მოსწონებია დამოუკიდებელი, ავტონომიური, ნომენკლატურულ დღის წესრიგს გაცდენილი მასწავლებელი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება, მაგრამ ჩვენი ერთგულება პროფესიისადმი და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე ყველა წნეხზე დიდია!

2023 წლის მარტის განსაკუთრებული დღეების მსგავსად, კიდევ ერთხელ ერთად დავდგეთ ისტორიის მართალ მხარეს და დავწეროთ ისტორიის ღირსეული ფურცელი! მასწავლებლების ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!“  – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ლადო აფხაზავა, სოფო გოგოხია და როლანდ შავაძე არიან.

___________

ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს“. 2023 წლის მარტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: