სიახლეები

”წიგნები ბათუმში” გამომცემლობას ხსნის

10.10.2014 •
”წიგნები ბათუმში” გამომცემლობას ხსნის

მარი, რატომ გადაწყვიტეთ გამომცემლობის გახსნა?

ვგრძნობდით, რომ კიდევ რაღაც უფრო მეტი იყო საჭირო, არ შეიძლებოდა ერთ ადგილზე გაჩერება და თვითკმაყოფილებას მიცემა. თავიდან ვფიქრობდით, ხომ არ გავფართოვებულიყავით ან თბილისში ხომ არ გაგვეხსნა ფილიალი, მაგრამ გადავიფიქრეთ იმ მიზეზის გამო, რომ „წიგნები ბათუმში“ ერთადერთი იყოს და მსგავსი ამ ფორმატით არ განმეორდეს. გამომცემლობა გადავწყვიტეთ იქედან გამომდინარე, რომ ძალიან შემოქმედებითი, აქტიური პროცესია, უფრო მეტად, უშუალოდ ხარ ლიტერატურულ პროცესებში ჩართული, ვიდრე მაღაზიიდან.

პირველ რიგში რის გამოცემას გეგმავთ?

ადგილობრივი ავტორების გამოცემას ჯერ არ ვგეგმავთ. მართალია გამომცემლობას ქვია ”წიგნები ბათუმში” და იგი ბათუმთან ასოცირდება, მაგრამ ვიწყებთ უცხოელი ავტორებით. კონკრეტულად ფანტასტიკის სერია გვინდა წამოვიწყოთ, იმიტომ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ ენაზე ძალიან ჭირს, რთული მოსაძიებელია, მოთხოვნა არის ძალიან დიდი და აქედან გამომდინარე დავიწყებთ რამდენიმე ძალიან პოპულარული ავტორით. შემდეგ უკვე ვგეგმავთ მოზარდებისთვის განკუთვნილი წიგნების გამოცემას და სერიის გარეთ რა თქმა უნდა სხვა, არაფანტასტი, საქართველოსთვის უცნობი ისეთი თარგმანების გამოცემას, რაც რაღაცას შემატებს ქართველ მკითხველს.

რა მოლოდინი გაქვთ, რამდენად წარმატებული და მოთხოვნადი იქნება გამომცემლობა ბათუმში?

ვფიქრობ, მოთხოვნადი აუცილებლად იქნება იქედან გამომდინარე, რომ რაღაცნაირად კარგი ტონი გახდა წიგნის კითხვა, რაც ძალიან კარგია. მე რომ ვუყურებ ახალგაზრდებს, მოზარდებს განსაკუთრებით, სირცხვილადაც კი ითვლება, თუ რომელიმე პოპულარული წიგნი არ გაქვს წაკითხული. ეჯიბრებიან ბავშვები ერთმანეთს, ვინ მეტს მოასწრებს, ვინ მეტს წაიკითხავს და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ იქნება მოთხოვნადი. თან ისე ვარჩევთ წიგნებს, რომ ვიწრო ასაკობრივ წრეზე არ იქნება გათვლილი.

გადაბეჭდვის წესი