სიახლეები

წიგნები ბათუმში სამი წლის გახდა

09.07.2016 • 3121
წიგნები ბათუმში სამი წლის გახდა

მაღაზია „წიგნები ბათუმში“ მკითხველს ახალ წიგნებს „მხედვარის“ მესამე ნაწილს და ეკა ქევანიშვილს კრებულს სთავაზობს.
გამომცემლობის „წიგნების ბათუმში“ – გამოცემები საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფასდაკლებებით გაიყიდება. „მაღაზია წიგნები“ ბათუმში სამი წლის გახდა.

გამომცემლობის დირექტორის ინფორმაციით კვირეულის ფარგლებში გამოვა ასევე ახალი ფენტეზის საგა ტერი გუტკაინდის „ჯადოქრის პირველი წესი“ და „ჭიანჭველების“ ტრილოგიის მესამე წიგნი.

„წიგნები ბათუმში“ – ს ისტორია ასე დაიწყო:

„საშინლად მინდოდა საკუთარი წიგნის მაღაზია, მაგრამ ხმამაღლა ვერც ვბედავდი ამის გაფიქრებას და ჩემს ოცნებას გამწარებული ვუკეთებდი ალიკაპს პირზე. ვფიქრობდი, მერე, ასაკში… მერე, ოქტომბრის ერთ საღამოს ირაკლი შევიყვარე და აღმოჩნდა, რომ ის ოცნებობდა ზღვისპირას დასახლებასა და წიგნების მაღაზიაზე, ოღონდ მერე, ასაკში… მერე ერთ დღეს ჩვენ ვთქვით, რატომ ასაკში, რატომ არა ახლა, სანამ ახალგაზრდები, ლამაზები, ჯანმრთელები და ენერგიულები ვართ, სანამ ყველაფერი აღგვაფრთოვანებს, სანამ გვაქვს დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა, სანამ შეგვიძლია, რამე ლამაზის დანახვაზე ცრემლი მოგვადგეს… დიახაც, რატომაც არა, ზუსტად აქ და ახლაო – ვთქვით ჩვენ და ავისრულეთ ის, რაც აუსრულებელი და მიუღწეველი ჩანდა,“ – ამბობდა მარი კორინთელი, მეაღაზიის ერთერთი მფლობელი „ბათუმელებთან“ საუბარში.

დაარსების შემდეგ მაღაზიამ „წიგნები ბათუმში“ ბევრი პროექტი წამოიწყო, ბევრი მკითხველი შემოიკრიბა და გამომცემლობის გაკეთების იდეაც გაჩნდა, რაც მალევე რეალობად იქცა. 2014 წელს მაღაზიამ „წიგნები ბათუმში“ ამავე სახელწოდების გამომცემლობა გახსნა.

2015 წლის თებერვალში გამომცემლობამ ერთდროულად შვიდი წიგნი ფილიპ დიკის „კაცი მაღალ კოშკში“, დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისათვის“, ბორის და არკადი სტრუგაცკების „ძნელია ღმერთობა“, როალდ დალის „არაჩვეულებრივი ბატონი ფოქსი“, მორის დრიუონის „მწვანეთითება ტისტუ“ და კეტრინ პეტერსონის „ხიდი ტერაბითიაში“ გამოსცა.

13639429_1379284555434300_845706269_o

სამომავლო გეგმებსა და მკითხველთან ურთიერთობაზე „ბათუმელებს“ გამომცემლობის დირეტორი ირაკლი ბაკურიძე ესაუბრა:

„ქალაქში ჩვენთან არის რამდენიმე კატეგორიის მკითხველი, ყველაზე მრავალრიცხოვანი ახალგაზრდების ჯგუფია, სადღაც 10 წლის ასაკიდან 25-26 წლამდე ახალგაზრდები ერთიანდებიან. რომლებიც კითხულობენ როგორც კლასიკას ასევე ძალიან მაგრად კითხულობენ თანამედროვე პროზას. მუდამ საქმის კურსში არიან სად რა გამოდის , ვთქვათ რა გამოდის ევროპაში, ამერიკაში. მუდამ პულსზე უჭირავთ ხელი. კიდევ არის ჯგუფი, რომლებიც ყიდულობენ შვილებისთვის წიგნებს ან წიგნებს რომლებიც ოჯახში უნდა ჰქონდეთ და არის კიდევ მცირე ჯგუფი, რომელებიც კითხულობენ ყველაფერს რაც გამოდის.
ჩვენ ვართ ძალიან ამაყები, რომ ბათუმში შიქმნა ძალიან დიდი წრე, რომლებთან ერთადაც ვმუშაობთ. დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ გადავწყვიტეთ გამომცემლობის გახსნა გამომდინარე იქედან, რომ ამ ადამიანებმა უკვე მოთხოვნები წამოგვიყენეს თუ რა ჭირდებოდათ მათ ქართულ ენაზე. ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს წიგნები ქართულადაც გვინდოდა.
დაფუძნების დღიდან ველოდებით უკუკავშირს, ე.წ ფიდბექებს. რაც მაღაზია გაიხსნა მას შემდეგ ადაამიანებს ვთავაზობთ რაღაც პროდუქტს და ველოდებით როგორი იქნება მათგან რეაქცია და ამის მიხედვით ვვითარდებით, ბათუმის გარეთაც უამრავი მკითხველი ჰყავს ჩვენს მაღაზიას, თბილისიდან ჩამოდიან, რომ წიგნები ჩვენს მაღაზიაში იყიდონ, გვყავს ადამიანები, რომლებიც მთელ დღეს აქ ატარებენ, ცხოვრობენ ჩვენთან. ჩვენთან ერთად მუშაობენ , ჩვენ რაც შეგვიძლია არის ის, რომ შევქმნათ გარემო და გამოვცეთ წიგნები”.

მაღაზია „წიგნები ბათუმში“ სამი წლის გახდა.

მაღაზია „წიგნები ბათუმში“ სამი წლის გახდა.

გადაბეჭდვის წესი